მცდარია, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრანსგენდერი კაცების მენსტრუაციის შესწავლა დააფინანსა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ბაიდენის ადმინისტრაცია
95
VIEWS

2 აპრილს გადაცემაში “ლიბერალიზმის ანატომია” წამყვანმა გიორგი ახვლედიანმა და ჟურნალისტმა მარიამ გვენცაძემ ისაუბრეს პროექტებზე, რომლებიც, მათი მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააფინანსა. მათი ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ლუიზიანაში გააუქმა $600 000-ის ღირებულების კონტრაქტი, რომლითაც ტრანსგენდერ კაცებში მენსტრუალური ციკლი უნდა შესწავლილიყო. ჟურნალისტი და წამყვანი ასევე იმეორებენ წარსულში მრავალჯერ გავრცელებულ მტკიცებას, რომ აშშ-ის წინა მთავრობას ტრანსგენდერი თაგვების გამოყვანის მიზნით $8 მილიონი ჰქონდა გამოყოფილი.  

ტრანსგენდერი კაცების მენსტრუციის შესწავლისთვის გამოყოფილ გრანტზე 8-9 მარტს ინფორმაცია რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (1;2;3). მათი ნაწილი Fox News-ს ეყრდნობა. 

ბაიდენის ადმინისტრაცია

მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ გრანტები ტრანსგენდერი მამაკაცების მენსტრუაციის შესწავლისთვის გასცა: 1) რეალურად, კვლევა ორიენტირებული იყო იმ მატერიების შესწავლაზე, რომლებითაც ქალის ჰიგიენური პროდუქტები მზადდება; 2) ტრანსგენდერი ვირთხების შესახებ განმეორებით გავრცელებული მტკიცება ასევე მანიპულაციურია – რეალურად, კვლევა სხვადასხვა მკურნალობის პარალელურად ჰორმონოთერაპიის ეფექტის გამოკვლევას ემსახურებოდა და არა ტრანგენდერი თაგვების გამოყვანას.  

  • კვლევის მიზანი ტრანსგენდერ კაცებში მენსტრუაციის შესწავლა არ ყოფილა 

მტკიცება, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა იმ კვლევის დაფინანსება, რომელიც ტრანსგენდერი კაცების მენსტრუაციის შესწავლაზე იყო მიმართული, მანიპულაციურია. მტკიცება აშშ-ის სოფლის მეურნეობის მდივან ბრუკ როლინსზე დაყრდნობით გავრცელდა. 8 მარტს მან დაწერა, რომ შეაჩერეს გრანტი, რომელიც ტრანსგენდერ კაცებში მენსტრუალური ციკლის შესწავლისთვის იყო გამოყოფილი.  

როლინსის მტკიცება უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა უკვე გადაამოწმეს (1;2;3). პროექტი, სახელწოდებით “Project Farm to Feminine Hygiene” შეიქმნა იმისთვის, რომ გადაეჭრა პრობლემები, რომლებიც მენსტრუაციის ირგვლივ მზარდ შეშფოთებას იწვევს – მათ შორის, შეეხებოდა იმ პირების ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს, რომლებიც ქალის ჰიგიენის სინთეტიკურ პროდუქტებს მოიხმარენ. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დოკუმენტშიც იკითხება. გრანტის მიმღები, რომელსაც კვლევა უნდა ჩაეტარებინა, ლუიზიანაში მდებარე Southern University იყო. 

Southern University როლინსის მტკიცებას 9 აპრილს გამოეხმაურა. მათი ცნობით, ამ გრანტის მიზანი იყო სამი ალტერნატიული მატერიის კვლევა, დამუშავება და გამოყენება – რეგენერაციული ბამბის, რეგენერაციული შალისა და სამრეწველო კანაფის (Cannabis sativa). მიზანს წარმოადგენდა მდგრადი, მრავალჯერადი და გადამუშავებადი ქალის ჰიგიენის პროდუქტების განვითარება, მათ შორის, საფენებისა და საცვლების. მათივე ცნობით: 

“ეს გრანტი, რომელიც განიხილეს მკვლევარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ წარმოადგენს ან მოიცავს კვლევას მენსტრუალური ციკლის შესახებ. ტერმინი ტრანსგენდერი კაცები გამოყენებული იყო მხოლოდ ერთხელ, იმ მიზნით, რათა განგვეცხადებინა, რომ აღნიშნული პროექტი, მეტად უსაფრთხო და ჯანსაღი ჰიგიენური პროდუქტების შექმნით, სარგებელს მოუტანს ყველა ბიოლოგიურად ქალს”.  

აღსანიშნავია, რომ პროექტის აღწერაში არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ გრანტი მენსტრუაციის ან ტრანსგენდერი კაცების მენსტრუაციის შესასწავლად იყო გამოყოფილი. იმ ნაწილში, სადაც ტრანსგენდერ კაცებს ასენებენ, ახსნილია, რომ მენსტრუაცია, დაახლოებით 12 წლის ასაკიდან იწყება და სრულდება მენოპაუზით, დაახლოებით, 51 წლის ასაკში. გამოთვლის მიხედვით, მენსტრუაციული ციკლი ბიოლოგიურად ქალებს ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ, 450-ჯერ აქვთ. ამავე ნაწილში აღნიშნულია, რომ: 

“ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსგენდერ კაცებსა და ადამიანებს მასკულინური გენდერული იდენტობით, ინტერსექსებსა და არაბინარულ პირებს შესაძლოა, ასევე ჰქონდეთ მენსტრუაცია”.

განხილვა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რათა აიხსნას, თუ რატომ არის საჭირო იმ მასალების კვლევა, რომლებითაც ჰიგიენური პროდუქტები მზადდება. პროექტის აღწერის შემდეგი ნაწილი სწორედ ჰიგიენურ პროდუქტებზე გადადის, შესაბამისად, ის პირები, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ, განხილული იყო იმისთვის, რომ მკითხველს საკითხის მნიშვნელობა გაეცნობიერებინა. 

ამრიგად, გამოყოფილი $600 000-ის დახარჯვა ტრანსგენდერი კაცების მენსტრუაციის შესწავლისთვის არ ყოფილა დაგეგმილი. კვლევა ეხებოდა იმ პროდუქტების დამზადებისას გამოყენებულ მატერიას, რომელსაც, შესაძლოა, ტრანსგენდერი კაცებიც მოიხმარდენენ. 

  • კვლევის მიზანი ტრანსგენდერი თაგვების გამოყვანა არ ყოფილა  

“ლიბერალიზმის ანატომიაში” წამყვანი და ჟურნალისტი იმეორებენ მანიპულაციურ მტკიცებას, რომ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დააფინანსა კვლევა, რომლის მიზანიც ტრანსგენდერი ვირთხების/თაგვების გამოყვანა იყო. 

აღნიშნული მტკიცება თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვადასხვა პროექტის შესახებ, რომლებსაც აღნიშნული მტკიცება მიემართებოდა. რეალურად, კვლევები მიზნად ჰორმონოთერაპიის ეფექტების გამოკვლევას ისახავდა. ყველა მათგანში თაგვებზე სამედიცინო ექსპერიმენტი ტარდებოდა, რათა მკურნალობის მეთოდები, რომლებსაც კვლევები ეხებოდა, ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო გამხდარიყო. მაგალითად, კვლევები მიზნად ისახავდა:  

  1. გამოეკვლია, რა გავლენა აქვს ჰორმონალურ თერაპიას ადამიანებზე, რომლებსაც შიდსის ვაქცინა აქვთ გაკეთებული; 
  2. გამოეკვლია სტეროიდული პროდუქტების გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე; 
  3. შეესწავლა ტესტოსტერონის თერაპიის გავლენას ძუძუს კიბოს რისკისა და მკურნალობის შედეგებზე;  
  4. გამოეკვლია თაგვებში, მიკრობიომის დახმარებით, გენდერის დამადასტურებელი ჰორმონული თერაპიის ეფექტები. კვლევა ასევე არ ემსახურებოდა ტრანსგენდერი თაგვების გამოყვანას და მისი მიზანი მკურნალობის მეთოდის გავლენის შეფასება იყო.  

ვრცლად კვლევების შესახებ წაიკითხეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ მასალაში:  

მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის მუშაობა შეაჩერა, სოციალურ ქსელში სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მიზნობრიობაზე არაერთი მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist