2025 წლის მაისში “მითების დეტექტორი” სამი ანონიმური ფეისბუქ გვერდის შესახებ წერდა, რომლებიც ანტიდასავლურ და ანტიოპოზიციურ სტატიებს აქვეყნებდნენ და არეკლამებდნენ. გვერდები Meta-ს მიერ გამოაშკარავებული რუსული გავლენის ქსელის მსგავს აქტივობას ავლენდნენ და ანონიმურობას ინარჩუნებდნენ. 2025 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში იდენტური მეთოდებით მოქმედი კიდევ ხუთი ფეისბუქ გვერდი (Programming Streetwise, Tbilisi Spots, Point of Balance, NewsHub, Auto Majestic Collection Enterprises) გააქტიურდა, რომლებიც 7 სექტემბრის მდგომარეობით დეაქტივირებულია და ფეისბუქზე აღარ იძებნება.
როგორც სახელწოდებებიდან ჩანს, NewsHub-ის გარდა, გვერდების უმეტესეობა გასართობი ხასიათისაა, არცერთის სახელი არ უკავშირდება მედიას ან პოლიტიკას, შესაბამისად თანხვედრაში არ არის ფეისბუქ გვერდების გავრცელებული მასალების შინაარსთან. მსგავსი არათემატური სახელწოდებები გვხვდებოდა წარსულში გამოვლენილი გვერდების შემთხვევაშიც.
აღნიშნული ფეისბუქ გვერდების აქტივობიდან გამოიკვეთა, რომ:
- პოლიტიკური შინაარსის ფეისბუქ პოსტები Meta-ს რეკლამების პოლიტიკის დარღვევით არის განთავსებული, შესაბამისად, დაფარულია ინფორმაცია განმთავსებელზე;
- ანონიმურობის მიზნით მათი სტატიები ტექსტის გაზიარების პლატფორმებზე (justpaste.it; telegra.ph) ქვეყნდება;
- დარეკლამებული პოსტების უმეტესობა აგვისტოს თვით თარიღდება;
- განთავსებული მასალები დასავლეთს და ოპოზიციას უარყოფითად, ხოლო “ქართულ ოცნებას” დადებითად წარმოაჩენს;
- გამოქვეყნებული ტექსტი ქართული ენისთვის არაბუნებრივ ფორმებს შეიცავს და თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს;
- ფეისბუქ გვერდი NewsHub “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას ასპონსორებს, რომელიც პლებისციტის ჩატარებას ეხება შემდეგ საკითხზე: „დაუჭერთ თუ არა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ?“
- ფეისბუქ გვერდის Programming Streetwise-ის მიერ მითითებული ნომრის ღია წყაროებში ძიებას უკრაინელ სამხედროსთან მივყავართ, რომელსაც რუსეთთან კოლაბორაციაში ადანაშაულებენ.
NewsHub-ის ანონომური გვერდი და დარეკლამებული სტატია პლებისციტზე
ფეისბუქ გვერდი NewsHub, რომლის სახელი და ლოგო პროსახელისუფლებო მედია Newshub.ge-ის მსგავსია, 21 აგვისტოს შეიქმნა. დეაქტივაციამდე, 30 აგვისტოს მას ერთი პოსტი ჰქონდა დასპონსორებული, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ეხებოდა.

NewsHub-ის დასპონსორებული მასალა გამოქვეყნებულია პლატფორმა Telegra.ph-ზე, სადაც ტექსტის გამოქვეყნება ყველა ადამიანს, ანგარიშის შექმნის გარეშე შეუძლია. მასალაში ვკითხულობთ, რომ “პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო” პლებისციტის ჩატარებას შემდეგ საკითხზე გვთავაზობს: „დაუჭერთ თუ არა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ?“
აღსანიშნავია, რომ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს, გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, ითხოვს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გასამართლებას.

მასალის ბოლოს ასევე ვკითხულობთ, რომ ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და “ქართულ საზოგადოებაში იზრდება უარყოფა ეროვნული საფუძვლების უარყოფის გზით ევროინტეგრაციის თავზე მოხვევის მცდელობების მიმართ”.
რა თემებს ვხვდებით სხვა დასპონსორებულ პოსტებში?
სტატიების ბმულებზე, რომელიც დასპონსორებულ პოსტებს ერთვის თან, ძირითადად, ანტიდასავლური შინაარსის მასალები გვხვდება. დომინირებს ნარატივი, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ქვეყანას აშანტაჟებს, ასევე, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. სტატიებში დასავლეთთან ერთად აკრიტიკებენ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა აქებენ “ქართულ ოცნებას”, რომელიც, მათი თქმით, პრაგმატულია და ქვეყნის სუვერენიტეტს დასავლეთისგან იცავს.
ამონარიდები სტატიებიდან, სადაც “ქართულ ოცნებას” ახსენებენ:

ერთ-ერთი სტატია სახელწოდებით “გაჩუმება ვერ მოხერხდა” საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ეხება, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. სტატიაში კმაყოფილებას გამოხატავენ კომისიის დასკვნის მიმართ, რომელიც, სტატიის თანახმად, სააკაშვილის მმართველობის დროს მომხდარ ორგანიზებულ წამებებსა და დაკვეთილ მკვლელობებს ამხელს. სტატია 4 აგვისტოს გამოქვეყნდა და დაფინანსებული პოსტის სახით აზიარებდა ფეისბუქ გვერდი Auto Majestic Collection Enterprises.

აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა დასპონსორებულ სტატიებშიც ვხვდებით ქართული ენისთვის არადამახასიათებელ ფორმებს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტექსტი სხვა ენაზე შედგენილი და ნათარგმნია.
დასავლეთის ჩარევა
დასავლეთის ზეწოლასა და შიდა საქმეებში ჩარევაზე 2025 წლის აგვისტოში დაფინანსებულ პოსტებს ასევე აქვეყნებდა ფეისბუქ გვერდი Programming Streetwise. გვერდი 2024 წლის 6 დეკემბერს შეიქმნა, მითითებული მისამართი და ნომერი უკრაინულია.

Programming Streetwise-ის მიერ გაზიარებულ სტატიებში საუბარია დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე, ზეწოლასა და მანიპულაციებზე, ასევე რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელიც, მათი თქმით დასავლეთის პროქსი ომია რუსეთთან და ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.


აშშ-სა და ევროკავშირის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე დაფინანსებული სტატიები ასევე გვხვდებოდა ფეისბუქ გვერდებზე Tbilisi Spots და Point of Balance. ისინი პოსტებს ივნისსა და ივლისსშიც ასპონსორებდნენ.

სტატია სახელწოდებით “მოსყიდვა არ ეთაკილებათ” კანონპროექტი MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონის “ლობიზმს” ეხება. სტატია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს პარტია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უილსონს ფული გადაუხადა იმისთვის, რომ მას საქართველოზე ესაუბრა და სანქციების დაწესება მოეთხოვა. აღნიშნული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
იღებდა თუ არა ჯო უილსონი თანხას ლობისტური კომპანიის გავლით “ნაციონალური მოძრაობისგან”?
რას ვიგებთ გვერდ Programming Streetwise-ის მიერ მითითებული ნომრის საშუალებით?
Programming Streetwise-ის ფეისბუქ გვერდს, რომელიც ანტიდასავლურ სტატიებს ასპონსორებს, გვერდის შესახებ განყოფილებაში უკრაინული მისამართი და ტელეფონის ნომერი აქვს მითითებული. ნომერი “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ღია წყაროებით, სადაც ვხვდებით ინფორმაციას, რომ ის ხერსონში მცხოვრებ პირთან, სერგეი საბიისთან არის დაკავშირებული. “მითების დეტექტორმა” აღნიშნულ ნომერზე ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

ვებ-საიტ evocation.info-ზე, რომელიც მოხალისეობრივი პროექტია და რუსეთის პროპაგანდისტებსა და კოლაბორაციონისტებზე ინფორმაციას აგროვებს, ვხვდებით ინფორმაციას Сергей Сабий-ის შესახებ. ვებ-საიტის თანახმად, ის ხერსონში დაიბადა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს გადავიდა.

წარსულში “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი ანონიმური და ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ:
ანონიმური პლატფორმებიდან ფეისბუქზე პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდება



















