კონსპირაციის თეორია, თითქოს აფრიკის ქვეყნების ლიდერები პანდემიის უარყოფის გამო მოკლეს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

აფრიკის ქვეყნები
106
VIEWS

30 მაისს გადაცემაში “პოლიტიკის საათი” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ კოვიდ პანდემიის დროს აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდაცვალებაზე ისაუბრა. გოგავა ამტკიცებს, რომ მოკლეს ორი პრეზიდენტი, რომლებიც “პანდემიას არ დაემორჩილნენ”.

ირაკლი გოგავა [27:14]: “დღეს უკვე აღარავინ არ მალავს, რომ ხელოვნურად გააკეთეს ეს ყველაფერი [კოვიდპანდემია], ეს იყო სერიოზული მსოფლიო მასშტაბის პლანეტარული სპეცოპერაცია. ამ თემით უნდოდათ კონტროლის დამყარება მთელ მსოფლიოზე, პრინციპში. აფრიკას ძაან არ ერჩოდნენ, თუმცა იქ ამ პანდემიას ვინც არ დაემორჩილა, ორი პრეზიდენტი გაასაღეს. ერთი ეს ტანზანიის პრეზიდენტი – ტესტი ჩაუტარა თხას და გაუგზავნა თავის იმ ლაბორატორიას და კოვიდი აქო… მეორე ტესტი კოკა-კოლაში… მოკლეს მერე, კოვიდით გარდაიცვალაო და რა უქნეს, არ ვიცი”. 

აფრიკის ქვეყნები

ირაკლი გოგავა აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდაცვალების მიზეზებზე კონსპირაციის თეორიას ავრცელებს. კორონავირუსზე თხის ნიმუშის დადებით პასუხზე ცნობა მტკიცებულების გარეშეა,  კოკა-კოლას ნიმუშზე კი – დეზინფორმაციული. 1) ოფიციალური პირები ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებდნენ, ხოლო ოპოზიცია – კორონავირუსს. პანდემიის დროს ასევე გარდაიცვალა ბურუნდის პრეზიდენტი, მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. ეჭვები კოვიდინფიცირების შესახებ მის შემთხვევაშიც არსებობდა.  2) ინფორმაციას, რომ კოვიდსკეპტიკოსმა ტანზანიის პრეზიდენტმა კორონავირუსზე თხის ნიმუში გაგზავნა და დადებითი პასუხი მიიღო, მხოლოდ თავად ადასტურებდა. 3) კოკა-კოლას შემთხვევაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი ავსტრიელმა დეპუტატმა მიიღო, თუმცა ამის მიზეზი ტესტის არაწორ პირობებში ჩატარება გახდა. 

  • რა გახდა ტანზანიისა და ბურუნდის პრეზიდენტების გარდაცვალების მიზეზი? 

ირაკლი გოგავა ამტკიცებს, რომ აფრიკაში მოკლეს ორი პრეზიდენტი, რომელიც პანდემიას არ დაემორჩილა. ერთ-ერთს ტანზანიის პრეზიდენტს ასახელებს, ხოლო მეორეს შესახებ არ საუბრობს. პანდემიის დროს გარდაცვლილი მეორე აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზაა, რომელიც ბურუნდის ლიდერი იყო. ინფორმაცია, თითქოს რომელიმე მათგანი “დაუმორჩილებლობის” გამო მოკლეს, არ დასტურდება.  

ტაზანიის პრეზიდენტი, 61 წლის ჯონ მაგუფული 2021 წლის მარტში გარდაიცვალა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვალებამდე 2 კვირის განმავლობაში პრეზიდენტი არ გამოჩენილა, რამაც ეჭვები გააჩინა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მაგუფული კორონავირუსით დაინფიცირდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაამწვავა. ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.  

მაგუფული აფრიკული ქვეყნების ლიდერებს შორის კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკეპტიკოსი იყო. მაშინ, როდესაც ტანზანიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, პრეზიდენტმა საზოგადოებას ეკლესიაში წასვლისა და ლოცვისკენ მოუწოდა, რადგან, მისი მტკიცებით, კოვიდი “ქრისტეს სხეულში ვერ გადარჩებოდა და მაშინვე დაიწვებოდა”. ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ის ასევე ემხრობოდა მცენარეული ორთქლის თერაპიას და დასცინოდა ნიღბების ტარების რეკომენდაციას. 2020 წლის ივნისში მან ტანზანია კორონავირუსისგან თავისუფლად გამოაცხადა, რადგან, მისი მტკიცებით, პანდემია ლოცვით განდევნეს.  

ბურუნდის პრეზიდენტი, პიერ ნკურუნზიზა 2020 წლის ივნისში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა გახდა. ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ფრენბურთის შეხვედრას ესწრებოდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო და კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, მოგვიანებით ის გამომჯობინდა, თუმცა “მოულოდნელად” მას გულის შეტევა ჰქონდა და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, ბურუნდის პრეზიდენტის გარდაცვალების რეალურ მიზეზად კორონავირუსსაც ასახელებდნენ.  

ნკურუნზიზამ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებაზე უარი თქვა და სპორტული მატჩებისა და პოლიტიკური შეკრებების გამართვის ნებართვას გასცემდა.  

ნკურუნზიზასა და მაგუფულის გარდაცვალების მიზეზებზე კონსპირაციის თეორიები წარსულშიც ვრცელდებოდა – მაგალითად, 2021 წელს Factcheck.org-მა გადაამოწმა ფოტოკოლაჟი, რომლიტაც ამტკიცებდნენ, რომ ბურუნდის, ტანზანიის და სხვა ქვეყნების ლიდერები რეალურად პანდემიის დროს წინააღმდეგობის გამო მოკლეს. ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზზე გავრცელებულ მტკიცებაზე წარსულში “მითების დეტექტორიც” წერდა

  • ტანზანიის პრეზიდენტის ექსპერიმენტი 

ირაკლი გოგავა ასევე ამტკიცებს, რომ ტანზანიის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი მიიღო, როდესაც კორონავირუსზე თხის და კოკა-კოლას ნიმუშები გაგზავნა. კოკა-კოლას შემთხვევაში არა, თუმცა მაგუფულიმ 2020 წელს თქვა, რომ თხისა და პაპაიას ნიმუშების გაგზავნისას ლაბორატორიიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო. კოვიდსკეპტიკოსმა პრეზიდენტმა მტკიცება გამოიყენა იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ინფიცირებულები არ იყვნენ, კოვიდი უდასტურდებოდათ.  

აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფდა ბრალდებას, რომ კორონავირუსის ტესტები ხარვეზიანი იყო. ტესტებს ნდობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც გამოუცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეტენზია ტესტების შესახებ იმ პერიოდში არ გამოუთქვამს არცერთ სხვა აფრიკულ ქვეყანას, რომლებმაც Alibaba Group-ის დამფუძნებელის მიერ გაცემული კოვიდთან დაკავშირებული სამედიცინო საშუალებები ტანზანიასთან ერთად მიიღეს.  

გავრცელებული ინფორმაცია იმავე წელს Snopes-მაც გადაამოწმა. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ მიმოიხილა ტანზანიის პრეზიდენტის კოვიდ კეპტიკური მიდგომა და დაასკვნა, რომ ამ კონტექსტის გათვალისწინებით ცნობა, რომელიც მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნებოდა და რაიმე დამატებითი განმარტებისა თუ დამადასტურებელი დეტალების გარეშე ვრცელდებოდა, მტკიცებულების გარეშეა.  

  • კოკა-კოლას დადებითი პასუხი კორონავირუსზე 

2020 წელს კოკა-კოლას ნიმუში კორონავირუსზე გასატესტად ავსტრიელმა დეპუტატმა, მიხაელ შნედლიცმა გაგზავნა. როგორც თვითონ ვიდეოში ამბობდა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მიღებული დადებითი პასუხით პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ავსტრიაში მასობრივი ტესტირება მიზანშეწონილი არ იყო. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტესტი არასწორ პირობებში ჩატარდა და დადებითი პასუხის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მსგავს პირობებში ჩატარებული ორსულობის ტესტიც კი დადებით პასუხს აჩვენებდა.  

ავსტრიელი დეპუტატის მტკიცებას ტესტების მწარმოებელმა კომპანიამ, DIALAB-მა უპასუხა. მათი განმარტებით, ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც შნედლიცმა გამოტოვა, აღებული ნიმუშის ბუფერთან შერევაა, რომელიც წარმოადგენს სითხეს, სადაც ნიმუში აღების შემდეგ უნდა მოთავსდეს. ბუფერული სითხე მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებაში გვეხმარება. მათივე განმარტებით, თუ ბუფერით დაუმუშავებელი ნიმუში ტესტზე მოთავსდება, ამით ნადგურდება ტესტის ანტისხეულების ცილა, რომელიც ვირუსთან რეაგირებს. DIALAB-მა დეპუტატის მტკიცებას უპასუხა ვიდეოთი, რომელშიც კოკა-კოლას კორონავირუსზე ტესტავენ. ვიდეოში ტამპონს რამდენიმე წამით, წესისამებრ, ბუფერულ ზონაში ამუშავებენ, რის შემდეგაც 10 წუთში ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს.   

იმ შემთხვევაში, თუ კოკა-კოლას კორონავირუსის სწრაფ ტესზე პირდაპირ დავასხამთ, ანუ ტესტს არასწორად ჩავატარებთ, ის დადებით შედეგს აჩვენებს – აღნიშნულის შესახებ BBC 2021 წელს წერდა და აღნიშნავდა, რომ ამ მიგნებას ბავშვები სკოლისგან თავის არიდების მიზნით იყენებდნენ

ამრიგად, ავსტრიელმა დეპუტატმა დადებითი პასუხი მიიღო არა იმიტომ, რომ სწრაფი ტესტები ხარვეზიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ ტესტი არასწორ პირობებში ჩაატარა და გამოტოვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ბუფერულ სითხეში დამუშავება. დეპუტატის არასწორად ჩატარებულ ექსპერიმენტზე, ასევე, სასმელების ნიმუშების კორონავირუსზე გატესტვის შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ტანზანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist