განახლება 30.06.25: მასალას დაემატა ინფორმაცია ფეისბუქ გვერდის Sakartvelo Live-ის შესახებ.
განახლება 23.05.25: მასალას დაემატა Tbilisi Panorama-ს 22 მაისის პოსტი.
2025 წლის დასაწყისში ფეისბუქზე სამი ახალი გვერდი Tbilisi Beacon, Tbilisi Panorama და Sakartvelo Live შეიქმნა, რომლებიც ანტიდასავლური, ანტიოპოზიციური და პრორუსული სტატიების გავრცელებით გამოირჩევა. აღნიშნული ფეისბუქ გვერდები მედიებად პოზიციონირებენ და ანალიტიკური სტილის მასალებს აზიარებენ, რომლებიც სოციალურ ქსელში დარეკლამებულია და დაფინანსებული ფეისბუქ პოსტების სახით ქვეყნდება. 20 მაისის მდგომარეობით, ორივე გვერდზე ჯამში 12 პოსტი იძებნებოდა, თუმცა ეს რაოდენობა არ წარმოადგენს გამოქვეყნებული პოსტების რეალურ რიცხვს, რადგან გვერდებიდან მასალები პერიოდულად იშლება. ერთ-ერთი პოსტი, რომელიც ამჟამად წაშლილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის რუს პრანკერებთან საუბარს ეხებოდა და მათ ფრაზებს მანიპულაციურად ავრცელებდა, რითაც ქმნიდა მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ზურაბიშვილმა და ნანუაშვილმა პროტესტის რადიკალიზაციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.
Tbilisi Beacon, Tbilisi Panorama და Sakartvelo Live წარსულში გამოაშკარავებული რუსული გავლენის ქსელის მსგავს აქტივობას ავლენენ, თუმცა მათ არ აქვთ ახალი ამბების რეგისტრირებული ვებ-საიტი, ხოლო ფეისბუქ გვერდების ადმინისტრატორებისა და სტატიების ავტორების ვინაობა ანონიმურია.
ამ ორი ფეისბუქ გვერდის აქტივობიდან გამოიკვეთა, რომ:
- გვერდები 2025 წლის იანვარ-თებერვალშია შექმნილი, თუმცა ძველი პოსტები ხელმისაწვდომი აღარ არის;
- გვერდები პოლიტიკური შინაარსის რეკლამას მეტას რეკლამების პოლიტიკის დარღვევით ათავსებენ;
- გვერდების გამომწერების რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ სცდება, თუმცა მათ პოსტებს ასობით გაზიარება და ათასობით მოწონება აქვს, რაც რეკლამების განთავსებით აიხსნება;
- მათი სტატიები ტექსტის გაზიარების პლატფორმებზე (justpaste.it; telegra.ph) ქვეყნდება, რაც სრულ ანონიმურობას უზრუნველყოფს;
- განთავსებული მასალების შინაარსი საბჭოთა კავშირსა და რუსეთს დადებითად, ხოლო ევროკავშირსა და ამერიკას უარყოფითად წარმოაჩენს;
- სტატიებში ხაზგასმულია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობა, საერთო რელიგია და ისტორიული მეხსიერება.
- ფეისბუქ გვერდი Tbilisi Panorama არეკლამებს საქართველოში მოქმედი პრორუსული აქტორების ინიციატივას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე.
-
Tbilisi Beacon-ის აქტივობა
Tbilisi Beacon 13 იანვარს შეიქმნა და გვერდის კატეგორიაში მედია/ახალი ამბების კომპანია აქვს მითითებული. გვერდის გამჭვირვალობის სექციის თანახმად, ადმინისტრატორები მას უკრაინიდან და აშშ-დან მართავენ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გვერდის მართვისას შესაძლოა VPN-ის საშუალებით ადგილმდებარეობა იყოს შეცვლილი.
Tbilisi Beacon პოსტებს არეკლამებს, თუმცა უცნობია, რა რაოდენობის თანხაა დახარჯული პოსტების დასპონსორებაში, რადგან გვერდი სოციალური საკითხების, არჩევნებისა და პოლიტიკის შესახებ მეტას სარეკლამო პოლიტიკას არღვევს. შედეგად, დაფარულია ინფორმაცია როგორც თავად რეკლამის განმთავსებელზე, ასევე განთავსების თანხებსა და აუდიტორიის მასშტაბზე. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ პოსტების კატეგორიაში მითითებული არ არის სოციალური ან პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, პოსტები რეკლამების ბიბლიოთეკიდან ავტომატურად იშლება, მას შემდეგ, რაც რეკლამის ვადა ამოიწურება.

20 მაისის მდგომარეობით, Tbilisi Beacon-ის ბოლო აქტივობა 20 მაისს გამოქვეყნებული პოსტია, რომელიც ტურიზმს ეხება. პოსტში მითითებულია ბმული, რომელსაც შედარებით ვრცელ სტატიაზე გადავყავართ. სტატიის თანახმად, “ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკური თანამშრომლობა აგრძელებს საქართველოსთვის საგრძნობი დივიდენდების მოტანას.”
რუსეთის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენის პარალელურად, გვერდს გაზიარებული აქვს დასავლეთის საწინააღმდეგო სტატიები, სადაც დასავლეთს საქართველოს ნგრევასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. სტატიების თანახმად, დასავლეთმა საქართველოში რევოლუციისთვის 15 მილიონი ევრო გამოყო და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას სანქციებითა და კრიტიკული რეზოლუციებით აგრძელებს. Tbilisi Beacon-ის გაზიარებულ მასალაში, აღნიშნულ ნარატივებთან ერთად, აქებენ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” და ახლად მიღებულ კანონებს, რაც მათი შეფასებით, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს და “უცხოელი კურატორების გავლენას ამცირებს”.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდებით 2024 წელს გამოვლენილი რუსული გავლენის ქსელი მოქმედებდა და ანტიდასავლურ სტატიებს საეჭვო, ახლადშექმნილ ფეისბუქ გვერდებზე მეტას რეკლამების პოლიტიკის დარღვევით ასპონსორებდა. წარსულში სტატიები ქვეყნდებოდა ვებ-საიტებზე sakartvelo-today.org და sakartvelonews.com, რომელიც შემდეგ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებთან ერთად გაუქმდა. Tbilisi Beacon ფეისბუქზე სტატიების გასაზიარებლად არ იყენებს ახალი ამბების რეგისტრირებულ, მოდერაციის ფუნქციის მქონე ვებ-საიტს, ამის სანაცვლოდ, სტატიები იდება მარტივი ინტერფეისის მქონე პლატფორმა Telegra.ph-ზე, სადაც ტექსტის გამოქვეყნება ყველა ადამიანს, ანგარიშის შექმნის გარეშე შეუძლია. ამ ფუნქციების გამო Telegra.ph ანონიმურობას უზრუნველყოფს და მიმზიდველი პლატფორმაა თაღლითებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის.
ტექსტის გაზიარების მსგავს პლატფორმა justpaste.it-ს იყენებს მეორე ფეისბუქ გვერდი Tbilisi Panorama-ც. Telegra.ph-ს მსგავსად, მოდერაცია ამ პლატფორმაზეც ნაკლებად ხდება და სტატიები ანონიმურად ქვეყნდება, შემდეგ კი ბმული ფეისბუქზე განთავსებული პოსტებით ზიარდება. Justpaste.it წარსულში აქტიურად გამოიყენებოდა ექსტრემისტული იდეოლოგიის გასავრცელებლად, ჯიჰადისტების ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის მიერ. საბოლოოდ, საიტის შემქმნელმა პოლონელმა მარიუშ ჟურავეკმა (Mariusz Żurawek) საპოლიციო უწყებებთან ითანამშრომლა და არალეგალური კონტენტი პლატფორმიდან აიღო.
-
Tbilisi Panorama-ს აქტივობა
ფეისბუქ გვერდი Tbilisi Panorama 4 თებერვალს შეიქმნა და კატეგორიაში მედია/ახალი ამბების კომპანია აქვს მითითებული. გვერდის გამჭვირვალობის სექცია გვაწვდის ინფორმაციას, რომ ის 2 ადამიანის მიერ უკრაინიდან იმართება.
Tbilisi Beacon-ის მსგავსად, მეტას რეკლამების პოლიტიკას Tbilisi Panorama-ც არღვევს და არ უთითებს, რომ მათ მიერ გავრცელებული კონტენტი პოლიტიკური ან სოციალური შინაარსის კატეგორიაში ხვდება. ამის გამო, ყველა არააქტიური დასპონსორებული პოსტი რეკლამების ბიბლიოთეკიდან გამქრალია და არქივში არ ინახება. მეტას წესების დარღვევის გამო, მითითებული არ არის ინფორმაცია რეკლამის დამკვეთსა და დახარჯულ თანხაზე.
![]() |
![]() |
![]() |
15, 16 და 17 მაისს დასპონსორებული პოსტები, რომლებიც ამჟამად აქტიური აღარ არის |
20 მაისის მდგომარეობით, Tbilisi Panorama-ს ყველაზე ძველი პოსტი 30 აპრილით, ბოლო კი 17 მაისით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ პოსტების ნაწილი, რომლის სქრინშოტებიც “მითების დეტექტორმა” აპრილში შეინახა, Tbilisi Panorama-ს ფეისბუქ გვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის. ფეისბუქ გვერდს პოსტები 30 აპრილამდე, მაგალითად, 3 აპრილსაც ჰქონდა გამოქვეყნებული.
აპრილის ფეისბუქ პოსტები, რომლებიც 20 მაისის მდგომარეობით წაშლილია
დასავლეთის ჩარევა
Tbilisi Panorama-ს მიერ გავრცელებული სტატიების შინაარსი Tbilisi Beacon-ის მსგავსია და საქართველოს საშინაო საქმეებში დასავლეთის ჩარევაზე საუბრობს. სტატიები ავითარებენ ნარატივს, რომ უცხოურმა დაზვერვამ საქართველოს მოქალაქეები გადაიბირა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს, ამის პარალელურად კი ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებისგან დისტანცირდნენ და “დარჩენილი დასავლური გრანტების გაყოფაზე გადავიდნენ”. Tbilisi Panorama-ს მიერ გაზიარებულ მასალებში ვხვდებით ინფორმაციას MEGOBARI Act-ის შესახებ, რომელიც შეფასებულია, როგორც მტრული მანიფესტი და ღია შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, კიდევ რამდენიმე სტატია აქვს მიძღვნილი: ყველა მათგანში საუბარია დასავლეთის ზეწოლაზე, მათ შორის დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე.
“ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის საქმიანობის შეფასება
უარყოფით კონტექსტში განიხილება ოპოზიციაც, რომელსაც უცხოური ინტერესების გამტარებლად ახასიათებენ. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციას 26 მაისი, რომელიც ეროვნული დღესასწაულია, სურს პროვოკაციულ პროტესტად აქციოს. ასევე, წერენ, რომ ოპოზიცია ქაოტურია, ვერ თანხმდება და ყველაფერი “პოლიტიკურ კლოუნადას ჰგავს”. გაკრიტიკებულია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, მათ შორის, ერთ-ერთ მასალაში ნათქვამია, რომ რუს პრანკერებთან საუბარში ზურაბიშვილმა აღიარა, თითქოს მისთვის მაიდნის მსგავსი სახელმწიფო გადატრიალება მისაღებია. აღნიშნულ თემაზე პოსტი Tbilisi Panorama-ს ფეისბუქ გვერდიდან წაშლილია, თუმცა justpaste.it-ის ტექსტის გაზიარების პლატფორმაზე ის კვლავ ხელმისაწვდომია. სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის რუს პრანკერებთან საუბრის შესახებ ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
ზემოაღნიშნული გზავნილების პარალელურად, Tbilisi Panorama-ს გავრცელებულ მასალებში დადებითად აფასებენ საქართველოში გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკას და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ნაბიჯებს, რაც, მათი შეფასებით, პრაგმატულია და “გასაოცარ სიმტკიცეს ავლენს”.
“საქართველო დღეს ჰგავს იმ მოსწავლეს, რომელმაც გადაწყვიტა, არ გადაეწერა გამოცდაზე. ამის გამო მას კი არ აქებენ, არამედ ცდილობენ მის კლასიდან გაგდებას. მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ამიტომ იმსახურებს ის ამ გამოცდის დამოუკიდებლად ჩაბარებას – ვაშინგტონის შპარგალკების გარეშე.” – ვკითხულობთ სტატიაში.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობები
Tbilisi Panorama-ს ფეისბუქ გვერდზე ვხვდებით პოსტებს საქართველოს ეკონომიკაში რუსეთის მნიშვნელოვანი როლისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა ქართული დიასპორის დღე რუსეთში. ორი სტატია ეძღვნება რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიულ მეხსიერებასა და 9 მაისის – “დიდი სამამულო ომის” აღნიშვნას.
საინტერესოა კიდევ ერთი სტატია, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს მიეძღვნა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ანდრია პირველწოდებული რუსულ მიწებზე ქადაგებდა და ამიტომ მას რუსეთის ისტორიაში, საქართველოს მსგავსად, დიდი როლი აქვს.
“წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულია, არამედ მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და რუსეთს შორის სულიერი და კულტურული კავშირების განმტკიცებაში, რომელიც ხაზს უსვამს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებას საზოგადოებაში სტაბილურობისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად.” – ნათქვამია სტატიაში.
20 მაისის მდგომარეობით, Tbilisi Panorama-ს ბოლო მასალა 17 მაისს არის გავრცელებული და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს ეხება. მასალაში რუსეთი კონფლიქტის შეწყვეტის მთავარ ინიციატორად არის წარმოჩენილი, რომელიც დიალოგისთვის მზადყოფნას გამოხატავს, თუმცა “კიევისა და მისი დასავლელი მფარველების დესტრუქციულ პოზიციას” ეჯახება.
- Tbilisi Panorama პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ინიციატივას არეკლამებს
განახლება: 22 მაისს Tbilisi Panorama-მ კიდევ ერთი ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენის ინიციატივის შესახებ არის საუბარი. პოსტი ისევ რეკლამების პოლიტიკის დარღვევით არის დასპონსორებული.
პოსტში მითითებულ ბმულს გადავყავართ სტატიაზე, სადაც ვკითხულობთ, რომ პლატფორმა “თავისუფალმა ტრიბუნამ” შექმნა პეტიცია, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვოს. აღნიშნული იდეა 7 მაისს კონფერენციაზე განიხილეს, სადაც პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრები და მათი თანამოაზრეები მონაწილეობდნენ. მაგალითად, კონფერენციის კადრებში ვხედავთ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დამფუძნებელ მამუკა ფიფიას და პარტიის სხვა წევრებს: თემურ ფიფიას, გიორგი ირემაძეს, თამარ კიკნაძეს, გიორგი არღვლიანს, ამავე პლატფორმის გადაცემის წამყვან ვალერი კვარაცხელიას, მათი გადაცემების ხშირ სტუმრებს ნუკა არველაძეს, ზაზა დავითაიას. კონფერენციაზე ასევე იყვნენ X მოწვევის პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” თანადამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, სეზონი TV-ის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე და პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. კონფერენციის ბოლოს მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
Tbilisi Panorama-ს ფეისბუქ პოსტს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების ინიციატივის შესახებ აზიარებენ პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრები გიორგი ირემაძე და თემურ ფიფია.
Sakartvelo Live-ის აქტივობა
Tbilisi Panorama-ს და Tbilisi Beacon-ის შემდეგ იგივე მეთოდებით გააქტიურდა ფეისბუქ გვერდი Sakartvelo Live, რომელიც 31 იანვარს არის შექმნილი, თუმცა მისი პოსტები 2025 წლის ივნისიდან არის დასპონსორებული. 30 ივნისის მდგომარეობით, აღნიშნულ ფეისბუქ გვერდზე სამი პოსტი იძებნება, რომელთაგანაც ერთი რუსულ პოეზიას, მეორე დიპლომატ გორჩაკოვს, ხოლო მესამე ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.
ყველა პოსტის აღწერაში ვხვდებით ბმულს, რომელსაც პლატფორმა justpaste.it-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე გადავყავართ. ნატო-ს შესახებ სტატიაში აღნიშნულია, რომ “ევრატლანტიკური გზა არ იძლევა არც უსაფრთხოების, არც განვითარების გარანტიას”. ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის, მათ შორის ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის, კრიტიკის საპასუხოდ არჩევანი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გააკეთა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი დახურა, რაც მკაფიო გზავნილია იმის შესახებ, რომ საქართველო არ იქნება საგარეო ზეგავლენის ობიექტი.
Tbilisi Panorama-ს, Tbilisi Beacon-ის და Sakartvelo Live-ის მსგავსად პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილების მქონე საეჭვო, ანონიმური ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც მასალებს არეკლამებდნენ, “მითების დეტექტორმა” ადრეც იკვლია. აღსანიშნავია, რომ ხშირად, რეკლამის ვადის გასვლის შემდეგ, პოსტები ფეისბუქზე აღარ იძებნება, ხოლო თავად ფეისბუქ გვერდები სოციალური ქსელიდან რამდენიმეთვიანი აქტივობის შემდეგ ქრება.