30-31 მარტს საინფორმაციო სააგენტოებმა “ჯორჯიან თაიმსი” (1, 2, 3), “საქართველო და მსოფლიო”, “თვალსაზრისი”, “პუბლიცისტი” გამოაქვეყნეს იდენტური სტატია, სახელწოდებით “ბართოლომეოსი „დიფ სტეიტის“ ნაწილია – საქართველოში შეუმჩნეველი არ რჩება კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოლიტიკა”. სტატია ეხება თბილისში თურქეთის საელჩოსთან კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბართოლომეოსი (ბართლომე I), “რომელიც ჩემულობს მსოფლიო პატრიარქობას”, დიფ სტეიტის ნაწილია, აშშ-ის პოლიტიკას ატარებს და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. როგორც სტატიაში აღნიშნავენ, აქციის ორგანიზატორების თქმით, პატრიარქმა “საეკლესიო კანონების დარღვევით, ერთპიროვნულად მიანიჭა უკრაინის არაკანონიკურ ეკლესიას ტომოსი ანუ საეკლესიო წესდება, რის უფლებაც მას არ ჰქონდა”.
სტატიის იდენტური სათაურისა და ტექსტის მიუხედავად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ გამოცემებს სტატია დამოუკიდებლად არ მოუმზადებიათ და ერთსა და იმავე წყაროს ეყრდნობიან, არც ერთ მათგანს წყარო მითითებული არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ მედია სააგენტო “თვალსაზრისის” სტატია ორენოვანია და ქართული ტექსტის ქვეშ, მის რუსულ თარგმანსაც ვხვდებით. ასევე, იგივე შინაარსის ინფორმაცია, თუმცა განსხვავებული ტექსტით, ორივე ენაზე გამოქვეყნდა სპუტნიკის ქართულ და რუსულენოვანი გამოცემის საიტებზე.
მტკიცება, თითქოს ბართოლომეოსის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება უკანონო იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, კონსტანტინოპოლის პატრიარქს მსგავსი აქტის განხორციელების უფლება აქვს და ეს არ ეწინააღმდეგება არსებულ საეკლესიო კანონებს. ამასთანავე, ისტორიულად სწორედ ეს საპატრიარქო არის უკრაინული ეკლესიის დედა ეკლესია.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბართოლომეოსის 2019 წლის 5 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ერთპიროვნული იყო, რაც საეკლესიო კანონების დარღვევაა. ამით აქციის ორგანიზატორები მიანიშნებენ, რომ ავტოკეფალიის მისანიჭებლად საჭიროა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობა, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქის, ათენაგორას ცნობით, საეკლესიო კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციფიკური კანონი, რომელიც ავტოკეფალიის მინიჭებას არეგულირებს, ამიტომ ეს პროცესი ძირითადად ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება. როგორც თეოლოგმა გურამ ლურსმანაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, ავტოკეფალიის მინიჭების უფლება აქვს მხოლოდ დედა ეკლესიას, ან მსოფლიო პატრიარქს. ეს უკანასკნელი კი ეკლესიას არ გადასცემს ტომოსს იმ შემთხვევაში, თუ საეკლესიო საზღვრები არ ემთხვევა საერო საზღვრებს. აქედან გამომდინარე, ბართოლომეოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების სრული უფლება ჰქონდა, რადგან ისტორიულად სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესია ითვლება დედა ეკლესიად.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა არ აღიარებდა უკრაინის ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) ავტოკეფალიას. ეს საკითხი ეკლესიების ლიდერებმა 2019 წლის 18 აპრილსაც განიხილეს, რა დროსაც მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან დამატებით მოლაპარაკებებს გამართავდნენ. თუმცა, მათმა ნაწილმა იმავე წელსვე აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მათ შორის პირველი იყო ელადის (საბერძნეთის) ეპარქია, რომელსაც მალევე მიბაძეს ალექსანდრიის და კვიპროსის საპატრიარქოებმა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებენ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან და მათთან ერთად საღვთო მსახურებასაც მართავენ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ უღიარებია არც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
მანიპულაციური და მცდარი ინფორმაციები, თითქოს უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭება საეკლესიო კანონების დარღვევით მოხდა და მის ავტოკეფალიას არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს, წარსულშიც არაერთხელ ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ ჩვენს მასალებში:
- “სტალინი” უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ და კრემლის 3 მითი
- “სტალინის” 2 ტყუილი უკრაინის და კონსტანტინოპოლის ეკლესიების შესახებ
- პოროშენკოს როლი უკრაინის ავტოკეფალიის პროცესში – დაარღვია თუ არა მან უკრაინის კონსტიტუცია?
- 5 დეზინფორმაცია უკრაინის ეკლესიასა და მსოფლიო პატრიარქზე
- მტკიცება, თითქოს უკრაინის ავტოკეფალია არცერთ “მართლმადიდებელ ქვეყანას” არ უღიარებია, მცდარია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.