28 დეკემბერს POSTV-ის გადაცემის “მედია რენტგენის” წამყვანმა ლიზა გეგეჭკორმა ფოლკლორისტ გიორგი უშიკიშვილის ვიდეო პირად გვერდზე, ასევე ფეისბუკ ჯგუფში ანტი-მაიდანი! გააზიარა. ვიდეო ფრაგმენტში უშიკაშვილი შემდეგ სიტყვებს ამბობს: “მე თუ არ ვიქნები ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო. ანუ ახლა ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი არის სწორედ ეს. ანუ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო”. ხოლო თავად ვიდეოზე გვხვდება შემდეგი წარწერა: “ჩვენ თუ არ ვიქნებითო, მოგტ*ვნიათ პატრონიო ამის სააკოვის კარის მომღერლის..”.
გიორგი უშიკიშვილის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ის აღნიშნულ ფრაზას მმართველ პარტიაზე ამბობს და არა საკუთარ თავზე ან აქციის მონაწილეებზე.
27 დეკემბერს მუსიკოსების მარშზე, TV პირველის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს გიორგი უშიკიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ხელისუფლება სანქციების შემდეგ უკან დაიხევს თუ არა და რა იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი, უპასაუხა, რომ ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი არის გამოთქმა “მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო”. უშიკიშვილი ამატებს, რომ თუ მათ [მმართველ პარტიას] უნდათ, რომ ქვეყანა განადგურეს ყველანაირად, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ჟურნალისტის კითხვის გარეშე მოჭრილ ვიდეოში, კონტექსტი არ ჩანს, რაც მცდარ შთაბეჭდილას ქმნის, ხოლო სრულ ვიდეოში ვისმენთ, რომ უშიკიშვილის განცხადება მმართველ პარტიას მიემართება.
29 დეკემბერს გიორგი უშიკიშვილი უკონტექსტოდ გავრცელებულ ვიდეოს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა. ის აღნიშნავს: “ადამიანმა (მათ შორის ხელისუფლებამ) ისე არ უნდა იცხოვროს, გამოთქმა რომ არსებობს, მე თუ არ ვიქნები ქვა ქვაზე ნუ დაჩენილაო. პროპაგანდისტებმა მხოლოდ ეს ფრაზა მოჭრეს და გამოვიდა, თითქოს მე ვამბობ, მე თუ არ ვიქნები ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო…”
28 ნოემბრიდან საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. გამოსვლები მოჰყვა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელსა თუ სამთავრობო მედიაში არაერთი დეზინფორმაციული ცნობა თუ ვიზუალური მანიპულაცია ვრცელდება.
მოამზადა ანანო სიყმაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.