3.08.23 განახლება: მასალას დაემატა “აი უცნობის” მიერ გავრცელებული პოსტი, რომელიც ფეისბუქზე მონიშვნის შემდეგ გვერდმა წაშალა.
1-2 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) მათ შორის საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ და რუსთავში პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ-გვერდმა თურქული სატირული ჟურნალის, LeMan-ის გარეკანის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის საპროტესტო აქციის კარიკატურაა დატანილი. გარეკანზე ჩანს ასევე წარწერა “Gürcü animatörler Rus turistleri eğlendirme tekelini Türklerden alıyor” – “ქართველი ანიმატორები რუსი ტურისტების გართობის მონოპოლიას თურქებს ართმევენ”.
2 აგვისტოს, მოგვიანებით, კარიკატურა “აი უცნობის” ფეისბუქ გვერდმაც გაავრცელა, თუმცა პოსტი ამჟამად წაშლილია.
აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოს გარეკანის ფოტო თავის ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა. ხოლო 2 აგვისტოს სიახლე სათაურით “ჟურნალმა LeMan ბათუმში რუსოფობიური აქციის მომწყობ ნაციონალისტებს დასცინა” კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Аргументы и Факты და Forpopst:Севастопол-მა გამოაქვეყნეს.
LeMan-ის გარეკანი გაყალბებულია. მსგავსი კარიკატურა გამოცემის ოფიციალურ საიტზე და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული არ არის. გარეკანის სიყალბე თავად გამოცემა LeMan-მაც დაადასტურა.
გავრცელებულ გარეკანზე მითითებულია ჟურნალის ნომერი 1636 და გამოსვლის თარიღი 2 აგვისტო, თუმცა სოციალურ მედიაში გარეკანის ფოტო უკვე 1 აგვისტოს გავრცელდა. გარდა ამისა, ამჟამად ჟურნალის ბოლო 1635 ნომერი 26 ივლისსაა გამოსული და გამოცემას ახალი ნომრის გარეკანის ფოტოები თავის სოციალურ მედიაში ჯერ არ გამოუქვეყნებია. 26 ივლისის ნომრის გარეკანის ილუსტრაციები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

ინფორმაცია, რომ გავრცელებული კარიკატურა ყალბია, გამოცემა LeMan-მაც დაადასტურა და თავის Тwitter-ზე ამ საკითხზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3).
27 და 31 ივლისს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande შემოვიდა, რომელმაც კრუიზი სოჭიდან დაიწყო. ორივე დღეს პორტში რუსული გემის შემოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 31 ივლისს აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, Аstoria Grande-ს სამომავალო კრუიზების მარშუტებში ბათუმი აღარ ფიგურირებს.
თურქული სატირული ჟურნალის LeMan-ის და ასევე სხვა უცხოური გამოცემების გაყალბებული გარეკანების ფოტოები, რომლებიც რუსულ პროპაგანდისტულ შინაარსს ატარებდნენ წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა:
- ნატოს სამიტის შემდეგ უცხოური გამოცემების სახელით უკრაინის პრეზიდენტზე ყალბი კარიკატურები ვრცელდება
- COURRIER INTERNATIONAL-ის სახელით უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- EL JUEVES-ის სახელით ჟურნალის მორიგი გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
- გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.