ვრცელდება ძველი ვიდეო, თითქოს ბალტიის ქვეყნები რუსეთის მიმართ პოლიტიკას ცვლიან

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ბალტიის ქვეყნები
59
VIEWS

პირველ თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ  ბალტიის ქვეყნების – ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლება იძულებულია შეცვალოს რუსოფობიური რიტორიკა და აღიაროს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აუცილებლობა. ვიდეოში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტი  წარმოჩენილია, როგორც ლატვიის პოლიტიკური კურსის შეცვლის დასტური. ასევე, სიუჟეტში საუბარია ესტონეთის მიერ რუსეთის მიმართ გადადგმული „პირველი ნაბიჯების“ შესახებ, მათ შორისაა, პრეზიდენტის მოსკოვში განხორციელებული ვიზიტი და ესტონეთის ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში. 

პოსტის აღწერა ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით დამთბარია, ავტორი კი, კომენტარებში ამტკიცებს, რომ ლიდერების რუსეთში ვიზიტი ამ პერიოდში მიმდინარეობს.

Untitled 1 ვრცელდება ძველი ვიდეო, თითქოს ბალტიის ქვეყნები რუსეთის მიმართ პოლიტიკას ცვლიანსიუჟეტი, რომელიც ბალტიის ქვეყნების ლიდერების რუსეთში ვიზიტებს ასახავს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, ესტონეთის პრეზიდენტი პუტინს 2019 წელს შეხვდა, ხოლო  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი, რუსეთში 2015 წელს იმყოფებოდა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის მიმართულებით მკაცრი ზომები მიიღეს.

სიუჟეტი, რომელიც სოციალურ ქსელში 2024 წელს ვრცელდება, თავდაპირველად  2019 წელს რუსულ პროპაგანდისულ პლატფორმაზე sonar2050 გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ბალტიისპირეთმა რუსოფობიური რიტორიკა გვერდზე გადადო და რუსეთთან თანამშრომლობის სარგებელზე დაიწყო საუბარი.  რეალურად, ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის ვიზიტი მოსკოვში 2019 წელს შედგა, ლატვიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის  სერგეი ლავროვთან შეხვედრა კი  2015 წელს განხორციელდა. ამ პერიოდის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების ოფიციალური ვიზიტები რუსეთში არ განუხორციელებიათ,  2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა რუსეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეზღუდეს.

  • რა ვიცით 2019 და 2015 წელს გამართულ შეხვედრებზე? 

2019 წლის 18 აპრილს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რაც რუსეთში ესტონელი ლიდერის პირველი ვიზიტი იყო  რვა წლის განმავლობაში. კალიულაიდის თქმით, „მეზობლებს უნდა ელაპარაკათ, მიუხედავად უთანხმოებებისა“, ხოლო პუტინმა აღნიშნა, რომ „ოფიციალური კომუნიკაციის არარსებობა მეზობლებს შორის ნორმალური არ არის“. შეხვედრა გაიმართა ესტონეთის ახალი საელჩოს გახსნის ფარგლებში, თუმცა ის ესტონეთში კრიტიკულად შეაფასეს. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სანქციების გამო 2014 წლიდან რუსეთ-ესტონეთის ვაჭრობა 50%-ით შემცირდა. თავის მხრივ, კალიულაიდმა ნატოს გაძლიერებული სამხედრო ყოფნისა და აშშ-ის “პატრიოტის” სისტემის ესტონეთში განთავსების საჭიროებაზე ისაუბრა, რაც ბალტიისპირეთის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

2015 წლის 12 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება და ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. რინკევიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია როგორც გააუქმოს, ასევე გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც დამოკიდებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე. თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ლატვიასთან თანამშრომლობით და მოიწოდა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ დაექვემდებაროს “გარე ფაქტორებს”.

შეხვედრა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ გაიმართა. 2014 წლის თებერვალში რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, მარტში კი ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა.  ამ ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რომლებიც შეეხო რუსეთის მაღალჩინოსნებს, კრემლთან დაახლოებულ პირებს და ქვეყნის ფინანსურ, თავდაცვისა და ენერგეტიკულ სექტორებს.

  • ცდილობენ თუ არა ბალტიის ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას?

ბალტიის ქვეყნებმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ მნიშვნელოვნად შეზღუდეს შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.  2023 წლის ნოემბერში ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს  ეუთოს (OSCE) მინისტერიალს სკოპიეში, რადგან მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მათი მონაწილეობა შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც უკრაინაში  რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაცია.  ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების  ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლავროვის დასწრება რისკს ქმნის, რომ აგრესორი რუსეთი თავისუფალ ერების საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად აღიქვან.  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, რუსეთი ამ შესაძლებლობას საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად და დასავლეთის ერთიანობის შესარყევად გამოიყენებდა. 

2024 წლის მაისში, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, ფინეთისა და ნორვეგიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა რიგაში რუსეთის საზღვთან  უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერთავდასხმები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟი განიხილეს. ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი აქტიურად ცდილობს, რეგიონში შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. მისი ერთ-ერთი წინადადება იყო „დრონების კედლის“ შექმნა, რომელიც ნორვეგიიდან პოლონეთამდე რუსეთისა და ბელორუსიის საზღვრის გასწვრივ გადაჭიმებოდა. ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლაური ლაენემეცის თქმით, ესტონეთი გეგმავს აღმოსავლეთ საზღვრის სრულად დაფარვას დრონების აღმომჩენი და ჩამომგდები ტექნოლოგიით. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარი რანტანენის თქმით, „დრონების კედლის“ იდეა ახლო მომავალში ვერ განხორციელდება, თუმცა უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, რომ ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება აუცილებელია. შეხვედრაზე მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჰიბრიდული ან საზღვრისპირა თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს ოპერატიულ დახმარებას გაუწევენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ბოლო წლებში აქტიურად მუშაობენ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ რუსეთზე დამოკიდებულება. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ამ კუთხით ევროკავშირის კონტინენტურ ენერგოსისტემასთან სინქრონიზაციაა, რომელიც 2025 წლისთვის დასრულდება და ბალტიის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ბალტიისპირეთის ქვეყნები 9 თებერვალს რუსული IPS/UPS ენერგოსისტემიდან მთლიანად გამოერთვებიან და დასავლეთ ევროპის ქსელში ჩაერთვებიან. ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ენერგეტიკის მინისტრების განცხადებით, ქვეყნები სრულად მზად არიან ამ ისტორიული ეტაპისთვის.

რეგიონი ასევე მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციას.  ლიეტუვამ ააშენა თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი კლაიპედაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბალტიისპირეთის გაზის მოთხოვნის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა, რაც რუსეთის ენერგომონოპოლიის შესუსტებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, რეგიონი აძლიერებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებზე დაზიანების  შემთხვევები დაფიქსირდა. პოლონეთთან და ფინეთთან თანამშრომლობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები აყალიბებენ ენერგეტიკულ უსაფრთხოების ახალ სტრატეგიებს, რომლებიც არა მხოლოდ მათ სუვერენიტეტს, არამედ მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგრადობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

1 დეკემბერს ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესეს. ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა განცხადებით, სანქციები უწესდებათ “მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესტონეთი, ლატვია, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist