31 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის, მაკდონალდსის ბურგერის ყუთი ჩანს, წარწერით ,,ბაფომეტი”, მის გვერდზე კი ბაფომეტის პატარა გამოსახულება დევს. გავრცელებული ფოტო შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მაკდონალდსს სერია აქვს, სახელად ,,ბაფომეტი”.
მაია თვალავაძე ვიდეოკოლაჟსაც აზიარებს, რომელიც მსგავსი ვიზუალის ფოტოებითაა აწყობილი.
მტკიცება, თითქოს მაკდონალდსმა ბურგერების სერია ,,ბაფომეტი” გამოუშვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სწრაფი კვების ობიექტს მსგავსი ბურგერები და სათამაშოები არ აქვს, ხოლო ფოტოები ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა შექმნილი.
გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მაკდონალდსის ბურგერის ყუთზე ,,ბაფომეტი” წერია. ბაფომეტი გამოგონილი კერპი ან ღვთაებაა. თავდაპირველად, მის თაყვანისცემაში ტამპლიერთა ორდენის წევრებს ადანაშაულებდნენ, მოგვიანებით კი ის სხვადასხვა ოკულტურმა და მისტიკურმა მწერლებმაც აიტაცეს. ბაფომეტი პირველად XI საუკუნის წერილში ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ანტიოქიის ალყის კონტექსტშია ნახსენები.
ფოტოზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული. მაგალითად, თუ ბურგერის ყუთის ერთ მხარეს წარწერა “ბაფომეტი”, ბურგერი და მაკდონალდსის ლოგოა გამოსახული, ყუთის მარცხენა მხარეს ლოგო არასრულად ჩანს, ბურგერიც სხვანაირია და ბაფომეტიც არ აწერია. ასევე, ყუთის წინა მხარეს სიტყვა ბაფომეტში ,,m” ხარვეზითაა დაწერილი და არათანაბრად გამოიყურება.
მაკდონალდსის ოფიციალურ ვებსაიტზე მსგავსი ბურგერი არ იძებნება. მის შესახებ ინფორმაცია არც ღია წყაროებში, სანდო მედიების მიერაა გავრცელებული.
ფოტო ამერიკულმა ფაქტები გადამოწმების პორტალმა, Snopes-მაც გადაამოწმა.
მაკდონალდსთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი ცნობები წარსულშიც გავრცელდა, მათი მიზანი სწრაფი კვების რესტორანზე შეთქმულების თეორიების გამყარება ან ,,მაკდონალდს საქართველოს” დისკრედიტაციის მცდელობაა. მსგავსი მტკიცებების ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
- მანიპულაცია, თითქოს მაკდონალდსი რუსეთში რუსული ბრენდების ქვეშ აგრძელებს მუშაობას
- რა არის მაკდონალდსის ,,საიდუმლო ინგრედიენტი”?
- დეზინფორმაცია, თითქოს თემურ ჭყონია რუსეთში წლის ბიზნესმენად დასახელდა
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.