ვიზის შესახებ საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის საელჩოების პოსტებზე ინფორმაცია მანიპულაციურად შუქდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

აშშ-ის საელჩო
108
VIEWS

15 აპრილს საინფორმაციო სააგენტოებმა ინფო 9; Exclusive Media და Newshub გამოაქვეყნეს სქრინშოტები, რომლებზეც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული Instagram Story არის ასახული. საინფორმაციო ბარათებზე დატანილია გაფრთხილებები აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტოები პოსტებს იდენტურ აღწერას ურთავენ და წერენ, რომ “უკრაინაში აშშ-ის საელჩო ინსტაგრამზე უცნაურ პოსტებს აქვეყნებს”. 

აშშ-ის საელჩო

ტექსტის მსგავსი ფორმულირებით, რომ საელჩო “უცნაურ პოსტებს” აქვეყნებს, გაავრცელეს Facebook-ისა და X-ის რუსულ  და ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმა. საელჩოს პოსტებზე ასევე წერენ სხვა რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლებიც (1;2).

აშშ-ის საელჩო

გარდა ამისა, უკრაინელების გასაფრთხილებლად საელჩოს მიერ საინფორმაციო ბარათების გამოქვეყნებაზე ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა სამთავრობო მედია Ria Novosti-მ და სხვა კრემლისტურმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის ცარგრადმა, იზვესტიამ, Tass-მა, RT-მ და Gazeta.ru-მ.

აშშ-ის საელჩო

ასევე, 11 აპრილს ხალხის ძალის წევრმა, დავით ქართველიშვილმა გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის საელჩოს პოსტის სქრინშოტი და დაურთო აღწერა, რომ საელჩოს გაფრთხილება დაშვებულზე დიდი ხნით ადრე დარჩენისა და არალეგალურად მუშაობის შესახებ ეხებათ “შტატებში უკვე გაქცეულ ან გასაქცევად გამზადებულ ნაცებს”, რადგან, მისივე განმარტებით, “26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებამდე – არც ერთი (!) მსგავსი ტიპის განცხადება საელჩოდან არ გვინახავს”. 

აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩოების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეო, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გააზიარა, თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა. ის სხვა ქვეყნებში მომუშავე საელჩოებმაც გაავრცელეს, მაგალითად, ვიდეო გააზიარეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და უნგრეთის საელჩოებმა. ვიზის ვადის გასვლისა და არალეგალურად მუშაობის შესახებ გაფრთხილებები კი გააზიარეს საელჩოებმა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია და ისრაელი. ასევე, გზავნილი კანონის დარღვევის შემთხვევაში დეპორტაციის რისკის შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. საინფორმაციო ბარათები არალეგალი მიგრანტების მიმართ ტრამპის მთავრობის მკაცრ პოზიციას გამოხატავს და კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებული არ არის.  

  • უკრაინაში საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პოსტები 

უკრაინაში ამერიკის საელჩომ აპრილში საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა Story, რომელიც შემდეგ დაამატა Instagram Highlight-ებში სახელწოდებით “Secure Borders”. ვიდეოში გადმოცემულია სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გზავნილი, რომ მათ, ვის ვიზასაც ვადა ამოეწურა ან ვისაც ვიზა გაუუქმდა, აშშ-ის დატოვება მოუწევთ.   

მეორე Instagram Story-ში განმარტებულია, რომ ამერიკაში ვიზიტი პრივილეგიაა, რომელიც ენიჭებათ მათ, ვინც პატივს სცემს აშშ-ის კანონებსა და ღირებულებებს. ამ გზავნილის ავტორადაც მარკო რუბიოა მითითებული. 

აშშ-ის საელჩო

შემდგომში რამდენიმე ქართულ მედიაში ინფორმაცია გაშუქდა ისე, თითქოს აღნიშნული გზავნილები შეეხებოდა კონკრეტულ ჯგუფს – აშშ-ში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს. რეალურად, მარკო რუბიოს ერთ-ერთი გზავნილი აშშ-ში ვიზიტის პრივილეგიასთან დაკავშირებით თავდაპირველად,  12 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.  მას დართული აქვს Fox News-ზე მარკო რუბიოს სტატიის ბმული, რომელშიც სახელმწიფო მდივნის იგივე წინადადებას ვკითხულობთ. სტატიაში უკრაინა ნახსენები არ არის. რუბიო ახსენებს ჰამასსა და ანტისემიტურ აქტივობებს ებრაელი სტუდენტების მიმართ, თუმცა უკრაინელ ლტოლვილებზე არაფერს წერს.

აშშ-ის საელჩო

სწორედ ეს გზავნილი გაავრცელა მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა და ასევე გამოაქვეყნეს საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, აღნიშნული გზავნილი კონკრეტულად რომელიმე ჯგუფს არ მიეკუთვნება, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში მისი კოორდინირებულად გავრცელება მეტყველებს. მაგალითად, იდენტური საინფორმაციო ბარათი გავრცელდა საელჩოების გვერდებზე ბრიუსელსა და ჰააგაში

აშშ-ის საელჩო

10 აპრილს  სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე ასევე გამოქვეყნდა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც მათ, ვისაც ვიზა არ აქვს, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტული ქვეყნის სამიზნე აუდიტორია არც ამ გზავნილს ჰყავს. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ვიზის კონტროლს აშშ მისი გაცემის შემდეგაც აგრძელებს და ვიზა გაუუქმდება და დეპორტაციას დაექვემდებარება ის, ვინც საიმიგრაციო კანონებს არ იცავს.

აშშ-ის საელჩო

აღნიშნული გაფრთხილება მხოლოდ უკრაინის საელჩოს არ გაუზიარებია. 11 აპრილს ვიდეო გამოაქვეყნა საელჩომ ჩრდილოეთ მაკედონიაში, ასევე, გააზიარეს საელჩოებმა ინდოეთში, მონღოლეთში, ბჰუტანში და ა.შ. შესაბამისად, მესიჯი კონკრეტულად ერთი ჯგუფისთვის არ ყოფილა შექმნილი და შეეხებოდა ყველას, ვინც აშშ-ში არალეგალურად დარჩენას აპირებს. 

აშშ-ის საელჩო აშშ-ის საელჩო

გარდა აღნიშნული ორი გზავნილისა, უკრაინაში ამერიკის საელჩომ ასევე გამოაქვეყნა გაფრთხილებები (1;2;3) დეპორტაციისა და ვიზის კონტროლის შესახებ.  

აშშ-ის საელჩო

აღნიშნული სიანფორმაციო ბარათები ასევე არ ყოფილა განკუთვნილი მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნებში ამერიკის საელჩოების გვერდებზეც გავრცელდა. მაგალითად, გამოქვეყნდა საელჩოს გვერდებზე ბრიუსელში (1;2); აშშ-ის NATO-ში წარმომადგენლობის გვერდზე; იერუსალიმში საელჩოს გვერდზე და ა.შ. (1;2;3;4).

აშშ-ის საელჩო

  • ეხება თუ არა საქართველოში საელჩოს პოსტი ოპოზიციას?  

11 აპრილს საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: “დაშვებულზე დიდი ხნით დარჩენა ან არალეგალურად მუშაობა მკაცრად ისჯება. თუ ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩებით, ან იმუშავებთ უფლების გარეშე, დაარღვევთ აშშ-ის კანონს. შესაძლებელია დაგაპატიმრონ, გაგაძევონ და სამუდამოდ აგიკრძალონ აშშ-ში შესვლა”. 

აშშ-ის საელჩო

რეალურად, როგორც უკრაინის შემთხვევაში, აღნიშნული პოსტიც არალეგალი მიგრანტების მიმართ ტრამპის მთავრობის მკაცრი პოლიტიკის ნაწილია და ის კავშირში არ არის 26 ოქტომბრის არჩევნებთან, როგორც ამას დავით ქართველიშვილი ამტკიცებს. არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის წინასააჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და თეთრი სახლი ამ მიმართულებით გატარებულ ზომებზე ინფორმაციას ინაუგურაციის შემდგომაც სისტემატურად აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ში მიგრანტთა მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევები 98%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც პიკს 2023 წელს მიაღწია. 23 მარტის მონაცემებით, საემიგრაციო აღსრულების ცენტრებში, დაახლოებით, 48 000 მიგრანტი ჰყავდათ

ვიზის მუდმივ შემოწმებასა და დარღვევის შემთხვევაში დეპორტაციაზე, გარდა წინა თავში ჩამოთვლილი მაგალითებისა, გაფრთხილებები არაერთ სხვა ქვეყანაში ვრცელდება, მაგალითად – დანიაში, ათენში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოში, ისლანდიაში, ლიეტუვაში და ა.შ. (1;2;3;4;5).  

არქივი (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist