2 ივლისს ფეისბუქზე აზერბაიჯანში დაკავებული რუსი აგენტებისა და დივერსანტების შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პოსტის სქრინშოტი გავრცელდა. სქრინშოტის მიხედვით, კობახიძე მათ საქართველოში თავშესაფარს სთავაზობს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსოფობია და ნაციზმის გამოვლინება.

სოციალურ ქსელში რუსი აგენტების შესახებ ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება. კობახიძეს მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია, სქრინშოტი გაყალბებულია.
განცხადება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში დაკავებულ რუს აგენტებსა და დივერსანტებს უსაფრთხო თავშესაფარს სთავაზობს, მის ფეისბუქ-გვერდზე არ იძებნება. ციტატა არ გამოქვეყნებულა არც მთავრობის ფეისბუქ-გვერდსა და ვებ-საიტზე, ასევე, არ გავრცელებულა “ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდზე. გარდა ამისა, ინფორმაცია ირაკლი კობახიძის მსგავსი შეთავაზების შესახებ არ გაუშუქებიათ ქართულ ონლაინ მედიასა (1;2) და ტელევიზიებს (1;2).
კობახიძის პოსტის გაყალბებული სქრინშოტი აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობის გამწვავებისა და თანმდევი მოვლენების ფონზე გავრცელდა. მას შემდეგ, რაც რუსეთში პატიმრობაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ძმები გარდაიცვალნენ, ბაქოში პოლიცია Sputnik-ის ოფისში შევიდა და კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის თანამშრომლები დააკავა. მათ ბრალი FSB-ის აგენტობაში ედებათ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გასული წლის დეკემბერში გამწვავდა, როდესაც ჩეჩნეთში აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს თავს დაესხნენ. ავიაკატასტროფას 38 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















