30 ივნისს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა, ჰომეოპათმა თინა თოფურიამ ფეისბუქზე გააზიარა ინგლისურენოვანი სტატია, რომელშიც, მისივე განმარტებით, ამერიკის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რობერტ კენედი გრიპის ვაქცინებში “ვერცხლისწყლის მარილის” (ნივთიერება თიმეროსალის) შემცველობის შესახებ საუბრობს. თოფურია წერს: “როგორ შეიძლება მისი გაკეთება საერთოდ, და მითუმეტეს ჩვილების და ორსულებისათვის.” სტატიას აქვეყნებს ორგანიზაცია “ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა” სათაურით “რობერტ კენედი უმცროსი The Guardian-ს ვაქცინებში თიმეროსალის შესახებ ცრუ მტკიცებების გამო აკრიტიკებს.”

ვაქცინებში შემავალი თიმეროსალის შესახებ ცნობები მანიპულაციურად ვრცელდება და ნივთიერებაზე სრულ ინფორმაციას არ გვაწვდის. გაზიარებულ სტატიაში კენედი, რომელიც ვაქცინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, თიმეროსალის უარყოფით თვისებებზე საუბრობს. სხვა არაერთი კვლევა, ასევე აშშ-ის ჯანდაცვის უწყებები და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უვნებელს უწოდებენ ვაქცინებში თიმეროსალის გამოყენებას. ამის მიუხედავად, აშშ-ში გრიპის ვაქცინების უმეტესი ნაწილი თიმეროსალს არ შეიცავს.
ჰომეოპათ თინა თოფურიას მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული სტატია (“რობერტ კენედი უმცროსი The Guardian-ს ვაქცინებში ტიმეროსალის შესახებ ცრუ მტკიცებების გამო აკრიტიკებს”) გამოქვეყნებული აქვს ორგანიზაციას “ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა”. სტატიის ბმულზე გადასვლისას გვხვდება რედაქტორის შენიშვნა, რომ ქვემოთ მოცემული ტექსტი რობერტ კენედი უმცროსს საკუთარ სოციალურ ქსელში აქვს გამოქვეყნებული. პოსტით კენედიმ გამოცემა The Guardian-ის სტატიას უპასუხა.
რა წერია The Guardian-ის სტატიაში და რას პასუხობს რობერტ კენედი?
2025 წლის 20 ივნისს გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პანელია განხილული. სტატიის თანახმად, ივნისის თვეში იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომისიას უნდა ემსჯელა ორ საკითხზე: გრიპის ვაქცინებსა და ისეთ გრიპის ვაქცინებზე, რომლებიც ნივთიერება თიმეროსალს შეიცავს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თიმეროსალის ის რაოდენობა, რაც ვაქცინებშია გამოყნებული, უსაფრთხოა. საპირისპიროდ კი ნახსენებია 2014 წელს რობერტ კენედი უმცროსის მიერ გამოცემული წიგნი (Thimerosal: Let the Science Speak), რომელშიც ნივთიერება თიმეროსალის საზიანო თვისებებზეა საუბარი. წიგნში კენედი წერს: “მკვლევარ მეცნიერებს შორის ფართო კონსენსუსია, რომ თიმეროსალი სახიფათო ნეიროტოქსინია, რომელიც დაუყოვნებლივ ამოღებული უნდა იქნეს მედიკამენტებიდან.” The Guardian-ის სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული კომისიის იმ წევრებზეც, ვინც ვაქცინებში თიმეროსალის აკრძალვაზე უნდა იმსჯელონ. სტატიის თანახმად, 9 ივნისამდე კომისია დამოუკიდეველი იყო, თუმცა ის კენედიმ დაშალა და 9 წევრი თავიდან დანიშნა. კომისიის ამჟამინდელი წევრების რეპუტაცია და გამოცდილება ბევრისთვის საეჭვოა.
კომისიის წევრების ბიოგრაფიით, The Guardian-თან ერთად, არაერთი მედია დაინტერესდა. ამერიკული სამეცნიერო გამოცემა The Science რობერტ კენედის მიერ დანიშნული წევრების შესახებ წერს, რომ მათი ნაწილი “ანტივაქსერულ სენტიმენტებს” გამოხატავდა და მცირე გამოცდილება აქვთ ვაქცინებზე მუშაობის. გამოცემამ შეისწავლა ახალი წევრების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები და დაადგინა, რომ ისინი ბევრად ნაკლებს (78%-ით ნაკლები) წერენ ვაქცინაციის შესახებ, ვიდრე პანელის ყოფილი წევრები. BBC ასევე წერს პანელის წევრების მცირე გამოცდილებაზე და აღნიშნავს, რომ ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების ისტორია აქვთ. სტატიაში მაგალითადაა დასახლებელი ექიმი მელოუნი, რომელსაც პანდემიის დროს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს. ასევე, ექიმი კულდორფი, რომელიც ახლა პანელის წევრია, ამბობდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მისი გათავისუფლების მიზეზი Covid 19-თან დაკავშირებით უნივერსიტეტის მოთხოვნების კრიტიკა გახდა.
The Guardian-ის სტატიას რობერტ კენედი X-ზე გამოეხმაურა. მან გამოცემა გააკრიტიკა და “ბრმა”, ხოლო სტატიას “მეცნიერულად უსაფუძვლო გამეორება” უწოდა.
რა არის ცნობილი ნივთიერება თიმეროსალის შესახებ?
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განმარტებით, ბუნებაში არსებობს ორი სახის ქიმიური ნივთიერება მერკური (იგივე ვერცხლისწყალი): ეთილმერკური და მეთილმერკური. დიდი რაოდენობით მეთილმერკური, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობისთვის მომწამვლელი იყოს. ამერიკის ფედერალური მითითებით, რაც შეიძლება მეტი მეთილმერკური უნდა განიდევნოს გარემოდან და საკვებიდან. რაც შეეხება ეთილმერკურს, ის უფრო სწრადაფ გამოდის ორგანიზამიდან და ნაკლებად სავარაუდოა ზიანი გამოიწვიოს. თიმეროსალი ეთილმერკურს შეიცავს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ტიმეროსალის შესახებ წერს, რომ მისი დანიშნულება იყო პროდუქტების შენახვისა და გამოყენებისას მიკრობების ზრდის პრევენცია, ასევე გარკვეული ორგანიზმებისა და ტოქსინების დეაქტივაცია.
თიმეროსალი ვაქცინებში, როგორც კონსერვანტი, 1930 წლიდან გამოიყენება. თიმეროსალის ფუნქციაა მრავალდოზიან ვაქცინების მავნე მიკრობებისგან დაცვა უზრუნველყოს. ვაქცინებში თიმეროსალის ის რაოდენობა გამოიყენება (~0.01%), რაც დაცვისთვისაა საკმარისი. შედარებისთვის, ეს არის ის რაოდენობა, რომლის მიღებაც, დაახლოებით, 85 გრამი ტუნას საშუალებითაა შესაძლებელი. 2001 წლიდან ამერიკაში 6 წლამდე ბავშვებისთვის რუტინულად რეკომენდებული ყველა ვაქცინიდან ამოღებულ იქნა ან შემცირდა თიმეროსალის შემცველობა. ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ნაბიჯი გლობალური პრობლემის მოგვარებას, გარემოში ვერცხლისწყლის ზემოქმედების შემცირებას ემსახურებოდა. CDC-ის 2024-2025 წლის ანგარიშით, თიმეროსალს ვხვდებით ქვეყანაში ლიცენზირებულ მხოლოდ მრავალდოზიან ვაქცინებში და მცირეა რაოდენობა, რომელიც თიმეროსალს შეიცავს. CNBC-ის ინფორმაციით, თიმეროსალი გრიპის ვაქცინების მხოლოდ 4-5%-ში შედის.
არაერთი კვლევა დაეთმო თიმეროსალის უსაფრთხოების შესწავლას. CDC, WHO და ევროპის მედიკამენტების შეფასების სააგენტო განმარტავს, რომ თიმეროსალი უსაფრთხო ნაერთია. WHO-ს შეფასებით, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ვაქცინებში თიმეროსალის უსაფრთხოების დამატებით კვლევებს არ საჭიროებს და არსებული კვლევები ადასტურებს, რომ თიმეროსალის, როგორც ვაქცინების კონსერვანტის გამოყენება უსაფრთხოა.
ამ დროისთვის არ გავრცელებულა ინფორმაცია, CDC დათანხმდება თუ არა პანელის რეკომენდაციას. ფედერალური კანონის თანახმად, CDC-ის არ აქვს ვალდებულება ავტომატურად მიიღოს და ფედერალურ რეკომენდაციად აქციოს კომისიის დასკვნა.
ვაქცინებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები თიმეროსალის შესახებ ხშირად ავრცელებენ მცდარ ცნობებს. ერთ-ერთი ასეთი მტკიცება “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა. 2021 წელს ფეისბუქ-მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინები, რომლებიც თიმეროსალს შეიცავს, აუტიზმს იწვევს. ჩატარებული კვლევებით საპირისპირო მტკიცდება და აუტიზმსა და ტიმეროსალს შორის კავშირი არ დასტურდება.