აშშ-ის არჩევნების დროს ხმის მიცემისას გადაღებული ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

61
VIEWS

13-14 ნოემბერს სახელისუფლებო ექსპერტებმა ამირან სალუქვაძემ და დავით ჩიხელიძემ  გაავრცელეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც აშშ-ის არჩევნების დროს ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს: ერთი ცარიელი ხმის მისაცემად, მეორე კი უფრო პატარა ზომის და წინასწარ შევსებული, იმის მისანიშნებლად თუ ვისთვის მიეცა ხმა. ვიდეოში მოსაუბრე ასევე აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესი არ არის ფარული და ბიულეტენის საარჩევნო აპარატში მოთავსებამდე ჩანს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. დავით ჩიხელიძის კომენტარიდან გამომდინარეობს, რომ რაც ვიდეოში ჩანს საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს: 

დავით ჩიხელიძე: რას იტყოდა ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ის რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ყოფილიყო? ალბათ, იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია, იმიტომ რომ:  საარჩევნო უბნის შესასვლელში წარმოებდა პარტიული აგიტაცია; ამომრჩევლებს, წინასწარ მონიშნული ბიულეტენის ასლით;  აძლევდნენ მითითებას, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა; ამომრჩევლებს არ თხოვდნენ პირადობის მოწმობას; არ ხდებოდა მარკირება; საარჩევნო ყუთში ბიულეტენის განთავსებისას, ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. მგონი, ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, ჩვენს შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე: უცხოური დაფინანსების გამო ადეკვატურობის დაკარგვასთან, თუ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასთან?

დავით ჩიხელიძის პოსტი გაავრცელა მასთან დაკავშირებულმა გვერდმა “ფაქტები და არჩევანი”.

აშშ-ის არჩევნები
 

აშშ-ის არჩევნების დროს ხმის მიცემისას გადაღებული ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და რეალურად საარჩევნო პროცესის დარღვევებს არ ასახავს. 1) ვიდეოში ნაჩვენები წინასწარ შევსებული ბიულეტენი სააგიტაციო ბიულეტენია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და აშშ-ის კანონმდებლობით ამომრჩევლებისთვის მისი დარიგება ნებადართულია. ბიულეტენი არ აღიქმება ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის საშუალებად და საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამებთან არის გათანაბრებული. აღნიშნული ქმედება საარჩევნო უბნიდან გარკვეულ დისტანციაზე დაშვებულია, თუმცა უშუალოდ საარჩევნო უბნის შიგნით – აკრძალული. 2) ხმის ფარულობისთვის შტატებში განსხვავებული პროცედურები მოქმედებს; ამასთანავე გაკეთებული არჩევანის გამო მოქალაქეების დევნა არ ხდება; 3) არჩევნების დღეს მოქალაქის იდენტიფიცირება პირადობის მოწმობის გარდა სხვა ლეგალური დოკუმენტებითაც შესაძლებელია.

გავრცელებული პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო აშშ-ში საარჩევნო წესების დარღვევით მიმდინარე საარჩევნო პროცესს ასახავს. აღსანიშნავია, რომ დაკვირვებისას ვიდეოში საარჩევნო ბიულეტენის თავზე ჩანს, რომ ბიულეტენი 2023 წლის 7 ნოემბრით არის დათარიღებული და ვიდეო მუნიციპალური არჩევნების დროს პენსილვანიის შტატში, ბაქსის ოლქშია გადაღებული.

იმის გასარკვევად ასახულია თუ არა ვიდეოზე აშშ-ში მოქმედი საარჩევნო რეგულაციების დარღვევები “მითების დეტექტორი” საარჩევნო სამართლის ექსპერტსა და კონსტიტუციონალისტს, სამართლის პროფესორ ჯასტინ ლევიტს დაუკავშირდა. 

პროფესორმა ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ბიულეტენების წინასწარ შევსებული ნიმუშების დარიგება ჩვეული წინასაარჩევნო სააგიტაციო პრაქტიკის ნაწილია. ეს ბიულეტენები არაოფიციალურია და საარჩევნო ბიულეტენისგან განსხვავებულ ქაღალდზეა დაბეჭდილი. ისინი ამომრჩევლებს, შესაძლოა, ფოსტით დაეგზავნოთ, ან საარჩევნო უბნის გარეთ დაურიგდეთ და ეს პროცესი საარჩევნო კამპანიის ისეთივე ნაწილად მიიჩნევა, როგორც პოლიტიკური რეკლამები ან პოსტერების გამოყენება. საარჩევნო აგიტაცია კი საარჩევნო უბნიდან გარკვეულ დისტანციაზე დაშვებულია, თუმცა უშუალოდ საარჩევნო უბნის შიგნით – აკრძალული. 

პენსილვანიის შტატში საარჩევნო აგიტაცია უბნის შიგნით აკრძალულია, თუმცა საარჩევნო უბნის შესასვლელიდან სულ მცირე 10 ფუტის ანუ 3 მეტრის მანძილზე არის დაშვებული. შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ სააგიტაციო ბიულეტენი ამომრჩევლებისთვის უბნის შესასვლელთან საკმაოდ მოკლე დისტანციაზე დაერიგებინოთ. გარდა ამისა, პენსილვანიის შტატის საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, ამომრჩევლებს აქვთ უფლება საარჩევნო უბანზე შეიტანონ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ლიტერატურა, თუ მათ ეს ხმის მიცემაში დაეხმარებათ, თუმცა მსგავსი ლიტერატურა საარჩევნო უბანზე არ უნდა დატოვონ.

პროფესორი ჯასტინ ლევიტი აღნიშნავს, რომ მოქალაქის არჩევანზე გავლენისთვის ნებისმიერი სახის დაშინება კანონით მკაცრად არის აკრძალული. სააგიტაციო ბიულეტენები კი ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის განსაკუთრებულ მექანიზმად არ მიიჩნევა და ისევე აღიქმება, როგორც პოლიტიკური რეკლამა.

პროფესორი ჯასტინ ლევიტი: “სააგიტაციო ბიულეტენი ხელმისაწვდომია, მაგრამ ამომრჩეველს თავისუფლად შეუძლია, აიღოს ბიულეტენი, ყურადღება არ მიაქციოს მას, გადააგდოს, ან უარი თქვას მის აღებაზე. ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია, სარეკომენდაციო ბიულეტენი არ გაითვალისწინოს და თავისი არჩევანის შესაბამისად მისცეს ხმა. ადამიანი, რომელიც საარჩევნო უბნის გარეთ სააგიტაციო ბიულეტენებს არიგებს, ვერ დაინახავს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა უბნის შიგნით. სააგიტაციო ბიულეტენი განიხილება როგორც რეკლამა და არა ინსტრუქცია და არ მგონია, რომ რომელიმე ამომრჩეველი მათ ინსტრუქციად აღიქვამს ან მიიჩნევს, რომ სააგიტაციო ბიულეტენს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე – რეკლამას.”

  • ხმის მიცემის პროცედურები

აშშ-ში არჩევნები ადმინისტრირება დეცენტრალიზებულად ხდება და შესაბამისად შტატებს შორის საარჩევნო პროცედურებს შორის ბევრი სხვაობაა. განსხვავდება ისიც თუ რა საარჩევნო საარჩევნო ტექნოლოგიას იყენებენ შტატები და განსხვავებები შესაძლოა შტატის შიგნით, ოლქების დონეზეც არსებობდეს. შესაბამისად ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მექანიზმები მოქმედებს. 

მაგალითისთვის აშშ-ში 2024 წლის არჩევნებში ამომრჩევლების 69.9% ხმას ხელით მონიშნული ბიულეტენით აძლევდა, ასეთი ბიულეტენები შემდეგ ძირითადად ოპტიკური სკანერის გამოყენებით ითვლება (ზოგ მცირე ზომის ოქლში ბიულეტენები ხელით ითვლება); ამომრჩევლების 25.1% ბიულეტენის მომნიშვნელი ხელსაწყოების (BMDs) გამოყენებით აძლევდა ხმას – ასეთ დროს ამომრჩეველი ხელსაწყოს გამოყენებით ელექტრონულად აკეთებს არჩევანს და შემდეგ შესაბამისი ბიულეტენი ქაღალდზე იბეჭდება. ამ სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი შშმ პირებისთვის ხმის მიცემის პროცესის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო. ამომრჩევლების 5.0% კი პირდაპირი პირდაპირი ჩაწერის ელექტრონული სისტემების (DRЕ) გამოყენებით ციფრულად აძლევდა ხმას.

პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქში ხელით და სპეციალური ხელსაწყოთი მონიშნული ბიულეტენებით აძლევდნენ ხმას, ხოლო ხმების დასათვლელად ოპტიკური სკანერები იყო გამოყენებული. პენსლივანიის შტატში ხმის მიცემის სისტემა საარჩევნო რეგულაციების შესაბამისად 2019 წლის ბოლოს განახლდა და გამოყენებაში 2020 წლის არჩევნებიდანააა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ფარულობის დაცვისთვის პენსილვანიის შტატის მიერ შემუშავებულ გზამკვლევში აღნიშნულია, რომ ისეთ დროს როცა ამომრჩეველმა შევსებული ბიულეტენით საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უნდა იმოძრაოს, ფარულობისთვის ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ზომის კონვერტით ან საქაღალდით. ამომრჩეველმა კონვერტი რეგისტრაციის დროს უნდა მიიღოს. გზამკვლევში ბიულეტენის ჩასადები კონვერტების და საქაღალდეების მაგალითებიცაა ნაჩვენები.

აშშ-ის არჩევნები

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ბაქსის ოლქის მიერ გამოქვეყნებულ გზამკვლევშიც აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებისთვის ფარულობის უზრუნველსაყოფად საქაღალდეები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორთან” კომენტარში პროფესრომა ლევიტმა განმარტა, რომ შტატების და ოლქების მიხედვით ხმის ფარულობასთან დაკავშირებული ზომები განსხვავებულია. ზოგ შემთხვევაში როცა ხმის მიცემა ხდება უშუალოდ საარჩევნო აპარატით ციფრულად ამომრჩევლის დანახვა არავის შეუძლებელია, ზოგ შემთხვევაში, როცა საარჩევნო აპარატით ხმის მიცემისას არჩევანი ქაღალდის ბიულეტენზე ფიქსირდება, ის ამომრჩევლისთვისაა ხილვადი, მაგრამ უშუალოდ ბიულეტენი საარჩევნო ყუთში თავსდება და სხვებისთვის არჩევანი დაფარულია. ზოგ შემთხვევაში ბიულეტენი დახურულ საარჩევნო ყუთში თავსდება, რომლის მახლობლადაც არავინ დგას ან ბიულეტენის ჩასადებად კონვერტია გამოყენებული.

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ამომრჩევლის ფარულობის უზრუნველსაყოფად კონვერტი არ აქვს. ჯასტინ ლევიტმა აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მცირე ხნით საარჩევნო უბანზე მომუშავეებისთვის ხილვადი იყოს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. თუმცა მას შემდეგ რაც საარჩევნო აპარატმა ბიულეტენი მიიღო, შეუძლებელია ამომრჩევლის კონკრეტულ ბიულეტენთან დაკავშირება. 

პროფესორი ჯასტინ ლევიტი: “იმ მცირე შემთხვევებში, როდესაც საარჩევნო უბანზე მომუშავე პირი ბიულეტენზე წამიერად ხედავს არჩევანს, თუ ის პირადად არ იცნობს ამომრჩეველს, შეუძლებელია, ამომრჩევლის კონკრეტულ ბიულეტენთან დაკავშირება და იმ შემთხვევებშიც კი, როცა უბანზე მომუშავე პირი ამომრჩეველს პირადად იცნობს, არ მსმენია რაიმე სახის ბრალდებები, რომ ასეთ პირობებში ამომრჩევლები სისტემური დევნის სამიზნე გამხდარიყვნენ.”

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების მიერ ბოლო სამი არჩევნების შეფასებებით ანგარიშებში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული შენიშვნები ძირითადად ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დროს ნაწილობრივ ხმის ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას ეხებოდა და არა საარჩევნო უბნებზე. 2024 წლის არჩევნების წინასაწარი შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფოსტით ხმის მიცემის დროს ბევრ შტატში ამომრჩევლები ნაწილობრივ უარს ამბობენ ხმის ფარულობაზე. 2022 წლის შუალედური არჩევნების შეფასეის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფოსტით ხმის მიცემა კომფორტულია ამომრჩევლებისთვის, მაგრამ გარკვეულწილად ირღვევა ხმის ფარულობა. 2022 წლის ანგარიშში არჩევნების დღეს ზოგიერთ შემთხვევაში ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებიცაა აღნიშნული, თუმცა იქვეა მითითებული რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცედურები პროტოკოლის მიხედვით წარიმართა. 2020 წლის არჩევნებზე მომზადებულ ანაგრიშშიც ფარულობასთან დაკავშირებულ ხარვეზი ფოსტით ხმის მიცემასთან არის დაკავშირებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ყველა შტატი უზურნველყოფდა დამატებით კონვერტს ხმის ფარულობისთვის ფოსტით ხმის მიცემის დროს, თუმცა ამომრჩევლებამდე სათანადოდ არ იყო მიწოდებული ინფორმაცია და ინსტრუქცია ამ კონვერტების გამოყენების შესახებ, რასაც ბიულეტენის გაბათილება შეიძლებოდა გამოეწვია.

  • ავტორიზაცია

თავის პოსტში დავით ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ხმის მიცემისას პირადობის მოწმობას არ ითხოვენ. ინფორმაცია, რომ აშშ-ში ამომრჩევლები ხმის მიცემისას პირადობის დადასტურების გარეშე აძლევენ ხმას 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასევე უკონტექსტოდ გავრცელდა და “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. იდენტობის დასადასტურებელი პროცედურებიც შტატების მიხედვით განსხვავდება. ზოგ შემთხვევაში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას პირადობის მოწმობის წარდგენა მართლაც არ არის საჭირო, მაგრამ აუცილებელია ამომრჩევლად რეგისტრაციის დროს, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს ამომრჩევლის ვინაობის გადამოწმება სხვადასხვა ლეგალური დოკუმენტაციით არის შესაძლებელი. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროების შესახებ:

დავით ჩიხელიძე „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარეა. ჩიხელიძე ძირითადად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აქვეყნებს და ყალბი ინფორმაციაც გაუვრცელებია. 2020 წელს ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდა. გარდა ამისა ჩიხელიძესთან არის დაკავშირებული 2024 წელს წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი გვერდი “ფაქტები და არჩევანი”.

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist