27 ოქტომბერს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ჟურნალისტი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კოლიცია “ცვლილებისთვის” ბრიფინგზე მათივე წევრის, ნანა მალაშხიას მიმართვას ასახვას. ვიდეოში მალაშხია ამბობს: “კოალიცია ცვლილებები” ვამბობთ, ყველანი ერთად, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის ლეგიტიმური.”
ბრიფინგიდან ნანა მალაშხიას მოჭრილი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ ნათქვამი პოლიტიკოსმა მაშინვე შეცვალა და აღნიშნა, რომ ის გაყალბდა და შედეგები არალეგიტიმურია. ამასთანავე, კოალიციის მთლიანი ბრიფინგი არჩევნების შედეგების არაღიარებას ეხებოდა.
27 ოქტომბერს კოალიცამ “ცვლილებისთვის” ბრიფინგი გამართა. კოალიციის წევრებმა, ნიკა გვარამიამ და ნანა მალაშხიამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია და არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას. ნიკა გვარამიამ საპარალამენტო არჩევნებს “რუსული სპრეცოპერაცია, ტექნოლოგიური სპეცოპერაცია” უწოდა, მან ისიც აღნიშნა, რომ ელექტრონულ ხმის მთვლელ მოწყობილობებზე აუდიტი ხელისუფლებამ ჩაატარა, რაც კოალიციას მის სანდოობაში ეჭვს უჩენს. კოალიციის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ და სიას ჩახსნიან. მალაშხიამ თქვა, რომ ის საკუთარ მანდატზე უარს ამბობს, შემდგომ კი წაიკითხა სიის პირველი ოცეული, რომლებიც ასევე არ აპირებენ XI მოწვევის პარლამენტში მონაწილეობის მიღებას.
ბრიფინგისას მალაშხია ამბობს, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, წინადადებას კი აგრძელებს ფრაზით “ხოლო შედეგები არის ლეგიტიმური”. წინადადების დასრულებისთანავე, კოალიციის სხვა წევრები ამბობენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია და თავად მალაშხიაც ბოდიშს იხდის და იმეორებს, რომ შედეგები არალეგიტიმურია.
ნანა მალაშხია: (5:15) “მე ასევე მინდა გიხრათ, უკვე ისაუბრა ნიკამ [გვარამია], რომ ეს არჩევნები, კოალიცია “ცვლილებები” ვამბობთ, ყველანი ერთად, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის ლეგიტიმური… არალეგიტიმური, ბოდიშით, არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპასული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს.”
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ოფიციალური მონაცემით, 5%-იანი ბარიერი გადალახა და XI მოწვევის პარლამენტში მოხვდა ხუთი პარტია. მათ შორის ყველაზე მეტი, ხმათა 53.9% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. რაც შეეხება კოალიციას “ცვლილებისთვის”, მათ ხმათა 11% მიიღეს. ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ის მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებული არაერთი შეცდომაში შემყვანი ცნობა ვრცელდება. შესამჩვევია პოლიტიკოსების შესახებ მანიპულაციური ვიზუალური მასალებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელება. არჩევნების დღიდან “მითების დეტექტორი” მსგავსი შინაარსის ინფორმაციას აქტიურად ამოწმებს.
ვიდეოს გამავრცელებელი ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ჟურნალისტი” ხელისუფლების ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების შესახებ დისკრედიტაციულ ფოტო-ვიდეო მასალას სისტემატურად ავრცელებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















