25 თებერვალს საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა SPNEWS და პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ ფედერალურმა მოსამართლემ Associated Press-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც მედიას თეთრმა სახლმა შეუჩერა აკრედიტაცია, რადგან Associated Press ამერიკის ყურეს კვლავ მექსიკის ყურედ იხსენიებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მედიის სარჩელი და შემდეგი რამ განაცხადა: “თეთრ სახლში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერება სიტყვის თავისუფლების უფლების შეზღუდვა კი არ არის, არამედ პრივილეგიის მოხსნა, რადგან პრეზიდენტის სიახლოვეს ყოფნა მის ოფისში, მის თვითმფრინავში თუ სხვა ლიმიტირებულ სივრცეში ოდენ პრივილეგიაა”.
Associated Press-ის საქმეზე მოსამართლის განაჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. რეალურად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა პრეზიდენტის ღონისძიებებზე AP-ის დაუყოვნებლივ აღდგენაზე, თუმცა მან თეთრ სახლს მოუწოდა თავად გადახედონ მიღებულ შეზღუდვას. ამასთანავე, განცხადება, თითქოს აკრედიტაციის შეჩერება უბრალოდ პრივილეგიის მოხსნაა, არა მოსამართლეს, არამედ თეთრ სახლს ეკუთვნის.
იანვარში დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებდა მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ამერიკის ყურის დარქმევას. აღნიშნული საკითხის შესახებ Associated Press (AP)-მა განაცხადა, რომ ისინი აღიარებენ ამ გადაწყვეტილების ლეგალურობას, თუმცა სტატიებში მის სახელად კვლავ მექსიკის ყურეს გამოიყენებენ, რადგან ახალი სახელი შესაძლოა მკითხველებისთვის დამაბნეველი აღმოჩნდეს. ამის საპასუხოდ, თეთრი სახლის გადაწყვეტილებით თებერვლის პირველი ნახევრიდან AP-ს აეკრძალა პრეზიდენტის და მთავრობის რამდენიმე ტოპ წარმომადგენლის ნახვა და მოსმენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიის ჟურნალისტებს შეეზღუდათ თეთრ სახლში, პრეზიდენტის თვითმფრინავში და არაერთ სხვა ადგილას პრეს კონფერენციებზე თუ ინტერვიუებზე დასწრება. სანაცვლოდ, AP-მ შეიტანა საჩივარი თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ აკრძალვის გაუქმება.
24 თებერვალს, ფედერალურმა მოსამართლე ტრევორ მაკფადენმა, რომელიც სწორედ დონალდ ტრამპის მიერ არის დანიშნული, გამოიტანა განაჩენი Associated Press-ის საქმეზე, სადაც აღნიშნა, რომ თეთრ სახლს არ დაავალდებულებს დაუყოვლებლივ გააუქმოს დაწესებული აკრძალვა და დაუშვას AP-ის ჟურნალისტები საპრეზიდენტო ღონისძიებებზე. მისი აზრით მედიამ სათანადოდ ვერ დაამტკიცა, რომ მას ამით გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. ამის მიუხედავად, მან მოუწოდა თეთრ სახლს, გადახედონ გადაწყვეტილებას, რადგან პრეცედენტული სამართალი მათ მხარეს არ არის. მაკფადენმა ასევე ისაუბრა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის შესახებ, რომელიც არ წარმოადგენს სამთავრობო უწყებას, თუმცა ამის მიუხედავად სწორედ ისინი საზღვრავენ ვის შეიძლება მიეცეს აკრედიტაცია პრეზიდენტის ღონისძიებებზე დასასწრებად. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მისთვის ცოტათი გაუგებარია რატომ არის თეთრი სახლი ვალდებული დაემორჩილოს ამ კერძო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს, თუმცა შემდგომში დაამატა, რომ თეთრი სახლი თავად დათანხმდა ასოციაციისათვის ამ უფლების მინიჭებას და ახლა ვალდებულია მისი გადაწყვეტილებები შეასრულოს, AP-ს დაბლოკვით კი დისკრიმინაციულ პოლიტიკას აწარმოებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე, თითქოს განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ განაცხადა, რომ მედიისთვის პრეზიდენტის სიახლოვეს ყოფნა უფლება კიარა პრივილეგიაა და შესაბამისად მათთვის აკრედიტაციის გაუქმება უფლებების დარღვევას კიარა, პრივილეგიის გაუქმებას ნიშნავს. სინამდვილეში, ეს განცხადება არა მოსამართლე მაკფადენს, არამედ თეთრ სახლს ეკუთვნის. მათ ეს ოფიციალურ განცხადებაში დაწერეს და აღნიშნულ ფაქტს სტატიაში ხაზი გაუსვა აბაშიძის მიერ ნახსენებმა Fox News-მაც. “როგორც თავიდანვე ვთქვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა ოვალურ კაბინეტში და Air Force One-ის (პრეზიდენტის თვითმფრინავი) ბორტზე ჟურნალისტებისთვის მინიჭებული პრივილეგიაა და არა კანონიერი უფლება”- სწორედ ასე ჟღერს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადება. საგულისხმოა ისიც, რომ პოსტში ატვირთულ ვიდეოში ამ ფრაზას (მცირედი პერიფრაზით) ასევე თეთრი სახლის წარმომადგენელი, კერძოდ მისი პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მასაც და ტრამპსაც იგივე წარსულშიც უთქვამთ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.