ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

Mzia Amaghlobeli
787
VIEWS

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს პოლიციელისთვის სილის გაწნის ფაქტზე დააკავეს, ხოლო 6 აგვისტოს სასამართლომ ორ წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეს სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო, მისი მიზანს კი კრიტიკული მედიის დასუსტება და ჟურნალისტების დასაშინებელი პრეცედენტის შექმნა წარმოადგენდა.

ამაღლობელის დაკავებისთანავე მის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო მედია, ანტიდასავლური/პრორუსული აქტორები და ანონიმური ანგარიშები იყვნენ ჩართული. თავდაპირველად, შეტევები მის პიროვნებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ კამპანია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ნარატივში გადაიზარდა.

ამ ნარატივების თანახმად, ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რათა საქართველოში პოლიტიკური არეულობა დაწყებულიყო და „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. კამპანიის ფარგლებში მას არა მხოლოდ „დანაშაულის“ შესრულებაში სდებდნენ ბრალს, არამედ დასავლეთის ელჩებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას და ორმაგი სტანდარტების გამოყენებას აბრალებდნენ.

„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის მიხედვით, ამ პერიოდში გამოვლინდა როგორც პერსონალური დისკრედიტაცია, ასევე სხვადასხვა დეზინფორმაციული გზავნილი დაწყებული მისი სექსუალური ორიენტაციის თემით მანიპულაციიდან, დამთავრებული საერთაშორისო განცხადებების დამახინჯებული გაშუქებით. ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ჟურნალისტზე და მის საქმესთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” სამი მანიპულაციური, ერთი დეზინფორმაციული, ერთი კონტექსტის გარეშე გავრცელებული და ნაწილობრივ მცდარი შინაარსის ინფორმაცია გადაამოწმა

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად, რომელიც მზია ამაღლობელის 10 თებერვლიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, შემდეგი გზავნილები გამოვლინდა: 

  • ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამოწვევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებით და ამ საქმის შეფასებით უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში;
  • დასავლეთის ორმაგი სტანდარტი – ელჩები და საერთაშორიო ორგანიზაციები დანაშაულს, რომელიც დასავლეთში მკაცრად ისჯება, საქართველოში ახალისებენ;

ზემოაღნიშნულ გზავნილებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ: 

  • “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დავით მათიკაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კირცხალია, თორნიკე ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ირაკლი ხელაძე.
  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), ანუკი გუმბერიძე (ტელეკომპანია იმედი), ირაკლი ჩიხლაძე (ტელეკომპანია იმედი);
  • “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები და სხვა: გია აბაშიძე, რამაზ საყვარელიძე, გელა  ნიკოლაიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო), გურამ მაჭარაშვილი (ხალხის ძალა), დავით ჩიხელიძე (რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი),  გოგა ხაინდრავა (რეჟისორი);
  • პრორუსული/ანტილიბერალური აქტორები: ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი ტვ), სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი), სოსო მანჯავიძე (ერი მედია); გელა ზედელაშვილი (ასავალ-დასავალი); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი); ბესო ბარბაქაძე (საქართველო და მსოფლიო);
  • ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები: “არა ნაცებს – არა დიქტატურას”, “მიხუნ ჰაუზენი”, დაათ ცაბაძე, Kakha Danelia, Boris Gedevani; 

დეზინფორმაციის კამპანია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

გარდა დისკრედიტაციის კამპანიისა, ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაციის კამპანია მოიცავდა როგორც მზია ამაღლობელის საქმის სიმძიმის გადამეტებულად წარმოჩენას, ასევე საერთაშორისო კომენტარების მანიპულაციურ გაშუქებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

2 აგვისტოს მზია ამაღლობელისა და გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში გიორგი თარგამაძის ინტერვიუს მოკლე, 16-წამიანი ნაწილი გავრცელდა, სადაც მისი კომენტარები მზია ამაღლობელისა და გიორგი ახობაძის საქმეებზე დამახინჯებულად იყო წარმოჩენილი. ვიდეოში ჩანდა, თითქოს თარგამაძე მზია ამაღლობელის გათავისუფლების, ახობაძისთვის კი, რომელიც უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს, ბრალის შემსუბუქების მომხრე იყო. სინამდვილეში, თარგამაძე მხოლოდ შესაძლო მიზეზებსა და პროცესის ლოგიკაზე საუბრობდა და არა საკუთარ პოზიციაზე მათთვის წარდგენილი ბრალის მიმართ.   

