14 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, როგორ გადაადგილდება ადამიანების დიდი ჯგუფი ზურგზე მოკიდებული თეთრი ჩანთებით. ვიდეოს თან ახლავს აღწერა, რომლის თანახმადაც ეგვიპტელებმა ღაზასთან საზღვარი ფეხით გადალახეს, რათა ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის წყალი და საკვები პროდუქტები მიეწოდებინათ.
მსგავსი აღწერით იდენტური ვიდეო გაავრცელა ფეისბუქ-ანგარიშმა საქართველო უპირველეს ყოვლისა. ვიდეოს ასევე აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი ანგარიშები (1, 2, 3).
მტკიცება, რომ გავრცელებული ვიდეო ღაზაში დარჩენილი პალესტინელების დასახმარებლად ეგვიპტის მოქალაქეების ღაზას სექტორთან საზღვრის კვეთას ასახავს, მცდარია. ვიდეო სოციალურ ქსელებში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩნდა. კადრები ტიკტოკ პლატფორმაზე 2023 წლის 31 აგვისტოდან იძებნება და მას ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.
ვიდეოს, რომელიც თითქოს ეგვიპტე-ღაზის საზღვარზეა გადაღებული სხვადასხვა სოციალურ ქსელში მივაკვლიეთ. მათგან ყველაზე ძველი ტიკტოკზე განთავსებული ვიდეოა, რომელიც პლატფორმაზე 31 აგვისტოს გამოჩნდა. ვიდეოს არაბულენოვან აღწერაში ვკითხულობთ “ალ-სალუმი ეგვიპტის დასავლეთი საზღვარი”.
სალუმი ნავსადგურისპირა დასახლებაა ეგვიპტის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ეგვიპტე-ლიბიის საზღვრიდან 8 კილომეტრის დაშორებით.

იგივე ვიდეო 7 სექტემბერს X-ზეც (ყოფილი ტვიტერი) გამოჩნდა. აღწერაში აღნიშნულია, რომ ვიდეო ლიბია-ეგვიპტის საზღვარზეა გადაღებული.
ვიდეო ჯერ კიდევ 11 სექტემბერს გადაამოწმა არაბულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Misbar, რათა დაედგინა ასახავდა თუ არა კადრები არალეგალური მიგრაციის გზით ეგვიპტიდან ლიბიის მიმართულებით მიმავალი ადამიანების კოლონას. თავდაპირველად, სწორედ ამ მტკიცებით გავრცელდა ვიდეო სოციალურ ქსელებში – სხვადასხვა ანგარიშები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანები ეგვიპტიდან ლიბიის მიმართულებით კვეთდნენ საზღვარს ლიბიაში მუშაობის ან არალეგალური გზით ევროპაში მოხვედრის მიზნით. Misbar-მა სხვადასხვა ინდიკატორზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ვიდეო მართლაც ეგვიპტე-ლიბიის სასაზღვრო ზონაშია გადაღებული.
შესაძლებელია თუ არა ეგვიპტიდან ღაზაში თავისუფალი გადაადგილება?
ეგვიპტესა და ღაზას შორის სასაზღვრო ზოლი დაახლოებით 14 კილომეტრის სიგრძისაა. ისრაელთან დამაკავშირებელი ორი გასასვლელის გარდა, ღაზას უკიდურეს სამხრეთში მდებარე რაფას გასასვლელი ერთადერთია, რაც ღაზას სექტორს გარე სამყაროსთან აკავშირებს. გასასვლელს 2007 წლის შეთანხმებით ეგვიპტე სრულად აკონტროლებს.
რაფას გასასვლელს მიღმა, სასაზღვრო ზოლი ეგვიპტემ მყარი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. პირველი ბარიერის მშენებლობის გადაწყვეტილება ეგვიპტემ 2008 წელს მიიღო, ხოლო 2020 წელს უკვე არსებული კედლის პარალელურად, ახალი კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო. ეგვიპტე ღაზასთან ბუფერულ ზონასაც ინარჩუნებს, რომელიც 2017 წელს 1.5 კილომეტრამდე გაიზარდა.

ეგვიპტის მხრიდან საზღვრის მკაცრი კონტროლის პირობებში, სამხრეთის საზღვრიდან ღაზას სექტორში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება. ისრაელისა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის ფონზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ სასაზღვრო კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა, როგორც საზღვრის ზოლზე, ასევე უშუალოდ რაფას გამოსასვლელზე, რომელიც ამ დრომდე სრულადაა ჩაკეტილი.

წყარო: REUTERS/Ibraheem Abu Mustafa
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს
- რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?
- გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება;
- ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო ;
- არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე – რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ;
- რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?
- კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება;
- დეზინფორმაცია, თითქოს ჰამასმა ისრაელის ფესტივალის მონაწილეები თავდასხმამდე გააფრთხილა
- ისრაელ-ჰამასის ომის დროს დაღუპულ ბავშვებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
- ისმის თუ არა რუსული საუბარი ჰამასის თავდასხმის ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა?
- თავდასხმის ვიდეო არა ისრაელის არმიის, არამედ ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელ მამუკა ქარჩხაძეს ანტიდასავლური შინაარსის მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორის” რამდენიმე მასალაში მოხვდა (1,2).
განახლება 19.02.24: ფეისბუქ ანგარიშმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” სახელი შეიცვალა. ანგარიშის ახალი სახელია “მსოფლიო ამბები”.
ფეისბუქ-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა 2023 წლის 15 ივლისს შეიქმნა და ძირითადად ოპოზიციის საწინააღმდეგო (1,2,3), ანტი-უკრაინულ (1,2,3) და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ (1,2,) პოსტებს ავრცელებს. ანგარიში ასევე ხშირად აზიარებს და აქვეყნებს ფეისბუქ-მომხმარებლის ნიკუშა შანიძის პოსტებს. ნიკუშა შანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია. გარდა ამისა შანიძე ლაზარე გრიგორიადისის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული.
ფეისბუქ მომხმარებელს Ludmila Gudzovschi დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.