8 ივნისს ფეისბუკ გვერდმა Ekumenizm Religia Antixrista ათონის მთაზე თანამედროვე სასტუმროს გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტის თანახმად, ათონის მთაზე თანამედროვე სასტუმროში სტუმრებს შესაძლელობა ექნებათ ისარგებლონ მასაჟის სერვისებითა და რესტორნით, რითაც ის სხვა ტურისტული კურორტების სასტუმროების მსგავსი იქნება. ასევე, პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ სასტუმრო მხოლოდ მამაკაცებისთვის იქნება განკუთვნილი და იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთმა “სოდომია დააკანონა” არ არის ძნელი წარმოსადგენი ამ “მხოლოდ მამაკაცთა” სანებივრო რესტორნებში რაც შეიძლება მოხდეს.
ათონის მთაზე სასტუმროს გახსნაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება და კითხვებს ბადებს სასტუმროს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სტუმრები მხოლოდ კაცები უნდა იყვნენ. რეალურად, ათონის მთაზე ქალების შესვლა სულ მცირე მეთერთმეტე საუკუნიდან აკრძალულია, შესაბამისად, ნებისმიერი სერვისი, რომელიც სასტუმროში იარსებებს, მხოლოდ მამაკაცებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწესებულება რელიგიური ტურიზმის ფარგლებში იმუშავებს, მასაჟს კი თერაპიული დანიშნულება ექნება და არა რეკრეაციული.
-
აკრძალვა ქალებთან დაკავშირებით
ათონის მთა, რომელიც მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ საბერძნეთში, არის ავტონომიური სამონასტრო რესპუბლიკა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ათონის მთა ცნობილია თავისი მკაცრი რელიგიური ტრადიციებით, მათ შორის ქალების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვით და მონაზვნურ ასკეტობაზე ფოკუსირებით. ათონის მთაზე შესვლა მკაცრად რეგულირდება და მისი მონახულება მხოლოდ მამაკაცებისთვის არის ნებადართული. ეს სამონასტრო წესი ცნობილია როგორც „ავატონი* და ოფიციალურად დაადგინა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა 1046 წელს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს ტრადიცია მანამდეც მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ ბერძნული კანონმდებლობა (საბერძნეთის კონსტიტუციის მე-105 მუხლი) ათონის მთას სრულ ავტონომიას ანიჭებს. ეს აკრძალვა დღემდე მკაცრად რეგულირდება. ქალებს არ აქვთ სანაპირო ზოლამდე მისვლის უფლებაც კი, რაც ათონის მთის განსაკუთრებული მონასტრული წესრიგის და სულიერი ტრადიციების დაცვას ემსახურება.
ათონის მთაზე ქალების შესვლის აკრძალვა რამდენიმე მიზეზით არის ახსნილი. მათ შორის არის სამონასტრო წესის – ცელიბატის (დაუქორწინებლობა) დაცვა. რამდენადაც ათონის მთაზე ბერები და მორჩილები ცხოვრობენ, ქალების აკრძალვა მათი სულიერი წმმინდანობის შენარჩუნებისა და სქესობრივი კავშრებისგან თავის დასაცავად გაჩნდა. მეორე მიზეზი კი ეხება მართლმადიდებლურ გადმოცემას, რომლის თანახმადაც, ქალწული მარიამი, როდესაც ის კვიპროსისკენ მიემართებოდა, შემთხვევით ათონის მთაზე მოხვდა. წმინდა მარიამს ეს ადგილი ძალიან მოეწონა და ღმერთს შესთხოვა მისთვის გადაეცა. შესაბამისად, ათონის მთა მიიჩნევა “ქალწულის ბაღად”, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მხოლოდ წმინდა მარიამი შეიძლება იყოს.
ათონის მთაზე ქალების შესვლის რამდენიმე გამონაკლისი ისტორიული შემთხვევაც არსებობს. საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს 1946-1949 წელს ათონის მთაზე ადგილობრივი გლხების პირუტყუვისთის თავშესაფარი იყო მოწყობილი. ამ ქაოტურ პერიოდში ქალები და გოგონები შეუერთდნენ ჯგუფებს, რომლებიც ათონის მთაზე საქონლის დასაბრუნებლად იყვნენ მისულები. ამის შემდეგ, 1953 წელს, ბერძენი ქალი, მარია პოიმენიდუ, მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული, მთაზე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ინციდენტის შემდეგ საბერძნეთმა მიიღო კანონი, რომლითაც ათონის მთაზე ქალების შესვლა აიკრძალა და კანონის დარღვევისთვის მაქსიმუმ სასჯელად 12-თვემდე პატიმრობა განსაზღვრა. შედარებით გვიან, 2008 წელს კონტრაბანდისტებმა ათონის მთასთან ოთხი მოლდოველი ქალი დატოვეს. პოლიციამ ისინი მცირე ხნით დააკავა, თუმცა შემდეგ ისინი ბერებმა “შეიწყალეს.” ეს შემთხვევები გამონაკლისია და დღეს კანონმდებლობით ქალების შესვლა ათონის მთაზე ისევ მკაცრად აკრძალულია.
-
რა ვიცით სასტუმროზე?
რაც შეეხება ათონის მთის ადმინისტრაციულ ცენტრში, კარიესში თანამედროვე სასტუმროს დაარსებას, ასეთი ობიექტი მართლაც შეიქმნა რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაციის ფარგლებში. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა ათონის ერთ-ერთმა მონასტერმა ცნობილ ქსელს გადასცა. სასტუმროში შედის ისეთი სერვისები, როგორიცაა რესტორანი და მასაჟი, რაც იშვიათია რეგიონისთვის. დაბინავების ღირებულება შეადგენს 40 ევროს ღამეში. თუმცა იქ მოსახვედრად სტუმრებმა უნდა მიიღონ სპეციალური ნებართვა და ათონის მთის მრავალწლიანი ტრადიციების შესაბამისად, უნდა იყვნენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები. გამომდინარე იქიდან, რომ ათონის მთაზე ქალების შესვლა აკრძალულია, ბუნებრივია, სასტუმროში შესვლა მხოლოდ კაცებისთვის იქნება ნებადართული, რაც ტრადიციისა და წესის პატივისცემა და დაცვა არის და არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შედეგი. 2024 წლის თებერვალში საბერძნეთში დამტკიცდა კანონპროექტი, რომელმაც ერთი სქესის პირთა სამოქალაქო ქორწინება დაუშვა. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების ლეგალიზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს.
ინფორმაცია ათონის მთაზე პირველი სასტუმროს გახსნის შესაებ ekklisiaonline-ის მთავარმა რედაქტორმა ანდრეას კარაგიანისმა, გადაცემაში “Proino Sou Sou”-ში დაადასტურა. მისი თქმით, სასტუმრო ფართო საინვესტიციო პროექტის ნაწილია და შენობა, რომელიც ადრე ძველ „სამარადიკოს“ (σαμαράδικο) (სივრცე, სადაც მზადდებოდა ტვირთის გადასატანი აღჭურვილობა) ფუნქციას ასრულებდა. სასტუმრო ახლოს მდებარეობს ცნობილი ქსელის სუპერმარკეტთან, რომელიც ამავე ადგილას ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ანდრეას კარაგიანისის თქმით, სასტუმროში იქნება ფიზიოთერაპევტი, რომლის ერთ-ერთი მომსახურება სამკურნალო მასაჟია. მასაჟის სერვისი არის თერაპიული და არა რეკრეაციული დანიშნულების და ემსახურება ბერებისა და ფიზიკური დაავადებების მქონე ვიზიტორების საჭიროებებს. მასაჟის სერვისის სასტუმროში არსებობა ბერებს დაეხმარება იმაში, რომ ადგილზევე იმკურნალონ და ათონის მთის დატოვება არ მოუწიოთ.
ანდრეას კარაგიანისი: „არსებობენ იღუმენი და ბერები, რომლებსაც ასევე აქვთ საკუთარი პრობლემები, კისრის პრობლემები. რატომ უნდა დატოვონ ათონის მთა და წავიდნენ სალონიკსა და ჰალკიდიკში ამ სერვისების საპოვნელად?“
მასაჟის სერვისების ჩართვამ და სასტუმროს განვითარებამ ათონის სამონასტრო საზოგადოებაში და საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა წმინდა სამონასტრო სახელმწიფოს კომერციალიზაციას უწყობს ხელს. კარაგიანისის თქმით, მონასტრული საზოგადოების ნაწილი მწვავედ გამოდის ამ ინიციატივის წინააღმდეგ, ხელმოწერებს აგროვებენ და სეკულარიზაციაზე საუბრობენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.