25 აგვისტოს რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებელმა (1, 2) მათ შორის ფან ტინა და ფეისბუქ-გვერდმა დღე ‘ სასწაული აუტიზმის მკურნალობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს რამდენიმე ჰომეოპათიური პრეპარატის მეშვეობით ორგანიზმის გაწმენდას სთავაზობენ. ვიდეოს ფონზე ჩანს წარწერა: “აქციე აუტიზმი წარსულად”. ვიდეოში შემდეგი მტკიცებებია გამოთქმული:
- აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მძიმე ლითონებია;
- გეგმიურ ვაქცინებში მძიმე ლითონები შედის;
- აუტიზმის განსაკურნებლად წლებია საჭირო, კონკრეტული შედეგების მისაღებად, პაციენტმა “პროზიუმ დუო” რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.
გავრცელებული ვიდეო აუტიზმისა და ვაქცინებში შემავალი ლითონების შესახებ ინფორმაციას მანიპულაციურად და არასრულად გვაწვდის. ვიდეოში ბავშვთა გეგმიურ აცრებს აუტიზმის გამოწვევასთან ირიბად აკავშირებენ და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ჰომეოპათიურ მედიკამენტს აუტიზმისგან განკურნება შეუძლია.
- ვიდეოში აუტიზმის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ მძიმე მეტალებია ნახსენები, რაც მანიპულაციურია, რადგან აუტიზმის რისკ ფაქტორები გენეტიკური, ბიოფიზიოლოგიური და გარემო ფაქტორების კომბინაციაა.
- ვაქცინებში შემავალი ალუმინი უსაფრთხოა და ის ვაქცინებში გარემოდან ორგანიზმში მოხვედრილ ალუმინზე გაცილებით ნაკლები რაოდენობით შედის.
- მედიკამენტ “პროზიუმ დუოს” ანოტაციაში აუტიზმი ნახსენები არ არის და წერია, რომ ის დეტოქსიკაციური პრეპარატია. აუტიზმის სრულად განკურნება შეუძლებელია, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნა კი ცრუ მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდადაა მიჩნეული.
-
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე გამოკვლეული არაა, თუმცა რისკ ფაქტორების სია ვრცელია
ვიდეოში აუტიზმის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ მძიმე მეტალებია დასახელებული, რაც მანიპულაციურია, რადგან ამ მიმართულებით ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიუხედავად, მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრასა და აუტიზმს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბოლომდე გამოკვლეული და დადასტურებული არაა. აუტიზმის რისკ ფაქტორებზე საუბრისას კი აქცენტი სხვა გენეტიკურ და გარემო ფაქტორებზე კეთდება.
აუტიზმი, ასევე ცნობილი, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობა, როგორც წესი, 2 წლის ასაკამდე ვლინდება და კომუნიკაციასა და ქცევაზე ახდენს გავლენას.
აუტიზმის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები ბოლომდე გამოკვლეული არაა, თუმცა არსებობს შემდეგი რისკ ფაქტორები: აუტიზმის მქონე და ან ძმა, უფროსი ასაკის მშობლები, გენეტიკური დაავადებები, მაგალითად დაუნისა და რეტის სინდრომები, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, დედის ჭარბი წონა, დიაბეტი და იმუნური სისტემის დარღვევები, გართულებები მშობიარობის დროს, რომლებიც ახალშობილის ტვინისთვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდებას იწვევს, დაბადებამდე ჰაერის დაბინძურებისა და პესტიციდების გავლენა და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვლევა (1, 2) მძიმე მეტალების აუტისტური სპექტრის აშლილობასთან შესაძლო კავშირზე ნამდვილად საუბრობს, თუმცა ამ კვლევებშიც კი, დარწმუნებით არაა ნათქვამი, რომ მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრა აუტიზმს იწვევს. ასევე, კვლევებში ვაქცინები ნახსენები საერთოდ არაა, საუბარია მხოლოდ გარემოდან (საკვები, ბენზინგასამართ სადგურებთან სიახლოვე, ჭურჭელი) მიღებულ მძიმე მეტალებზე.
როგორც 2023 წლის კვლევაშია აღნიშნული, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის განვითარება მრავალფაქტორიანია და მოიცავს გენეტიკურ, ბიოფიზიოლოგიურ და გარემო ფაქტორებს.
-
გეგმიურ ვაქცინებში ალუმინის მარილები ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება და უსაფრთხოა
მეტალი, რომელსაც, როგორც წესი, ვაქცინებზე საუბრისას ახსნებენ, ალუმინია. ზოგიერთ ვაქცინაში, მათ შორის გეგმიურ ვაქცინებშიც (B ჰეპატიტი, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, პაპილომა) ალუმინის მარილები, როგორებიცაა ალუმინის ჰიდროქსიდი, ალუმინის ფოსფატი ან კალიუმის ალუმინის სულფატი გამოიყენება. ალუმინს ვაქცინებში იმუნური გამაძლიერებლის, ადიუვანტის ფუნქცია აქვს და იმუნური სისტემის პასუხის სტიმულირებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ალუმინი ვაქცინებში მცირე რაოდენობით გამოიყენება – 2 მილიგრამზე ნაკლები ალუმინის მარილები და 1 მილიგრამზე ნაკლები რეალური ალუმინი. გარდა ამისა, ჩვილი სხეულში უკვე არსებული ალუმინით იბადება, სავარაუდოა, რომ ის დედის სისხლიდან გადაეცემა. დროთა განმავლობაში კი, ორგანიზმში მცირე რაოდენობით ალუმინი საკვებისა და სასმელისგანაც გროვდება.
ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორის, კრისტოფერ გილის თქმით, ალუმინის, როგორც ადიუვანტის უსაფრთხოება ფართოდაა გამოკვლეული და მავნე ზემოქმედება არ შეიმჩნევა, ხოლო მოსაზრება, რომ ვაქცინებში შემავალი ალუმინი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების მიზეზს წარმოადგენს, მცდარია.
2018 წელს 9-13 თვის ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ მათ სისხლისა და თმის ნიმუშებში ალუმინის დონესა და გაკეთებული ვაქცინების რაოდენობას შორის კავშირი ვერ აღმოაჩინა.
ვაქცინების შემადგენლობასა და აუტიზმთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რა ვიცით ვაქცინების შემადგენლობის შესახებ?
- ვაქცინებში შემავალი ალუმინი ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის
- ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
-
აუტიზმის განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მძიმე მეტალების ორგანიზმიდან გამოდევნა კი ცრუ მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია
ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მასში ნაჩვენებ ჰომეოპათიურ მედიკამენტებს, მათ შორის “პროზიუმ დუოს” აუტიზმის განკურნება შეუძლიათ. მასში გამოთქმულია მტკიცება, რომ ბავშთა გეგმიური ვაქცინები მძიმე მეტალებს შეიცავს, რაც ირიბად აუტიზმის გამოწვევასთანაა დაკავშირებული, ხოლო ჰომეოპათიური მედიკამენტები ორგანიზმის მძიმე მეტალებისგან გამწმენდადაა შემოთავაზებული.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი “პროზიუმ დუო” არცერთ დიდ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება. მედიკამენტის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ ის დეტოქსიკაციური, ანტიკოაგულაციური, ანტივირუსული ჰომეოპათიური კომპლექსია და გამოიყენება მწვავე რესპირატორული ინფექციების, ლარინგოტრაქეიტის, რინიტის და სხვა დაავადებების დროს. აუტიზმი ანოტაციაში ნახსენები არ არის, თუმცა ანოტაციის თანახმად, ის ორგანიზმიდან მეტალის ნანო ნაწილაკებსა და გრაფენს გამოდევნის, რაზეც გავრცელებულ ვიდეოშიც საუბრობენ და ვაქცინებსა და აუტიზმს უკავშირებენ.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურის (NHS) მიხედვით, აუტიზმი დაავადება არ არის და მისი განკურნებაც შეუძლებელია, თუმცა არსებობს მეთოდები და მიდგომები, რომლებიც აუტისტური სპეტრის აშლილობის მქონე ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება.
NHS-ის თანახმად, აუტიზმის “განკურნების” არაერთი ცრუ მკურნალობა არსებობს, მათ შორისაა სისხლიდან მძიმე მეტალებისა და ტოქსინების გამოდევნა, რაც სწორედ “პროზიუმ დუოს” პოტენციური მომხმარებლებისადმი გაცემული მთავარი დაპირებაა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში ფან ტინა, მისი სხვადასხვა პროფილით (1, 2, 3, 4) დეზინფორმაციულ პოსტებს ხშირად ავრცელებს. მის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია ,,მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.