17 დეკემბერს ფეისბუკის რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ფოტო (1, 2, 3.), რომელიც მათი მტკიცებით ინდური სატირული გამოცემა Rodip Reb-ის 16 დეკემბრის გარეკანს ასახავს. ფოტოზე ნაჩვენებია ნაძვის ხის დამსხვრეული სათამაშო, რომელიც უკრაინის ფერებშია შეღებილი და ინგლისურ ენაზე ახლავს წარწერა: “2024 UKRAINE: “Shrouded in Darkness: The Tragic Prospects of Ukraine in 2024 (2024 უკრაინა: სიბნელით მოცული: უკრაინის ტრაგიკული პერსპექტივები 2024 წელს)”.
ფოტო რუსულ მედიაშიც გამოქვეყნდა, ხოლო ტელეგრამ არხზე რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ოლესია ლოსევამ 16 დეკემბერს გაავრცელა.
პოსტის ავტორები ფოტოფაბრიკაციას ავრცელებენ. Rodip Reb-ის სახელის მქონე სატირული გამოცემა არ არსებობს და გამოგონილია.
გავრცელებული ფოტოს გადამოწმების პროცესში დადგინდა, რომ ინდური სატირული ჟურნალი “Rodip Reb” ინგლისურ და ინდურ ენებზე, არც ერთი საძიებო სისტემით, მათ შორის გუგლით, ბინგითა და იანდექსით არ იძებნება. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იძებნება და დიდი ალბათობით, მსგავსი გამოცემას არც არასდროს უარსებია. გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს იმ საიტის ბმულიც, საიდანაც პოსტების ავტორების მტკიცებით, აღებულია გარეკანი: www.rodipreb.in. თუმცა ამ საიტზე შესვლის ყოველი მცდელობა წარუმატებელია.
საკითხის დასაზუსტებლად “მითების დეტექტორი” ფაქტების გადამმოწმებელ ინდურ ორგანიზაცია FACTLY MEDIA & RESEARCH-ს დაუკავშირდა. მათ დაადასტურეს, რომ “Rodip Reb”-ის სახელით ცნობილი ინდური გამოცემა არ არსებობს და არც ფოტოზე მითითებული ავტორის სახელის მოძებნა არის შესაძლებელი.
ინტერნეტში არ იძებნება თავად ფოტოც. ის მხოლოდ სოციალურ ქსელებში რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ ვრცელდება და მისი სავარაუდო პირველწყარო რუსი ჟურნალისტი და რუსეთის პირველი არხის გადაცემის “Время покажет” (დრო გვაჩვენებს) წამყვანი ოლესია ლოსევაა. ის რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია და მისი პირადი ტელეგრამ არხი წარსულშიც გამოუყენებია გაყალბებული ფოტოების გასავრცელებლად, მათ შორის უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ინტერნეტში უკრაინის დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა გამოცემის სახელით არაერთი გაყალბებული კარიკატურა თუ გარეკანი გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:
- ფრანგული გაზეთის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- THE NATION-ს ზელენსკისა და ლეოპარდების კარიკატურა არ გამოუქვეყნებია
- “შარლი ებდოს” სახელით უკრაინელ მოფარიკავეზე გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-მომხმარებელი Inessa Filatova ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.