2024 წლის 6 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა “Агратис. Возрождение славянской исторической памяти и духовных традиций” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ავტორის მტკიცებით, არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით ატლანტიდისა და ჰიპერბორეას ერთიანი დედამიწის ცივილიზაციის არსებობის შესაძლო მტკიცებულება იპოვეს. ავტორის ცნობით, ვიდეოში ნაჩვენები ფოტოები აშშ-სა და საფრანგეთში გათხრების შედეგად აღმოჩენილ ხომალდებს ასახავს.
ვიდეოში ნაჩვენები ფოტოები, რომლებზეც თითქოს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სხვადასხვა ფორმის ხომალდია ასახული, ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული. ინფორმაცია, რომ აშშ-სა ან საფრანგეთში არქეოლოგებმა მსგავს გამოგონებებს მიაკვლიეს, ღია წყაროებით არ დასტურდება. ატლანტიდა და ჰიპერბორეა მითებია, მათი არსებობა რეალურად არ დასტურდება.
-
ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა აღმოჩენას ასახავს, AI-ს მიერ გენერირებულია
ვიდეოში არაერთი ფოტოა ნაჩვენები, რომელთა შესახებაც ავტორი ამტკიცებს, თითქოს ისინი აშშ-სა და საფრანგეთში აღმოაჩინეს.
ფოტოებზე დაკვირვების, მათ შორის, აღმოჩენების ირგვლივ გამოსახულ ადამიანებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. შესამჩნევია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ფოტოები ერთი და იმავე სტილის არის. ხომალდები, რომლებიც თითქოსდა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ერთმანეთს ჰგავს და არაბუნებრივი ფორმისაა. თუ დავაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც “აღმოჩენების” ირგვლიც დგანან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ნაწილს არაბუნებრივი ფორმა აქვს, მათი სახეების გარჩევა ფოტოებზე შეუძლებელია, ზოგიერთი მათგანის გამსოახულება დეფორმირებულია.
ფოტოების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი არაერთი გამოსახულებაა გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ “აღმოჩენებს” განსხვავებული ფორმა აქვს, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების სტილი მსგავსია.

აღსანიშნავია ისიც, რომ Youtube-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც მიწის ქვეშ “აღმოცენილ” მსგავს ხომალდს ვხედავთ, აღწერაში მითითებული აქვს, რომ გამოსახულება ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მსგავსი ხომალდების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით, მათ შორის, დასავლური მედიის ვებ-საიტებით არ იძებნება (1;2;3). მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამტკიცებს, თითქოს ხომალდები აშშ-სა (მისურიში) და საფრანგეთში აღმოაჩინეს, აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია არაა ასახული Missouri Archaeological Society (MAS)-ისა საფრანგეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის ვებ-საიტებზე.
ატლანტიდა და ჰიპერბორეა
ავტორის მტკიცებით, “აღმოჩენები” ატლანტიდისა და ჰიპერბორეას არსებობას ამტკიცებს. ატლანტიდისა და ჰიპერბორეას მითების შესახებ სხვადასხვა მტკიცება ხშირად ვრცელდება.
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰიპერბორეა იყო სამოთხე, რომელიც მდებარეობდა სამყაროს უკიდურეს ჩრდილოეთში, ჩრდილოეთის ქარის მიღმა. ჰიპერბორეას მოიხსენიებდნენ, როგორც მარადიული მზისა და სიუხვის მიწიერ სამოთხეს. მითის მიხედვით, აქ მცხოვრები ჰიპერბორეელები თაყვანს მზის ღმერთ აპოლონს სცემდნენ.
ოკეანის ყველა საიდუმლოებათაგან, ერთ-ერთი მიმზიდველი ლეგენდა დაკარგული ქალაქი ატლანტიდაა. ჩაძირული ცივილიზაციის იდეა პირველად პლატონის ნაშრომებში “Timaeus and Critias” გაჩნდა. ნაშრომებში იგი აღწერილი იყო, როგორც განვითარებული ერი, რომელიც ჩაიძირა ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე. მიუხედავად ამისა, მისი არსებობა არ დასტურდება და კუნძულის შესახებ ისტორიები ლეგენდაა.
ცისია კირვალიძე და თინათინ გრძელიშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.