13 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Baia Pataraia უფლებადამცველი ბაია პატარაიას სახელით პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მან პარტია “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ სახალხო დამცველის ოფისში სარჩელი შეიტანა.
ინფორმაციას, რომ ბაია პატარაიამ იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ სახალხო დამცველის ოფისში სარჩელი შეიტანა, ყალბი გვერდი ავრცელებს. ამას თავად ბაია პატარაიაც ადასტურებს. ინფორმაცია პედოფილიისა და ნეპოტიზმის შესახებ იაგო ხვიჩიას ფეისბუქ კომენტარის საპასუხოდ გავრცელდა, რომელიც ასევე გაყალბებულია.
გვერდი Baia Pataraia, რომელიც ხვიჩიას შესახებ ავრცელებს პოსტს, ნამდვილი არაა და უფლებადამცველს არ ეკუთვნის. ამის შესახებ პოსტის კომენტარებში საკუთარი ნამდვილი ფეისბუქ ანგარიშით თავად პატარაიაც წერს:
სარჩელის შეტანის მიზეზად გავრცელებული პოსტის კომენტარებში გვერდი იაგო ხვიჩიას ფეისბუქ კომენტარს ასახელებს და შესაბამის სქრინშოტსაც ურთავს. კომენტარში ვკითხულობთ, რომ იაპონიაში სექსი 13 წლიდანაა დაშვებული, ხვიჩია ვერ ხვდება ინცესტი რატომაა პრობლემა და ფიქრობს, რომ თუ ბავში თანახმაა, პედოფილია დასჯადი არ უნდა იყოს.
სქრინშოტი თავდაპირველად ყალბმა ფეისბუქ ანგარიშმა ბიწაძე ნანამ გაავრცელა.
აღნიშნული სქრინშოტი გაყალბებულია და ის იაგო ხვიჩიას არ ეკუთვის. “გირჩის” ლიდერის ფეისბუქ გვერდს ვერიფიკაციის ნიშანი აქვს, რასაც გავრცელებულ სქრინშოტზე ვერ ვხედავთ.
“მითების დეტექტორი” იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ კომენტარი გაყალბებულია და მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
გვერდი Baia Pataraia 2020 წლის 1 ივლისს შეიქმნა და მას შემდეგ უფლებადამცველის სახელით არაერთი პოსტი გამოაქვეყნა. 2021 წლის აგვისტოში “მითების დეტექტორმა” გვერდის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც ბაია პატარაია საქართველოში გენდერული თანასწორობის აღდგენის მიზნით მთავრობის მიერ ბიჭების აბორტს, ახალშობილი ბიჭებისთვის სქესის შეცვლასა და სხვა რეგულაციებს ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გავრცელებული ყალბი სქრინშოტი თავდაპირველად ფეისბუქ მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ გაავრცელა, რომელსაც ორი ფეისბუქ ანგარიშის გამოყენებით არაერთი ქართველი პოლიტიკოსისა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების გაყალბებული განცხადება გაუვრცელებია (1,2). სავარაუდოდ, ფეისბუქ გვერდი Baia Pataraia სწორედ ამ ფეისბუქ მომხმარებელმა შექმნა.
ყალბი ანგარიში ბიწაძე ნანა, რომელმაც ხვიჩიას კომენტარის სქრინშოტი გაავრცელა, ცნობილი სახეების ყალბ ციტატებს რეგულარულად აქვეყნებს და “მითების დეტექტორის” მასალებში არაერთხელ მოხვედრილა. 11 ივლისს ბიწაძე ნანას ფეისბუქ ანგარიშმა იაგო ხვიჩიას კიდევ ერთი გაყალბებული პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა. ამ პოსტის მიხედვით, ხვიჩია საქართველოს მიერ ნატოს ალტერნატივის შექმნის იდეით გამოდის. “გირჩის” ლიდერმა “მითების დეტექტორს” ამ ციტატის სიყალბეც დაუდასტურა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში ყალბი გვერდის Baia Pataraia-ს პოსტებზე ტოვებს კომენტარებს და მის პოსტებსაც აზიარებს. მათ აქტივობაზე დაკვირვების შედეგად, სავარაუდოა, რომ ბიძაწე ნანას ყალბი ანგარიში და ბაია პატარაიას ყალბი გვერდი თედო აბაშიძესთან არის დაკავშირებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.