6 ნოემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა TV Imedi, MPN.ge, Newshub.ge – ნიუსჰაბი, Frontnews.ge ირაკლი კობახიძის განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მოლდოვაში პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი არ არსებობს, ოპოზიციური პარტიები აკრძალეს და, ფაქტობრივად, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტუტატი არ დარჩენილა.
ინფორმაცია, თითქოს მოლდოვაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აკრძალეს და პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტუტატი არ დარჩენილა, სიმართლეს არ შეესაბამება. მოლდოვის პარლამენტში მმართველ პარტიას 63, ოპოზიციურ ბლოკს 32 მანდატი ეკუთვნის, დარჩენილი მანდატები კი დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ გადანაწილებული. მოლდოვაში აკრძალვები ეხება პრორუსი ოლიგარქის ილან შორის პარტიას, რომელიც ფულის გათეთრებაშია ბრალდებული, თუმცა პარტიის სხვა წევრებს შეუძლიათ კენჭი იყარონ დამოუკიდებლად ან სხვა პარტიის სახელით.
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტი მუშაობს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო პროცესებში მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია. მოლდოვის 101 კაციანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 2021 წლის ივლისში აირჩიეს, მოიცავს არა მხოლოდ მმართველ პარტიას “მოქმედება და სოლიდარობა” (PAS), არამედ ოპოზიციურ ბლოკსაც. პროევროპული პარტია PAS ფლობს უმრავლესობას 63 მანდატით, ხოლო ოპოზიციურ “კომუნისტების და სოციალისტების ბლოკს” (BECS) 32 ადგილი უკავია. დანარჩენი ადგილები მოლდოვის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ გადანაწილებული, მათ შორის არიან “შარის” პარტიის ყოფილი წევრებიც არიან. “კომუნისტების და სოციალისტების ბლოკი” არის ალიანსი სოციალისტების პარტიას (PSRM), რომელსაც ხელმძღვანელობს იგორ დოდონი, და კომუნისტების პარტიას (PCRM) შორის, რომელსაც ვლადიმირ ვორონინი ხელმძღვანელობს. ეს ფიგურები ხშირად აკრიტიკებენ მმართველ პროევროპულ პარტიასა და მაია სანდუს რეფორმებისა და დასავლური ორიენტაციის გამო, ხოლო თავს წარმოაჩენენ მოლდოვის საგარეო გავლენისგან დამცველებად, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოსგან. გარდა ამ პარტიებისა, მოლდოვის პარლამენტში არის ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები.
მიუხედავად იმისა, რომ “მოქმედება და სოლიდარობას” აქვს უმრავლესობა, კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების არსებობა გარკვეულ პოლიტიკურ პლურალობას უზრუნველყოფს.
-
რომელი პოლიტიკური პარტიები აიკრძალა მოლდოვაში?
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოლდოვამ მიიღო სამართლებრივი ზომები რამდენიმე რუსული კავშირების მქონე პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის წინააღმდეგ, ძირითადად არალეგალური საგარეო გავლენის ბრალდებებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის გამო.
2023 წლის ივნისში მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “შორი” რუსეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებისა და მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მისი როლის გამო არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. პარტიის ლიდერს, ილან შორს, გაქცეულ ოლიგარქს, რომელიც ცხოვრობს ისრაელში, თაღლითობისა და ფულის გათეთრების სქემებში მონაწილეობისთვის გამო დაუსწრებლად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს ბრძანების მიუხედავად, პარტიის წევრებმა, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტში შეინარჩუნეს მანდატები. თუმცა, 2023 წლის მარტში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, აკრძალული პარტიების ყოფილ წევრებს გარკვეული საარჩევნო უფლებები შენარჩუნდათ და საშუალება მიეცათ კენჭი ეყარათ როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა პარტიის სახელით.
2023 წლის ნოემბრის ადგილობრივი არჩევნების წინ, მოლდოვის საარჩევნო კომისიამ “შანსს” მონაწილეობა, იმ მოტივით აუკრძალა, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას, რამდენადაც არსებობდა ეჭვი, რომ პარტია რუსული დაფინანსებით მოქმედებდა და საარჩევნო პროცესებზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა. გარდა ამისა, პარტიის წევრები დაკავშირებული იყვნენ გაქცეულ ილან შორთან. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გააუქმა მოლდოვის სასამართლომ.
2023 წელს ილან შორმა მოსკოვში გამარჯვების ბლოკის შექმნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიზანიც “შანსის” და სხვა პრორუსული ფრაქციების კონსოლიდაცია იყო, მათ შორის შანსის პარტია და სხვა. მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო ბლოკის განაცხადი კამპანიის დაფინანსების წყაროების არ გამჟღავნებისა და არასრული დოკუმენტაციის მოტივით 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, ლუდმილა კორსუნს, რომელიც ბლოკის კიდევ ერთი პრორუსული კანდიდატი იყო, რეგისტრაციაზე უარი რუმინული ენის ცოდნის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო უთხრეს, რომელიც აუცილებელია პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკიდურესი ზომაა, რომელიც ძირითადად გამოიყენება მხოლოდ ძალადობის, სიძულვილის ენის, ტერორიზმის ან კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხის შემცველი პარტიების მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და ვენეციის კომისიის რეგულაციების თანახმად, პარტიების აკრძალვა უნდა მოხდეს მხოლოდ კონკრეტულ გარემოებებში, პროპორციულობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების მკაცრი დაცვით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაია სანდუს, რომელის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, კონკურენციას უწევდა ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო რომელსაც მოლდოვის პრორუსული, “სოციალისტური პარტია” უჭერს მხარს. 2023 წელს სტოიანოგლო მოლდოვის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაძლო გადაცდომის ბრალდების გამო. ამ ბრალდებების მიუხედავად, სტოიანოგლოს მაინც მიეცა მოლდოვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ინფორმაცია მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარსულშიც ვრცელდებოდა. ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ირაკლი კობახიძე მოლდოვაში მედია პლურალიზმის საკითხსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ, ამ შემთხვევაშიც აკრძალვები მხოლოდ პრო-რუსულ მედიასაშუალებებს შეეხო. იმ არხებს, რომელთა მაუწყებლობის ლიცენზია გაუქმდა, პრორუს ოლიგარქებთან არის კავშირში. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ მითების დეტექტორის მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















