29 სექტემბერს პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდებმა ნაცებს რაა? და პოლიტიკანი, ასევე დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშებმა მიხეილ მზეთუნახავმა და გიორგი ჩიმაკაძემ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს. ჩანაწერში ყურაშვილი ამბობს, რომ ის “ამ თემაში” ცუდად ჩართეს და ყველაფერი, რასაც პაატა (სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძე) ლაპარაკობს, “ბლეფია”. ჩანაწერიდან ასევე ვისმენთ, რომ ყურაშვილმა მრევლის ნახევარი პოლიტიკური განცხადებების გამო დაკარგა და ის რევოლუციის მომხრე არაა. არქიმანდრიტი სახელ ლევანსაც ახენებს (სავარაუდოდ, ლევან ხაბეიშვილი). მისი თქმით, პაატა და ლევანი “ძალიან ცუდად მოიქცნენ”. აუდიოჩანაწერის ბოლოს ყურაშვილი სატელევიზიო არხებზე, “ფორმულასა” და ტელეკომპანია “პირველზეც” საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ურეკავენ და მისგან ინტერვიუს ითხოვენ, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.


“მითების დეტექტორმა” გავრცელებული ჩანაწერი შეისწავლა. აუდიოში დოროთე ყურაშვილის ხმა რეალურისგან განსხვავდება. მაგალითად, მედიების პირდაპირ ეთერებში (1;2;3) არქიმანდრიტი ყოველთვის უფრო ნელა და ხმის დაბალ ტონალობაში საუბრობს. გავრცელებულ ჩანაწერში რამდენიმე ეპიზოდში მოსაუბრეს უჭირს ბგერა ძ-ს გამოთქმა, ზოგიერთ შემთხვევაში მის მაგივრად ბგერა დ ისმის. მსგავსი მახასიათებელი არ შეიმჩნევა დოროთე ყურაშვილის რეალური საუბრისას. ასევე, ჩანაწერში ისმის, რომ მოსაუბრე მარტივი წინადადებებით საუბრობს და ყველა წინადადების შემდეგ არაბუნებრივ პაუზას აკეთებს. გარდა პირდაპირი ეთერის ჩანაწერების ყურებისა, ვუყურეთ დოროთე ყურაშვილის მონაწილეობით ჩაწერილ სიუჟეტებსაც (1;2;3), სადაც ის ჟურნალისტთან საუბრობს. ჩანაწერებში მეტად გამოკვეთილია სასულიერო პირის დიალექტური მეტყველება, რაც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ნაკლებად შეიმჩნევა.
აუდიოჩანაწერი ორგანიზაცია WITNESS-ის “დიფფეიკებზე სწრაფი რეაგირების გუნდსაც” (Deepfakes Rapid Response Force, DRRF) გავუგზავნეთ, რომელიც მედია-ფორენზიკისა და დიფფეიკების ექსპერტებისგან შედგება. ჩანაწერი სამმა სხვადასხვა გუნდმა შეისწავლა და დამოუკიდებელი დასკვნები მოამზადა:
პირველმა გუნდმა აუდიოს გასაანალიზებლად საკუთარი აუდიო ინსტრუმენტი გამოიყენა. ინსტრუმენტმა ჩანაწერი დაახლოებით 15 წამიან 7 სეგმენტად დაყო და ამოიცნო ყველა ის სეგმენტი, რომელიც სავარაუდოდ ყალბია. ვიზუალური სპექტროგრამა აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა გაანალიზებული აუდიო (მარცხნივ) და როგორი შედეგი უნდა მიეღო აღმომჩენ ინსტრუმენტს აუდიო რეალური რომ ყოფილიყო (მარჯვნივ).

შედეგად, გუნდის დასკვნით, აუდიო სავარაუდოდ ყალბია. გასათვალისწინებელია, რომ გუნდის ექსპერტებისთვის ქართული მშობლიური ენა არაა, შესაბამისად, მათ აუდიო მხოლოდ სპექტროგრამის საფუძველზე გააანალიზეს. ინსტრუმენტი ხმასთან დაკავშირებული მონაცემებიდან წარმოშობილი აუდიო მინიშნებების იდენტიფიცირებისთვისაა შექმნილი.
DRRF-ის დანარჩენი ორი გუნდის დასკვნები განსხვავებულია. მეორე გუნდმა აუდიოჩანაწერის 351 სეგმენტის ანალიზით დაადგინა, რომ აუდიო, სავარაუდოდ, ნამდვილია. თუმცა, როგორც გუნდი ხაზს უსვამს, ხმის ნამდვილობა იმას არ ნიშნავს, რომ ის ყურაშვილს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ ხმის სიყალბის აღმოჩენის ეს პროცესი სრულად ავტომატურია და ფაილის სიგნალის თვისებებს ეფუძნება. გუნდი არ აფასებს ჩანაწერს კონტექსტის, პიროვნების, ენის ან განზრახვის გათვალისწინებით.
მესამე გუნდმა მეორის მსგავსად საკუთარი აღმომჩენი მოდელის გამოყენებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვალს ვერ მიაგნო. დამატებით, გუნდის წევრებმა მელ-სპექტროგრამასა და ტალღების ფორმებზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ მოცემული ჩანაწერი მნიშვნელოვნად ემთხვევა ნამდვილი ადამიანის მეტყველებას.

შესაბამისად, ანალიზმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვერ დაამტკიცა, თუმცა, ის ვერ აჩვენებს ჩანაწერში არსებული ხმა ნამდვილად ყურაშვილს ეკუთვნის თუ არა, რაც მათ მიერ გამოგზავნილ დასკვნაშიც არის ხაზგასმული. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული ინსტრუმენტი ნებისმიერ აუდიოს აანალიზებს, გასათვალისწინებელია, რომ მას კონკრეტულად ქართული ენის შესწავლა არ გაუვლია.
გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს დაუკავშირდა. არქიმანდრიტმა ჩვენთან კომენტარში განაცხადა, რომ ჩანაწერი ყალბია, ხმა მას არ ეკუთვნის და აუდიოს შინაარსი მის პოზიციას არ გამოხატავს.
დოროთე ყურაშვილი: “ეს საუბარი საერთოდ არ არის ჩემი, ერთი სიტყვაც კი, აზრიც სიცრუეა, არათუ ხალხი წავიდა ჩემგან, არამედ მთელი გონიერი საქართველო ჩემთანაა და მე მათთან. არც იმას ვიტყოდი რომ მონასტერში წავალ, რადგან 25 წლის წინ წავედი მონასტერში და ერთი დღე არ მიცხოვრია მონასტრის გარეთ. ხმაც ჩემი არ არის (ეტყობა ხელოვნურმა ინტელექტმა მეგრული არ იცის და მეგრულ კილოს ვერ აკეთებს) იქ მხოლოდ სურათია ჩემი, სხვა არაფერი”
აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანი, ერთი მხრივ, არქიმანდრიტის დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მოსაზრების გავრცელებაა, რომ ოპოზიციონერები სასულიერო პირებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. იმაზე ხაზგასმით, რომ ყურაშვილმა მრევლის ნახევარი დაკარგა, ჩანაწერი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მას მხარს არ უჭერს.



















