15 მარტს ფეისბუკ გვერდმა Batumi Card ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე გაავრცელა ინფორმაცია (1,2). თითქმის ერთსა და იმავე დროს გავრცელებულ ორ იდენტურ პოსტში აღნიშნულია, რომ ბათუმის ადმინისტრაციამ ყოველწლიური სამგზავრო აბონემენტი აამოქმედა და სპეციალური საშვის საშუალებით მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით წელიწადში მხოლოდ 7.09 ლარად შეძლებენ გადაადგილებას. პოსტში ნათქვამია ისიც, რომ შეკვეთის გასაფორმებლად დაინტერესებული პირები მითითებულ ბმულზე უნდა გადავიდნენ.
ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში Batumi Card-ით წელიწადში 7 ლარად მგზავრობაზე ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის მიზნით შექმნილი ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. რეალურად, ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ამ ტიპის მომსახურებას მომხმარებებლებს არ სთავაზობს. თაღლითური გვერდი მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის ბანკის ბარათის მონაცემების მოპოვებას ცდილობს.
ახლადშექმნილი ფეისბუკ გვერდი Batumi Card მომხმარებლებს სპეციალურ ფასად მგზავრობას ჰპირდება და ყალბი ანგარიშების გამოყენებით სანდოობის შექმნას ცდილობს. იდენტური მეთოდებით მოქმედებდა ფეისბუკ გვერდი Metromoney, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებს თბილისის მასშტაბით გადაადგილებას წელიწადში მხოლოდ 7,09 ლარის სანაცვლოდ ჰპირდებოდა. თაღლითურად მოპოვებული მონაცემებისა და საბანკო ბარათის დეტალების მოპოვების შემდეგ, Metromoney-მ მომხმარებლებს ჯერ 7,09 ლარი ჩამოაჭრა, შემდეგ კი ანგარიშიდან უფრო დიდი თანხის ჩამოჭრას შეეცადა.
ვრცლად გაეცანით სტატიას: “მეტრომანით” წელიწადში 7 ლარად მგზავრობის შესახებ ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს
-
რას აცხადებს ბათუმის სატრანსპორტო კომპანია?
19 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმელი მგზავრები გადაადგილებას მთელი წლის განმავლობაში 7,09 ლარად შეძლებენ, ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია გამოეხმაურა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ტანსპორტით უფასო მგზავრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “ბათუმის ავტოტრანსპორტი” ასევე სთხოვს მოქალქეებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ნებისმიერი ინფორმაცია ოფიციალურ გვერდებსა და ცხელ ხაზზე გადაამოწმონ.
-
რა ვიცით ფეისბუკ გვერდის Batumi Card და პოსტში მითთებული ვებსაიტის შესახებ?
ფეისბუკ გვერდი Batumi Card მსგავსად გვერდისა Metromoney, რომელიც მომხმარებლებს თბილისში სპეციალურ ფასად მგზავრობას სთავაზობდა, 2025 წლის 15 მარტს შეიქმნა. გვერდს 21 მარტის მდგომარეობით მხოლოდ 165 გამომწერი ჰყავს. გვერდს კატეგორიის ველში მოგზაურობა, ტრანსპორტი (Travel and transport) აქვს მითითებული და იგივე ტექსტი გვხვდება გვერდის აღწერის ნაწილშიც (Intro).

სანდოობის შექმნის მიზნით გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტზე ყალბი ანგარიშები (Claire Morel, Luisa Federico, Amélie Dupont, Carolina Bergamo) ტოვებენ კომენტარებს. კომენტარები ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული აქციით ამ ადამიანებმა უკვე ისარგებლეს, ან უნდათ, რომ ისარგებლონ. რეალურად, ეს ანგარიშები, რომელთაც არაქართულენოვანი სახელები და გვარები აქვთ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იპარავენ. აღსანიშნავია, რომ ამ ყალბი ანგარიშების ნაწილი ინდენტურ კომენტარებს Metromoney-ის გვერდზეც ტოვებდა.
პოსტში მითითებული ბმული 21 მარტის მდგომარეობით, აქტიური არ არის, თუმცა, მითითებული ვებსაიტის IP მისამართი, წინა თაღლითური ვებ-საიტის მსგავსად, აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარეობს და 2024 წლის ნოემბერში არის შექმნილი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.