29 მაისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ანაკლიის პორტისა და საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. მჟავანაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიის მიერ მშენებლობის გამო აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფნის პერიოდში საქართველოში ევროპელები და ამერიკელები ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ. მჟავანაძე ასევე ამტკიცებს, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოში ინვესტიციებს დებს რუსები, აზერბაიჯანელები და ჩინელები არიან.
მტკიცება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დასავლური სახელმწიფოები ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ, მცდარია. 2004-2012 წლებში ევროპული ქვეყნები და აშშ საქართველოში მაღალი მოცულობის პირდაპირ ინვესტიციას დებდნენ. ასევე მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში ინვესტიციებს მხოლოდ რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი ახორციელებენ. 2023 წლის მონაცემებით, უმსხვილესი საგარეო ინვესტორები გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი არიან, ხოლო რუსეთი მეხუთე, აზერბაიჯანი მეშვიდე, ჩინეთი კი მერვე ადგილებს იკავებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი ლიდერობენ. ხუთეულში ასევე შედიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. მჟავანაძის მიერ დასახელებული კიდევ ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და ჩინეთი მეშვიდე და მერვე ადგილებს იკავებს.

მონაცემები არსებითად განსხვავებული არც 2022 წელს იყო. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ძირითადი ინვესტორები გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, აშშ და ირლანდია იყვნენ. რუსეთი ამ წელს ინვესტორებს შორის მეშვიდე, ჩინეთი კი მეცხრე ადგილს იკავებდა. ამ წელს აზერბაიჯანიდან 1.7 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და ის ათეულში ვერ მოხვდა.

2021 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ჯამურად ნაკლები პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, უმსხვილესი ინვესტორი გაერთიანებული სამეფოა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, თურქეთი, ჩეხეთი და რუსეთი.

ნიკოლოზ მჟავანაძე ასევე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ევროპის ქვეყნები და ამერიკა საქართველოში ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ. რეალურად, ამ პერიოდის მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც გაერთიანებული სამეფო და ევროპის სხვა ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდნენ. დამატებით, მსხვილი ინვესტორების სიაში თურქეთიც მუდმივად ხვდებოდა.
ქვეყნები |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
გაერთიანებული სამეფო |
85,009 |
131,546 |
174,535 |
133,178 |
148,179 |
72,439 |
62,336 |
57,216 |
95,536 |
აშშ |
80,753 |
15,088 |
100,833 |
68,439 |
167,920 |
-10,026 |
141,210 |
35,291 |
20,254 |
თურქეთი |
33,326 |
21,519 |
126,790 |
79,510 |
167,403 |
97,984 |
91,786 |
77,708 |
107,222 |
რუსეთი |
43,165 |
40,124 |
30,987 |
75,162 |
26,212 |
10,253 |
50,974 |
58,017 |
22,017 |
აზერბაიჯანი |
66,883 |
64,704 |
71,021 |
19,766 |
23,371 |
29,923 |
62,859 |
69,454 |
61,287 |
ჩინეთი |
7,338 |
5,668 |
5,445 |
6,028 |
-2,271 |
-2,237 |
-7,782 |
30,382 |
70,156 |
საფრანგეთი |
22,592 |
14,121 |
15,679 |
37,484 |
8,179 |
11,958 |
-7,820 |
7,353 |
25,863 |
ნიდერლანდები |
35.6 |
632.0 |
69,405 |
274,706 |
138,706 |
34,325 |
73,008 |
244,536 |
34,210 |
გერმანია |
5,513 |
6,217 |
19,472 |
51,898 |
40,590 |
21,345 |
12,848 |
46,570 |
142,405 |
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ დისკუსია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ მის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი ჩაერთვებოდა. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე იხილეთ მასალაში:
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.