26 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2) საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შემდეგი ციტატა: “იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი” – დიდმა აკაკიმ დაგვიწერა. თუკი ასეთი უდიდესი მეფე არაბი გვყავდა, რატომ არ შეიძლება საქართველოში არაბული ქალაქები ავაშენოთ?” ყაველაშვილის ციტატასთან ერთად საინფორმაციო ბარათზე ვხედავთ ლოგოს წარწერით Khashuri News.

არაბული ქალაქების შესახებ მიხეილ ყაველაშვილის ციტატა რეალური არ არის. ის თავდაპირველად სატირულმა გვერდმა “ხაშურის მუნიციპალიტეტი” გაავრცელა.
მიხეილ ყაველაშვილის ციტატა, სადაც ის “არაბული ქალაქების” მშენებლობის შესახებ საუბრობს, სატირულ ფეისბუქ-გვერდზე “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality” გამოქვეყნდა. ციტატის პირველწყარო წერს, რომ ყაველაშვილმა განცხადება გააკეთა 25 ნოემბერს, “ტრადიციულ სამშაბათის ბრიფინგზე”. განსხვავებით ფეისბუქ-ანგარიშებისგან, “ხაშურის მუნიციპალიტეტი” პოსტის ბოლოს მიუთითებს, რომ ციტატა სატირული და სარკასტულია.

მიხეილ ყაველაშვილის მსგავსი ციტატა არ გავრცელებულა არც მის ოფიციალურ გვერდზე და არაც მედიაში (1;2;3). შესაბამისად, ციტატა სატირული გვერდის მიერ არის გამოგონილი და ყაველაშვილს განცხადება რეალურად არ გაუკეთებია.
სავარაუდოა, რომ ყაველაშვილის შესახებ სატირული პოსტი ეხმაურება პროექტს, რომლის განხორციელებასაც არაბული კომპანია Eagle Hills-ი მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოში გეგმავს. პროექტი თბილისსა და გონიოში სასტუმროების, საცხოვრებლების, რესტორნებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას მოიცავს. სახელმწიფო აღნიშნული $6.6 მილიარდიანი პროექტის აქციონერი გახდა და კომპანიაში 33%-ის წილი აქვს. ხელშეკრულება საჯარო არ არის და მას კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს. პროექტთან დაკავშირებით კრიტიკის შემდეგ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორივე ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისაა და მშენებლობის დასრულების შემდეგ არავითარი ავტონომიური დატვირთვა არ ექნება – “ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება”. მისივე სიტყვებით, ელიან, რომ პროექტში ქართველი მყიდველის პროცენტული მაჩვენებელი 80%-თან ახლოს იქნება.
“მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა იგივე გვერდის მიერ გავრცელებული ცნობები, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელში რეალურ ინფორმაციად გავრცელდა:
- ხაშურში ჯაბა იოსელიანის მუზეუმის აშენებაზე ინფორმაციის პირველწყარო სატირული გვერდია
- ხაშურში ბრეჟნევის ბიუსტის აღდგენაზე ინფორმაციის პირველწყარო სატირული ფეისბუქ-გვერდია
- პოსტი, თითქოს ხაშურში გიორგი სააკაძის ქუჩას შევარდნაძის სახელი მიენიჭება, სატირულია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















