24 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ 2013 წელს მარკ პეიგელის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 15000 წლის წინ ევრაზიის კონტინენტზე ერთი საერთო ენა არსებობდა. ვიდეოს ნარატორი აცხადებს, რომ კვლევის ავტორების ვარაუდით, ეს ენა შესაძლოა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენებულიყო. ვიდეოდან ასევე ვიგებთ, რომ სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა შეისწავლეს რამდენიმე სიტყვა, რომლებმაც კვლევის მიხედვით გაუძლო დროს და 15000 წლის შემდეგაც კი ევრაზიაში არსებულ უამრავ განსხვავებულ ენაში გვხვდება, მცირედი ცვლილებებით.
მტკიცება, თითქოს მარკ პეიგელის კვლევის მიხედვით, საქართველო შესაძლოა 15 000 წლის წინანდელი საერთო ენის სამშობლო იყოს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კვლევამ ზუსტად ვერ დაადგინა საწყისი ადგილი, მაგრამ ივარაუდება, რომ ამ ენას იყენებდნენ სამხრეთ ევროპასა და დღევანდელი თურქეთის და ერაყის ტერიტორიებზე და სწორედ ამ ენამ დაუდო სათავე 7 ენის ოჯახს, რომელთა შორის ქართველურიც იყო.
2013 წელს მკვლევართა ჯგუფმა პროფესორი მარკ პეიგელის მეთაურობით გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 15 000 წლის წინ ევრაზიის კონტინენტზე არსებობდა საერთო ენა, რომელზეც მილიონობით ადამიანი საუბრობდა. მათ სტატისტიკური მოდელების გამოყენებით, მიაკვლიეს ისეთ სიტყვებს, რომლებმაც გაუძლეს დროს და დღესაც კი გვხვდება მრავალ ენაში, მხოლოდ მცირე ცვლილებებით. ამ სიტყვების შესწავლის შედეგად, მათ დაადგინეს, რომ დიდი ალბათობით ბოლო დიდი გამყინვარების პერიოდის დასასრულისთვის სამხრეთ ევრაზიის ნაწილში არსებობდა ენა, რომელმაც შემდგომში სათავე დაუდო 7 ენის ოჯახს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ქართველური ენა იყო.
“აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომების” ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ ვერ შეძლო ამ უძველესი საერთო ენის ზუსტი წარმოშობის ადგილის დადგენა, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს სავარაუდოდ სამხრეთ ან ცენტრალური ევრაზია უნდა ყოფილიყო. გერმანულ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში პეიგელმა განაცხადა, რომ ამ ენაზე საუბრობდა სამხრეთ ევროპასა და დღევანდელი თურქეთისა და ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი და მას სავარაუდოდ დღევანდელი გერმანული ენის მსგავსი სტრუქტურა ჰქონდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დიდი გამყინვარების გამო, მოსახლეობის უმრავლესობა თავმოყრილი იყო სამხრეთით, რა დროსაც ისინი ამ უძველეს ენას იყენებდნენ, თუმცა როდესაც ყინულმა დნობა დაიწყო, ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო მიგრაცია ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან სდევდა ენის გავრცელებაც ახალ ტერიტორიებზე და შედეგად ჩამოყალიბდა 7 ენის ოჯახი, რომლის თანამედროვე ვერსიებიც დღეს თითქმის მთელს ევრაზიის ტერიტორიას მოიცავს. ესენია: 1. თანამედროვე თურქული, უზბეკური და მონღოლური ენები ალთაურ ენათა ოჯახში; 2. ჩუკჩი-კამჩატკური, რომელზეც ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში საუბრობენ; 3. დრავიდული, რომელზეც სამხრეთ ინდოეთში საუბრობენ; 4. ინუიტ-იუპური, რომელზეც არქტიკაში საუბრობენ; 5. ქართველური, რომელიც ქართულ ენად ჩამოყალიბდა, 6. ურალური, რომელიც ფინურისა და უნგრულის დედა ენაა 7. ინდო-ევროპული ანუ სხვა ევროპული ენები.
აღსანიშნავია, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე სასაუბრო ენები და ჩინურ-ტიბეტური წარმოშობის ენები, რომლებსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იყენებენ, გამონაკლისს წარმოადგენენ და მათ წარმოშობა-განვითარებაში უძველესი საერთო ენის ნიშნები არ ჩანს. პეიგელის აზრით, ეს სავარაუდოდ იმიტომ მოხდა, რომ ევრაზიის სამხრეთიდან მიგრირებულმა ხალხმა, ამ ტერიტორიაზე უკვე მცხოვრებ ხალხზე დიდი ზეგავლენის მოხდენა და მათი ენის ჩანაცვლება/შეცვლა ვერ მოახერხა.
შედეგად, გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ 15 000 წლის წინ ევრაზიის სამხრეთში არსებობდა ენა, რომელიც შემდგომში მიგრაციის დროს გავრცელდა სხვა ტერიტორიებზე და დაუდო სათავე მრავალი ენის, მათ შორის ქართულის ჩამოყალიბება-განვითარებას.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.