2-4 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1, 2, 3), რომ ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ აღიარა, რომ ბავშვთა ვაქცინების უსაფრთხოებაზე არასათანადო კვლევები ჩატარდა. მომხმარებელი ავრცელებს სტატიის სქრინშოტს, სათაურით: “ფაუჩი აღიარებს, რომ ბავშვთა 72 სავალდებულო ვაქცინადან არც ერთს გაუვლია უსაფრთხოების შემოწმება.”
გასული წლის დეკემბერში იდენტურ ინფორმაციას რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშებიც ავრცელებდნენ.
სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ენტონი ფაუჩიმ აღიარა, რომ ბავშვთა ვაქცინები უსაფრთხოების შესაბამის შემოწმებას არ გადის. აღნიშნული უარყო თავად პროფესორმა ფაუჩიმაც. ინფორმაციის წყაროა კონსპირაციების თეორიების გავრცელებით ცნობილი ამერიკული გამოცემა The People’s Voice, რომელიც სტატიაში ფაუჩის აღიარების მტკიცებულებას არ წარმოადგენს. გამოცემა ინფორმაციის წყაროდ იყენებს ამერიკის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რობერტ კენედი უმცროსის საჯარო სიტყვით გამოსვლას, სადაც ამბობს, რომ მასთან ფაუჩის ადვოკატმა აღიარა შესაბამისი კვლევების არარსებობა.
2024 წლის 3 დეკემბერს გამოცემა The People’s Voice-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ფაუჩი აღიარებს, რომ ბავშვთა 72 სავალდებულო ვაქცინადან არც ერთის გაუვლია უსაფრთხოების შემოწმება.” გამოცემა ფაუჩის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და ინფორმაციას მხოლოდ რობერტ კენედი უმცროსის საჯარო გამოსვლის საფუძველზე ავრცელებს.
2023 წლის 6 მაისს რობერტ კენედი სიტყვით გამოვიდა Hillsdale College-ში, სწორედ ამ გამოსვლას იყენებს The People’s Voice სტატიაში. კენედის გამოსვლის თანახმად, ის წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ბავშვებისათვის სავალდებულო 72 ვაქცინიდან უსაფრთხოების ტესტირება არც ერთს გაუვლია, რასაც ფაუჩიმ ტყუილი უწოდა და კენედის კვლევების გაგზავნას დაჰპირდა, თუმცა, მისი თქმით, მას მსგავსი კვლევები არ მიუღია. ამის გამო, კენედიმ ფაუჩის სასამართლოში უჩივლა. სტატია არ შეიცავს მტკიცებას, რომ ფაუჩიმ მართლაც აღიარა, რომ ბავშვთა ვაქცინებს არასათანადო კვლევები უტარდებოდა. თუმცა, მასში მოყვანილია კენედის ციტატა, რომლის თანახმადაც, ფაუჩის ადვოკატმა მას უთხრა, რომ აბავშვთა სავალდებულო ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევები მათ არ ჰქონიათ.
ინფორმაციას, თითქოს მან აღიარა, რომ ბავშვებისათვის სავალდებულო 72 ვაქცინის უსაფრთხოება არასაკმარისად იყო შემოწმებული, უარყოფს ენტონი ფაუჩი. მან ამერიკულ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Lead Stories-თან წერილობითი კომუნიკაციისას აღნიშნა, რომ მსგავსი ცნობა სიმართლეს არ ასახავს. დამატებით, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) სპიკერმა განაცხადა, რომ “ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ამერიკაში ლიცენზირებული ყველა ვაქცინა გამყარებულია კარგად კონტროლირებადი კლინიკური ვკლევებით, რომლებმაც დაადასტურა მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა, და FDA განაგრძობს მათი უსაფრთოების მონიტორინგს განსხვავებული შემოწმების სისტემით, მათი ბაზარზე გასვლის შემდგომაც.”
თავდაპირველად, ამერიკაში ვაქცინებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სწავლობს. ისინი ახალ პრეპარატებს, ძირითადად, ცხოველებზე ტესტავენ. მათი გამოცდის შემდეგ ეტაპს საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია ატარებს და შესაძლოა, ტესტირებაში ადამიანებიც ჩართოს. ვაქცინების კლინიკური კვლევა სამი ეტაპისგან შედგება: უსაფრთხოების შემოწმება და დოზის განსაზღვრა (ჩართულია 20-დან 100-მდე მოხალისე), გვერდითი მოვლენები და იმუნური პასუხი (ჩართულია ასობით მოხალისე), ვაქცინის სარგებლის დადგენა (ჩართულია ათასობით მოხალიზე).
რობერტ კენედი გამოირჩევა ანტი-ვაქსერული განწყობებით და მის შეხედულებებს სამეცნიერო წრეებში ხშირად აკრიტიკებენ. კენედიმ არაერთხელ თქვა, რომ ვაქცინების უსაფრთხოება არასათანადოდ მოწმდება, ხოლო ის გამოდის ინიციატივით ვაქცინების შესამოწმებლად პლაცებო კონტროლის მეთოდი გამოიყენონ. პლაცებო არის არააქტიური ნივთიერება, რომელსაც ისეთივე გემო აქვს, მსგავსად გამოიყურება და ორგანიზმშიც გამოსაცდელი პრეპარატის მსგავსად ხვდება. რაც შეეხება პლაცებო კონტროლის მეთოდით ჩატარებულ კლინიკურ კვლევას, მასში, ძირითადად, ორი ჯგუფი მონაწილეობს: ერთი ჯგუფი იღებს პლაცებოს, მეორე კი გამოსაცდელ პრეპარატს. ახალი მედიკამენტის ეფექტურობასა და გვერდით მოვლენებს ამ ორი ჯგუფის შედარებით ადგენენ. კენედის ამ მოსაზრებას სამეცნიერო წრეებში აკრიტიკებენ (არქივი). ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, პლაცებო კონტროლის გავლა მედიცინისთვის ნაცნობი პრაქტიკაა და ამ გზით ხშირად მოწმდება ვაქცინები ახალი პათოგენებისთვის, თუმცა კენედის ინიციატივა ვაქცინები ამ გზით შემოწმდეს, გაუგებარი და არაეთიკურია. კერძოდ, მათი თქმით, პლაცებო კვლევაში ჩართული მოხალისეები არ იღებენ უკვე ნაცნობ და დამტკიცებულ პრეპარატებს. ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინები შესაბამის შემოწმებას გადის და პოლიტიკის რადიკალური ცვლილება შეასუსტებს უკვე დამტკიცებული ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობას.
თანამდებობაზე ყოფნისას ენტონი ფაუჩი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციული ცნობების გავრცელების სამიზნე. მსგავსი ცნობების შინაარსი, ძირითადად, მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ენტონი ფაუჩის შესახებ “მითების დეტექტორმა” არაერთი საეჭვო ინფორმაცია გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
The People’s Voice ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც ხშირად ავრცელეს კონსპირაციის თეორიებსა და საეჭვო ცნობებს. ის 2013 წელს დეივიდ აიკმა (David Icke) დააფუძნა. აიკი BBC-ის სპორტის მიმომხილველი იყო. მან 1991 წელს პრესკონფერენციაზე საკუთარი თავი ,,ღვთის შვილად” მოიხსენია და თქვა, რომ სამყარო მალე დასრულდებოდა. აიკი წლები ავითარებდა თავის კონსპირაციულ შეხედულებებს. მთავარი კონსპირაციის თეორია, რომლისაც მას სჯერა, ფორმის შეცვლის უნარის მქონე ხვლიკი-ილუმინატის მიერ სამყაროს მართვას უკავშირდება. The People’s Voice-ის ვებ-საიტზე ყალბი ინფორმაცია სისტემატურად ვრცელდება, რაც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.
ერთ-ერთი ფეისბუქ-ანგარიში, ვინც ენტონი ფაუჩის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ანგარიშია Tamuna Tamo. ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წერს და არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ინფორმაციაც. “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა მის მიერ გავრცელებული პოსტები.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.