21 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც, მისი ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილი, იაირ ნეთანიაჰუ ჩანს. ავტორის მკიცებით, ფოტო 2023 წლის ისრაელ-ჰამასის ომის მიმდინარეობის პარალელურად მაიამიში, აუზზეა გადაღებული. ასევე, ვრცელდება (1;2) ნეთანიაჰუსა და მისი კიდევ ერთი შვილის, ავნერ ნეთანიაჰუს ფოტოც, რომელზეც წერენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ის ჯარში გააცილა.
ფოტოები გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშებზეც (1;2;3).
ისრაელის პრემიერ-მინისტრის შვილებზე ფოტომანიპულაციები ვრცელდება. იაირ ნეთანიაჰუს ფოტო 2015 წელს თელ-ავივის აუზზეა გადაღებული, ავნერ ნეთანიაჰუს ფოტო კი – 2014 წელს, როცა ის ჯარში გაიწვიეს.
ინფორმაცია, თითქოს ფოტოზე ჩანს, როგორ ისვენებს იაირ ნეთანიაჰუ ისრაელ-ჰამასის ომის მიმდინარეობის პარალელურად მაიამიში აუზზე, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ფოტო 2015 წლისაა და სტატია, რომელშიც პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოებია გამოყენებული, ადგილობრივ გასართობ ვებ-საიტ Pplus-ზე კვლავ იძებნება.

სტატიაში მითითებულია, რომ პაპარაცული ფოტოები თელ-ავივში მდებარე აუზზეა (Gordon Pool) გადაღებული.

რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიაჰუს უმცროსი შვილის, ავნერ ნეთანიაჰუს ფოტოს, რეალურად, ფოტო არა 2023 წელს, არამედ 2014-შია გადაღებული, როცა მან სავალდებულო სამხედრო სამსახური დაიწყო. ფოტო, რომელშიც ჩანს, როგორ აცილებენ შვილს მშობლები ჯარში, ადგილობრივმა მედია The Times of Israel-მა 2014 წლის 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა.

გავრცელებული ფოტო უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც შეამოწმეს (1;2;3).
ამჟამად, სანდო ებრაულ მედიაში არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს რომელიმე შვილი ფრონტის ხაზზეა და ჰამასის წინააღმდეგ იბრძვის.
ისრაელში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულმა კაცებმა, მინიმუმ, 32 თვე უნდა იმსახურონ, ქალებმა კი, მინიმუმ, 23. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი აქვს ბენიამინ ნეთანიაჰუს ორივე შვილს.
წყაროს შესახებ
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.