1-7 სექტემბერს რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები (1;2;3;4) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას ადრენოქრომის ქსელის მსხვერპლი ათასობით ბავშვის საფლავი აღმოაჩინეს. პოსტებში აღნიშნულია, რომ ამ ქსელის არსებობას დეკლასიფიცირებული სამთავრობო დოკუმენტები, მათ შორის, ფედერალური კონტრაქტები, ჩეკები, სახელები, თარიღები და ფარული ჩანაწერები ადასტურებს. პოსტებში განმარტებულია, რომ ადრენოქრომით ვაჭრობის ინდუსტრია 48 მილიარდ დოლარის მოცულობისაა და ის ბარაკ ობამას, ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ორგანიზაცია “Planned Parenthood-ს” უკავშირდება. პოსტებს ინგლისურ და რუსულენოვანი სტატიების სქრინშოტები აქვს დართული. ასევე, პოსტების ნაწილი წყაროდ 8 News Now-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიას ასახელებს.

ვრცელება კონსპირაციის თეორია, თითქოს ბარაკ ობამას კავშირი აქვს “ადრენოქრომის ბიზნესთან” და ლას ვეგასთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავებთან. ინფორმაციის პირველწყარო კონსპირაციის თეორიების გავრცელებით ცნობილი ამერიკული გამოცემა The People’s Voice-ია, რომელსაც სტატიაში ინფორმაციის დამამტკიცებელი საბუთები არ მოჰყავს. ლას ვეგასის სიახლოვეს ადამიანების ფერფლის აღმოჩენა ბარაკ ობამას, ან აბორტირებული ნაყოფის ქსოვილით ვაჭრობას არ უკავშირდება.
- რას ემყარება The People’s Voice-ის სტატია?
სქრინშოტი, რომელიც გავრცელებულ პოსტებს აქვს დართული გამოცემა The People’s Voice-ის (ხალხის ხმა) 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას ასახავს. პოსტებში გაჟღერებული მტკიცებები სწორედ ამ სტატიას ემყარება. სტატიის მიხედვით, ამერიკაში აღმოჩენილი ათასობით ბავშვის საფლავი ადრენოქრომის სავაჭრო ქსელთანაა დაკავშირებული, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა უძღვება. სტატიაში დეტალურადაა აღწერილი რისთვის იყენებენ ჯერ არდაბადებული და აბორტირებული ნაყოფის სისხლსა და ორგანოებს. ადრენოქრომის ქსელში მონაწილეობაში კომპანია Planned Parenthood-იცაა დადანაშაულებული. წყაროებად სტატიაში დეკლასიფიცირებული სამთავრობო კონტრაქტები, ინვოისები, ჩეკები, სახელები, ფარული ჩანაწერები და თარიღებია დასახელებული, თუმცა სტატიაში მსგავსი დოკუმენტები წარმოდგენილი არაა.
სტატიას დართული აქვს 21 წუთიანი სატელევიზიო გადაცემის ფორმატის ვიდეო, რომელშიც რამდენიმე ვიდეოა ნაჩვენები, რომლებსაც წამყვანი ობამასა და ადრენოქრომის ქსელთან აკავშირებს.
ვიდეოში გამოყენებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ექიმი ლი მერიტი ჩანს, რომელიც ადრენოქრომის მისაღებად აბორტირებული ნაყოფის გამოყენებაზე საუბრობს. მერიტი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გახდა ცნობილი, როდესაც ის სხვადასხვა გადაცემაში პანდემიის შესახებ მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციებს ავრცელებდა, მაგალითისთვის, მერიტი ამტკიცებდა, რომ SARS-CoV2 ვირუსი გენმოდიფიცირებული ბიოლოგიური იარაღია და რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსით გარდაცვალების რისკებს ზრდიდა. ლი მერიტი ასევე ამტკიცებდა, რომ პანდემია გლობალური შეთქმულების ნაწილია, რომელიც მოსახლეობის სოციალურ კონტროლს ისახავს მიზნად. The People’s Voice-ის ვიდეოში გამოყენებული ფრაგმენტი ინსტაგრამ გვერდს Wellness Radar-ს ეკუთვნის, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე აქვეყნებს ვიდეოებს. აღნიშნულ ფრაგმენტში მერიტი სვამს კითხვას თუ რატომ ხდება ყოველწლიურად 63 მილიონი აბორტი აშშ-ში. რეალურად ეს რიცხვი ბევრად ნაკლებია, სხვადასხვა მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გასულ წელს მილიონამდე აბორტი გაკეთდა (1; 2; 3).
The People’s Voice-ის ვიდეოს ძირითადი ნაწილი ორგანიზაცია Planned Parenthood-ს ეთმობა. ორგანიზაციის მხილების მიზნით ვიდეოში ორი ფარულად გადაღებული ვიდეო ფრაგმენტია მოყვანილი. პირველ ვიდეო ფრაგმენტში Planned Parenthood-ის თანამშრომლები ჩანან და ისმის საუბარი აბორტის პროცედურასა და აბორტირებულ ნაყოფზე, ხოლო მეორეში Planned Parenthood-ის სამედიცინო განყოფილების დირექტორი მერი გატერი ჩანს, რომელიც უცნობ პირებს ორგანოებსა და მათ ფასებზე ესაუბრება. ორივე ვიდეო 2015 წლიდან ვრცელდება (1; 2) და ნაწილია იმ ვიდეოების სერიისა, რომლებიც აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ფარულად ჩაწერეს და გამოაქვეყნეს. ვიდეოები ამერიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც ქვეყნის კონგრესში მოსმენები მოყვა. მერი გატერის ვიდეოსთან დაკავშირებით, Planned Parenthood-მა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თანხის საკითხი ეხებოდა ქსოვილის მოპოვების ხარჯების ანაზღაურებას (და არა თავად ქსოვილის შესყიდვას) რაც აბსოლუტურად ლეგალურია. გამოძიებამ Planned Parenthood-ის კავშირი აბოტირებული ემბრიონების ან ბავშვების ორგანოებით ან ქსოვილით ვაჭრობასთან ვერ დაადგინა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ფარულად გადაღებისა და გავრელებისათვის აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტი დევიდ დალეიდენი გასამართლდა, რომელიც Center for Medical Progress-ის დამფუძნებელია. იგი და მისი თანამოაზრე და თანამზრახველი სანდრა მერიტი კალიფორნიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
Planned Parenthood რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს და ის შეერთებულ შტატებსა და სხვა არაერთ ქვეყანაში რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და სექსუალური განათლების მიწოდების კუთხით საქმიანობს.
The People’s Voice-ის ვიდეოში ასევე გვხვდება ფრაგმენტი ინტერვიუდან, რომელშიც კონსერვატიული აქტივისტების ჯგუფის Judicial Watch-ის პრეზიდენტი, ტომ ფიტონი ობამას დანაშაულზე საუბრობს. იგი საუბრობს ობამას პრეზიდენტობის დროს აბორტის შედეგად არდაბადებულ ბავშვების ორგანოების გაყიდვაზე, რომელიც, მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციას უკავშირდება. ფიტონი ბარაკ ობამას დანაშაულებზე საუბრისას არ ეყრდნობა ოფიციალურ ანგარიშებსა და მტკიცებულებებს. ვიდეოში ჩნდება ერთადერთი ანგარიში, რომელშიც ბარაკ ობამას სახელი პირდაპირ არ ფიგურირებს.

ვიდეო საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (International Criminal Court – ICC) ტვიტის სქრინშოტსაც შეიცავს, რომელშიც ვკითხულობთ: “ბარაკ ჰ. ობამა სასწრაფოდ უნდა გასამართლდეს”. სქრინშოტი გაყალბებულია, მსგავსი შინაარსის ტვიტი ICC-ის X-ის გვერდზე არ იძებნება.

The People’s Voice-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე კონსპირაციის თეორიები და გადაუმოწმებელი ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმო ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეებს დასჯის
- აღიარა თუ არა ენტონი ფაუჩიმ, რომ ბავშვთა ვაქცინების უსაფრთხოებას არ ამოწმებდნენ?
- ითხოვს თუ არა ბილ გეითსი სამხედრო ძალების ჩართულობით მოსახლეობის აცრას?
- დეზინფორმაცია, თითქოს Financial Times-მა “ქიმტრეილების” არსებობა აღიარა
- მასობრივი საფლავები ლას ვეგასის მახლობლად
მასობრივ საფლავებზე ინფორმაციის პირველწყარო ნევადას შტატში მოქმედი ტელევიზია 8 News Now-ა, რომელიც 25 აგვისტოს წერდა, რომ ლას ვეგასის მახლობლად ადგილობრივმა პირმა კრემაცია ჩატარებული ადამიანების ფერფლის გროვები აღმოაჩინა. ტელევიზიის მიხედვით, საკითხზე ლას ვეგასის მიწის მართვის ბიურომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

ტელევიზია არ წერს, რომ ეს მოვლენა ბავშვებს, აბორტირებულ ნაყოფებს ან მათი ორგანოებით ვაჭრობის ქსელს უკავშირდება. შემთხვევა კონსპირაციის გასავრცელებლად The People’s Voice-მა გამოიყენა.
- კონსპირაცია ადრენოქრომის “ბიზნესის” გარშემო
Spinoff-ის თანახმად ადრენოქრომი ქიმიური ნაერთია, რომელიც ადრენალინის ოქსიგენაციით (ჟანგბადთან მიერთებით) მიიღება. კონსპირაციის თეორიებში ადრენოქრომი მისტიური, ფსიქოდელიური საშუალებაა, რომელიც მსოფლიო ელიტების სატანურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. მათი მტკიცებით ისინი ბავშვებს აწამებენ რომ მათგან ოქსიგენირებული შიშის ჰორმონი (ადრენალინი) მიიღონ და ის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენონ. კონსპირაცია მჭიდრო კავშირშია სხვა ასევე ფართოდ გავრცელებულ შეთქმულების თეორიებთან, როგორებიცაა “დიფ სთეითი” და “Q”. “მითების დეტექტორმა” წარსულში კონსპირაციასთან დაკავშირებული არაერთი ყალბი მტკიცება შეისწავლა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















