14 ოქტომბერს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა “ბრძენი კრიტიკოსი” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ავტორის კითხვებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, ალეკო ელისაშვილი პასუხობს. ვიდეოში ჩნდება წარწერები, მინიშნებები, რომელთა მიხედვითაც ელისაშვილმა კოალიციის წევრები უნდა ამოიცნოს. მაგალითად, წარწერებზე “თაღლითი” და “მევახშე”, პოლიტიკოსი პასუხობს: “ეს ხაზარაძეა”. ვიდეოში ისმის ავტორის ხმაც, რომ მისი პასუხი სწორია. კადრებში გვხვდება სხვა დამამცირებელი წარწერებიც.
ალეკო ელისაშვილის ვიდეო დამონტაჟებულია, ანონიმური გვერდი ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში პოლიტიკოსი ცდილობს, კოალიციის წევრები მათი ბავშვობის ფოტოების მიხედვით გამოიცნოს.
ელისაშვილის ვიდეო მის TikTok-ის გვერდზე არის ატვირთული. პოლიტიკოსი ცდილობს, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრები მათი ბავშვობის ფოტოების მიხედვით გამოიცნოს. ვიდეო რომ ბავშვობის ფოტოებით პოლიტიკოსების ამოცნობას ეხება, ვკითხულობთ აღწერაში, ასევე, ამას იმეორებენ დასაწყისში, კითხვების დასმამდეც.

დამონტაჟებულ ვერსიაში კადრის ის ნაწილი, სადაც პოლიტიკოსების ბავშვობის ფოტოები ჩანს, მოჭრილია და მის ნაცვლად ჩნდება წარწერები, რომლებიც კოალიციის წევრების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ანტიოპოზიციური ფეისბუქ-გვერდი “ბრძენი კრიტიკოსი” 2024 წლის 27 მაისს შეიქმნა და სისტემატიურად ავრცელებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა თუ კრიტიკული მედიის ჟურნალისტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ ვიდეოებს. გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკოლაჟებში არ გვხვდება მმართველი პარტიის საწინააღმდეგო შინაარსის არცერთი მასალა. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული მანიპულაციური და პროგრამულად დამუშავებული ვიდეო წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად გვერდის შესახებ წაიკითხეთ მასალაში:
მოამზადა ანდრია საჯაიამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.