11 დეკემბერს რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2 ) გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ციტატა, რომელშიც, ის პრეზიდენტის პოსტის არდატოვებაზე საუბრობს და თითქოს ამბობს: “საფრანგეთმა და ევროკავშირმა დამნიშნეს ამ პოზიციაზე და ქართველების გადასაწყვეტი არ არის, ვინ და რამდენ ხანს უხელმძღვანელებს მათ”.
ამავე პოსტში აღნიშნულია, თითქოს ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში დამლაგებლად დარჩენა შესთავაზა.
„ოფიციალურად ვიწვევ ყოფილ პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ პოსტის კომენტარებისა და რეაქციების მიხედვით, ფეისბუკ-მომხმარებლების ნაწილმა ციტატა აღიქვა, როგორც რეალური.
სალომე ზურაბიშვილის და ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული ციტატები ყალბია. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მიერ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას პროვოკაციად მიიჩნევს და პოსტის დატოვებას არ აპირებს, თუმცა არ უთქვამს, რომ ის საფრანგეთმა და ევროკავშირმა დანიშნეს პრეზიდენტად. არც ირაკლი კობახიძეს გაუკეთებია განცხადება, თითქოს მან ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში დამლაგებლად დარჩენა შესთავაზა.
13 დეკემბერს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე რჩება
და „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია” უწოდა. მას არც ამ და არც სხვა განცხადებებში უთქვამს, რომ პრეზიდენტად საფრანგეთმა და ევროკავშირმა დანიშნა.
„არსად არ მივდივარ. არავის არ დავტოვებ. სულ ამას მეკითხებიან – აქა ვარ და აქ ვიქნები. და აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და ასახავს ამ ქვეყნის და საზოგადოების ხმას“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 13 დეკემბერს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მან 14 დეკემბრის ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, თუმცა სოციალურ მედიაში გავრცელებული ციტატა მას არ ეკუთვნის.
“სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