2025 წლის ივლისში ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე და “ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი, ასევე სოციალური ქსელის სხვა ანგარიშები აცხადებდნენ, რომ  მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არ გაგზავნილა. რეალურად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 28 აპრილს უკვე მიმართული ჰქონდა სტრასბურგის სასამართლოსთვის, ხოლო საქმის განხილვა 26 ივნისს დაიწყო.  

ივლისში ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გერმანელი ჟურნალისტი დევიდ ბენდელსი საგარეო საქმეთა მინისტრის ფოტოს დამონტაჟებისთვის 7 თვით ჩასვეს ციხეში. სინამდვილეში, ბენდელსს  7-თვიანი პირობითი პატიმრობა  მიესაჯა, რაც პრობაციულ ზედამხედველობას ნიშნავს და არა ციხეს. ტელეკომპანია “იმედმა” დევიდ ბენდელსის ისტორია  გამოიყენა იმისთათვის, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დასავლეთის  ქვეყნებში ჟურნალისტებს იმაზე უფრო მკაცრად ექცევიან, ვიდრე საქართველოში. 

ივნისში POSTV-ის გადაცემაში მანიპულაციურად გაშუქდა გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადება მზია ამაღლობელის შესახებ. გადაცემის წამყვანმა ნუგზარ ხავთასმა ფიშერის სიტყვები ისე წარმოაჩინა, თითქოს მისთვის საქართველოში პოლიციელისთვის ძალადობა მისაღები იყო. რეალურად, ფიშერი საუბრობდა მზია ამაღლობელის პატიმრობის პროპორციულობაზე და მიიჩნევდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ასეთ ხანგრძლივ პატიმრობას არ იმსახურებდა. 

აპრილში POSTV-ისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ მანიპულაციურად გავრცელდა ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის განცხადება, რომლითაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საელჩო განცხადებაში „დემოკრატიის შუქურად“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობას მოიხსენიებდა. სინამდვილეში, საელჩოს განცხადებაში არ იყო მითითებული კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან წარსული მმართველობა და მზია ამაღლობელის დაკავების კონტექსტში საუბარი ეხებოდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების საერთო პროცესის შეფერხებას.  

იანვარში სოციალურ ქსელში ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელის დაკავებაზე საუბრობდა. ვიდეო ისე იყო მოჭრილი, თითქოს მთივლიშვილი უარყოფდა, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელს სილა გააწნა. სინამდვილეში, მთივლიშვილი განმარტავს, რომ სილის გაწნა ნამდვილად მოხდა, მაგრამ წინ მას პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფა უძღოდა და სამთავრობო მედია მხოლოდ ხელის გარტყმის კადრს აჩვენებდა, რაც სრულ კონტექსტს ცვლიდა.  

მზია ამაღლობელის დისკრედიტაცია სოციალურ მედიაში

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს მისი პიროვნული შეურაცხყოფა და სექსუალური ორიენტაციის თემით მანიპულაცია წარმოადგენდა. ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ანონიმური ფეისბუკ ანგარიშებიც, რომლებიც ამაღლობელის შესახებ შეურაცხმყოფელ აღწერილობებსა და ვიზუალურ მასალებს ავრცელებდნენ.  

ამაღლობელის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში თავიდანვე ჩაერთო ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდი “არა ნაცებს – არა დიქტატურას”, რომელმაც 11 თებერვალს მზია ამაღლობელისა და გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის ფოტო შემდეგი ტექსტით გაავრცელა: “მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე იაღოველი ლესბოსელი წყვილი.” მზია ამაღლობელის დისკრედიტაციისა და მის ორიენტაციაზე ხაზგასმის მიზნით ფეისბუკ პროფილმა “მიხუნ ჰაუზენი” ამაღლობელის ფოტო 4 აგვისტოს აღწერით “ქალების მუსუსი” გამოაქვეყნა. ასეთივე ნარატივია გავრცელებული ამავე ანგარიშის კიდევ ერთ ფოტოკოლაჟში, რომელზედაც მზია ამაღლობელთან ერთად, 2023-24 წლებში პროევროპულ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების: უჩა აბაშიძის, გიორგი ახობაძის,  გიორგი მინდაძის, ლაზარე გრიგორიადისის, ონისე ცხადაძის ფოტოები შემდეგი აღწერით გვხვდება: “გარყვნილები, ბარიგები, ლესბოსელები, მძარცველები, მოძალადეები, არასრულწლოვანთა გამომყენებლები”. იდენტური ფოტოკოლაჟი, 28 აგვისტოს კიდევ ერთმა მომხმარებელმა “Boris Gedevaniგამოაქვეყნა, თუმცა ამ ფოტოკოლაჟს აქტივისტ თორნიკე ჯანდიერის და ხატია წერეთელის ფოტოები აქვს დამატებული, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

“მიხუნ ჰაუზენის” მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ფოტოზე მზია ამაღლობელთან ერთად, ლაზარე გრიგორიადისი გვხვდება და  შემდეგი სიტყვები იკითხება:  “ნიღბით მოსილი დრო მოვიდა და ნიღაბი გახდა სახე”. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნის გაშარჯების მიზნით, ფეისბუკ მომხმარებელ Kakha Danelia-ს მიერ გამოქვეყნებულ პუტინის ფოტოზე წარწერა “თავისუფლება მზიას” გვხვდება.

მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის მიზნით, 5 და 17 აგვისტოს ანონიმურმა ანგარიშმა “დაათ ცაბაძე” ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები გაავრცელა. პირველ ფოტოზე ამაღლობელი “დამა ყვავის”  მეორე ფოტოზე კი “მონა ლიზას” სახით არის წარმოდგენილი.

მზია ამაღლობელი

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების, პროსახელისუფლებო ექსპერტებისა და ანტილებერალური ატორების გზავნილები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

  • “ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციის და დასავლეთის დაკვეთით, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამოწვევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები (კახა კალაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ქადაგიშვილი)  მზია ამაღლობელის საქმეს პოლიტიკურ დაკვეთასთან აკავშირებენ. კობახიძის თქმით, ჟურნალისტი „მსხვერპლი არ არის“ და მისი მოქმედება პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. კობახიძემ ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ განაცხადა, რომ ამაღლობელი ასრულებდა „კონკრეტულ დაკვეთას“ პოლიციის „დაკნინებისა და შეურაცხყოფის“ მიზნით. კობახიძემ მეორედ ივლისშიც აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება დასავლეთისთვისაც სასურველი შედეგი იყო, რადგან ეს მთლიანად სახელმწიფოს დასუსტებას ნიშნავდა. ამ განცხადებებით კობახიძემ ფაქტობრივად წინასწარ განსაზღვრა ამაღლობელის ქმედების დანაშაულებრივი შინაარსი.

2025 წლის იანვარში ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ამბობდნენ, რომ მზია ამაღლობელი სინანულს არ გამოხატავდა, რაც ჰუმანური მიდგომის საფუძველი ვერ იქნებოდა. კობახიძე ხაზს უსვამდა, რომ ამაღლობელის საქციელი პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯის დაკნინებას ემსახურებოდა. კალაძე კი ამტკიცებდა, რომ  შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ ამაღლობელის შემთხვევა დანაშაულად უნდა შეფასდეს, რადგან ის ფიზიკურად შეეხო პოლიციელს.  

პროსახელისუფლებო ექსპერტებისა და პრორუსული აქტორების (გოგა ხაინდრავა, გია აბაშიძე, ბესო ბარბაქაძე, სოსო მანჯავიძე)  შეფასებით, პოლიციელისთვის სილის გაწნა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და სისტემის შეურაცხყოფაა. მათი ნარატივით, ამაღლობელის საქმე არა მხოლოდ ცალკეულ ინციდენტს, არამედ ფართო რევოლუციურ სცენარს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც პოლიციელებზე თავდასხმებით სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ხელისუფლების დამხობა და საქართველოს ომში ჩართვა იყო. ამავე კონტექსტში ხშირად გამოიყენებოდა სოროსის ქსელისა და „ელჩების რევოლუციის“ ნარატივი. 

კობახიძის მსგავსად, ირაკლი ქადაგიშვილიც ამტკიცებდა, რომ საქმე „ელჩების რევოლუციის“ მცდელობას უკავშირდებოდა და დასავლელი დიპლომატების ჩარევამ თავად მათი ქვეყნების ავტორიტეტიც დააზიანა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ამაღლობელის ქმედება სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო და მას უკან დავალება იყო – ქვეყნის ჩართვა მიმდინარე ომში. ასევე, კახა კალაძე ხაზს უსვამდა, რომ ამაღობელის საქციელი პოლიციელისთვის ხელის გაწნა აშკარა დანაშაული იყო, მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორები ამას ამართლებდნენ.

გოგა ხაინდრავა  ამაღლობელის „სინდისის პატიმრად“ წარმოჩენას აბსურდად მოიხსენიებდა და ხაზს უსვამდა, რომ ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოხატულება იყო. ჯაბა ხუბუამ შემთხვევა „ფერადი რევოლუციის ტექნოლოგიის“ ნაწილად აღწერა. გია აბაშიძე აცხადებდა, რომ პოლიციელზე თავდამსხმელის ჰეროიზაცია შეუძლებელია, ხოლო მისი „სინდისის პატიმრად“ გამოცხადება ამორალური იყო. სოსო მანჯავიძის თქმით, ამაღლობელი „ვეტერანი სოროსელი“ იყო და მისი ქმედება საქართველოს სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ მიმართული. ბესო ბარბაქაძე ამბობდა, რომ ამაღობელის გათავისუფლებით დასავლეთს საქართველოში დაძაბულობის ესკალაცია სურდა, რაც ხელისუფლების დამხობასა და საბოლოოდ „მეორე ფრონტის“ გახსნას უნდა მოჰყოლოდა.

  • “საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებით და ამ საქმის შეფასებით უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში”

როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები (ირაკლი ხელაძე), მათთან დაკავშირებული ექსპერტები და პროსახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები (ზვიად ავალიანი, ირაკლი ჩიხლაძე, გელა ნიკოლაიშვილი (ასავალ-დასავალი 11-17 აგვისტო), ასევე პრორუსული ჯგუფების წარმომადგენლები(სოსო შატბერაშვილი, ნიკოლოზ მჟავანაძე) დასავლეთის ელჩებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ელჩების დასწრება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და მართლმსაჯულების უხეში დარღვევაა და მათ მიერ დაფიქსირებული პოზიცია წარმოადგენს ზეწოლის მცდელობას ქართული სასამართლოსა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. 

ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, რომ გერმანიაში წარმოუდგენელი იქნებოდა, უცხო ქვეყნის ელჩი დასწრებოდა პროცესს, რომლის ენისაც არ ესმის და ფაქტობრივად ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე. ზვიად ავალიანმა თქვა, რომ მსგავსი პრაქტიკა თავად დასავლურ ქვეყნებში არ არსებობს და მხოლოდ საქართველოში ცდილობენ ელჩები სასამართლო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას. ირაკლი ჩიხლაძის შეფასებით, დიპლომატები ერთდროულად აღიარებენ ამაღლობელის დანაშაულს და ამასთანავე, უგულებელყოფენ ქვეყნის უზენაეს კანონს.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, 24 ქვეყნის საელჩოს მოწოდება ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ სასამართლოსა და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და ეს დიპლომატების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია. სოსო შატბერაშვილი ამტკიცებს, რომ ელჩები თავს მოსამართლეებად წარმოაჩენენ და პროცესში მონაწილეობით ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ. გელა ნიკოლაიშვილმა კი აღნიშნა, რომ დიპლომატები განცხადებებს წინასწარ ამზადებდნენ, რაც, მისი თქმით, ცხადყოფს, რომ დასავლური ქვეყნები საქმეს თავიდანვე პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ.

“ორმაგი სტანდარტი – დანაშაულს, რომელიც დასავლეთში მკაცრად ისჯება, საქართველოში ელჩები ახალისებენ”

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები (ირაკლი ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი ხელაძე პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები (ზვიად ავალიანი) და პრორუსული ჯგუფები (ნიკოლოზ მჟავანაძე 1, 2) დასავლეთს ორმაგი სტანდარტების გამოც აკრიტიკებდნენ. მათი მტკიცებით, ევროპულ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმა მკაცრად ისჯება, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს დასავლეთის ელჩები სოლიდარობას უცხადებენ და სამართლებრივ ღონისძიებებს აკრიტიკებენ.

ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი სერიოზულ სანქციებს იწვევს, მაგრამ საქართველოში ელჩები ბრალდებულებს მხარდაჭერას უცხადებენ. დავით მათიკაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებენ, რომ გერმანიაში ან სხვა ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი ქმედება გაცილებით მკაცრად დაისჯებოდა. ირაკლი ხელაძის თქმით, ელჩების განცხადებები პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს ქართულ მართლმსაჯულებაზე.

პროსახელისუფლებო მედიის წამყვანი, ზვიად ავალიანი, ხაზს უსვამს, რომ დასავლეთში არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ პოლიციელის დაუმორჩილებლობაც მკაცრად ისჯება, რაც საქართველოში თითქოს იგნორირებულია. ნიკოლოზ მჟავანაძე დასავლელ დიპლომატებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას აბირალებს და ამტკიცებს რომ იმავე ქმედებისთვის ევროპაში დამნაშავებს, რომლებიც საქართველოში გმირებად გამოაცხადეს,  „გააციმბირებდნენ“.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist