23 სექტემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებაზე საუბრობს. გავრცელებულ ვიდეოში პუტინი ამბობს, რომ აფხაზეთში რუს ტურისტებს ძარცვავენ, სცემენ, კლავენ, რის გამოც მათი მოთმინება უკვე ამოიწურა, აფხაზები უნდა დაისაჯონ და აფხაზეთი საქართველოს უნდა დაუბრუნონ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებაზე საუბრობს, ვიდეოფაბრიკაციაა. ვლადიმერ პუტინს აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებაზე განცხადება არ გაუკეთებია. ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და მის შესაქმნელად გამოყენებულია პუტინის სიტყვით გამოსვლის ამსახველი კადრები.
ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გავრცელდა, Tiktok-ის ლოგოსთან ერთად იმ მომხმარებლის სახელიც აქვს დართული, ვინც სოციალურ ქსელში ეს ვიდეო თავდაპირველად გამოაქვეყნა. Tiktok-ის მომხმარებელმა david.gugu რუსეთის პრეზიდენტის ვიდეო 18 სექტემბერს გაავრცელა და სავარაუდოდ, სწორედ ის არის გავრცელებული ვიდეოს ავტორი.
ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და მის შესაქმნელად გამოყენებულია რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ამსახველი კადრები 2024 წლის თებერვალში, როდესაც მან ახალი ეროვნული პროექტის “ოჯახის” დაწყება დააანონსა. პუტინმა ღონისძიებაზე თქვა, რომ მრავალშვილიანი ოჯახები ნორმა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფილოსოფია უნდა გახდეს.
david.gugu-ს პროფილზე გვხვდება როგორც გასართობი, ასევე პოლიტიკური შინაარსის მქონე არაერთი ვიდეო, თუმცა მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი სტალინის (1,2), ილია ჭავჭავაძის, ედუარდ შევარდნაძის ვიდეოებიც.
ამავე ანგარიშს გავრცელებული აქვს ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო და არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ მისი დაფინანსებაც საქართველომ უნდა უზრუნველყოს.
სავარაუდოდ, ამ ვიდეოს შესაქმნელად ავტორმა 2023 წლის ვალდაის კონფერენციის კადრები გამოიყენა, სადაც პუტინმა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რუსეთის როლზე ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში.
2019 წელს რუსეთი პრეზიდენტმა საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა.
ვლადიმერ პუტინი: “1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ.”
უფრო ადრე 2017 წელს კი პუტინი აფხაზეთში სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა და განაცხადა, რომ რუსეთი საიმედო გარანტია იყო აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.