ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გავარცელების კონტექსტში ქართულ და რუსულ საიტებზე, ისევე როგორც სოციალური ქსელების ქართულ და ინგლისურენოვან გვერდებზე, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ადამიანებში მიკროჩიპების ჩაყენებას გეგმავს. კონსპირაციის თანახმად, ბილ გეიტსი შექმნის ინპალნტირებად კაპსულებსა და ჯანმრთელობის ციფრულ სერტიფიკატებს, რაც ადამიანთა მართვისთვის არის საჭირო.
ქართულ მედია სივრცეში კორონავირუსის და მიკროჩიპების კონსპირაცია 25 მარტს საიტმა fact2.ge-მ გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემული იყო ინტერვიუ ამავე გამოცემის დამფუძნებელ ჟურნალისტ ბესო მახარაშვილთან. ინტერვიუში ის ამბობს, რომ მიკროჩიპების ჩასაყენებლად კორონავირუსი “საუკეთესო გაპრავება” იქნება. მიკროჩიპების კონსპირაციის შესახებ ინფორმაცია 3 აპრილს ასევე Tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა, სათაურით “ნანო-ვაქცინაცია იძლევა საშუალებას, მიკროჩიპი შეიყვანოს ორგანიზმში!!!!” ფეისბუკზე ეს ინფორმაცია გაავრცელეს მომხარებელმა მაია დვალიძე. მასზე დაყრდნობით, გვერდმა “რანა უ-სინის ენერგიის წრე” იდენტური პოსტი ჯგუფში მკურნალი ბუნება ???? mkurnali buneba გააზიარა. მათ გამოქვეყნებული ჰქონდათ იდენტური ფოტოკოლაჟი, რომელზეც ბილ გეიტსი, კორონავირუსის ვაქცინა, 5G ინტერნეტი და სვეტიცხოველია გამოსახული, რაც ასევე აძლიერებს შეთქმულებას, თითქოს ეს პროცესი ქართული ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული. ეს ტექსტი 1-5 აპრილის პერიოდში გააზიარეს გვერდებმა ყირამალა, საქართველოსთვის, გზა ქრისტესკენ, ახალგაზრდული. 10 აპრილს ჩიპებზე კონსპირაცია გამოაქვეყნა პროფილმა “საინფორმაციო გვერდი პირველი”, რომელიც ინფორმაციის წყაროდ BBC-ის უთითებდა, თუმცა შესაბამისი ბმული მოცემული არ იყო. გვერდმა “ახალგაზრდული” ბილ გეიტსს და ჩიპებს კიდევ ორი პოსტი მიუძღვნა.
ქართულ წყაროებში ამ კონსპირაციასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნული იყო, რომ მიკროჩიპების თემა 2020 წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის წამყვანი საკითხი იყო.
რუსული წყაროებიდან კონსპირაცია გაავრცელეს yandex.ru, x-files, cont.ws, fondsk.ru, oko-planet.su, business-gazeta.ru, zavtra.ru, svpressa.ru, livejournal.com, “AfterShock”. 19 მარტს მსგავსი შინაარსის ვიდეო იუთუბ არხზე Winde Changer-მაც ატვირთა სათაურით “Билл Гейтс. Микрочипы для борьбы с коронавирусом?”
როიტერის ინფორმაციით, ბილ გეიტსა და მიკროჩიპებზე შეთქმულება ინგლისურ ენაზე ფეისბუქსა და ტვიტერზეც გავრცელდა. ფეისბუქმა ეს პოსტები ყალბ ინფორმაციად მონიშნა.
გავრცელებული კონსპირაცია როიტერმა გადაამოწმა. როიტერის თქმით, მიკროჩიპებსა და ბილ გეიტსზე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ბილ გეიტსის TED-ის გამოსვლასა და Reddit-ზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეყრდნობოდა, სადაც მან Covid19-თან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. აქედან მოყოლებული, მისი განცხადებები სხვადასხვა პლატფორმაზე მანიპულაციურად გაშუქდა. დისკუსია რედიტზე თავად ბილ გეიტსმა წამოიწყო და შემდეგ საკუთარ საიტზე დასმული შეკითხვები და მის მიერ გაცემული პასუხები მოაგროვა. სპეკულაციები და კონსპირაციები შეკითხვაზე “რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა ეკონომიკის დასახმარებლად სოციალური დისტანცირების საჭიროების განმავლობაში?” გაცემულ პასუხს მოჰყვა, სადაც გეიტსმა ციფრული სერტიფიკატები ახსენა.
ბილ გეიტსი: “… საბოლოოდ ჩვენ გვექნება ციფრული სერტიფიკატები, რომ ვნახოთ თუ ვინ გამოჯანმრთელდა ან ვინ გაიარა ტესტირება, ხოლო როდესაც ვაქცინა გვექნება, თუ ვინ გაიკეთა ის”
ბილ გეიტს არ უხსენებია ადამიანებში მიკროჩიპების ინპლანტირება. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა როიტერს განუცხადა, რომ “ციფრული სერტიფიკატის” შექმნა გულისხმობს ღია პლატფორმის ქონას, რომელიც მიზნად ისახავს გაფართოებულ წვდომას ინფორმაციაზე. IBM ციფრულ სერტიფიკატს განმარტავს, როგორც “ელექტრონულ დოკუმენტს” პირის იდენტიფიცირების მიზნით და მას პასპორტსა და მართვის მოწმობას ადარებს. შესაბამისად, ბილ გეიტსის მიერ ნახსენები “ციფრული სერტიფიკატი” მიკროჩიპების ინპლანტირების კონსპირაციასთან კავშირში არ არის.