დეზინფორმაცია, თითქოს ლიეტუველი ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი კომუნისტური პარტიის წევრი იყო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ანდრიუს კუბილიუსი
133
VIEWS

31 მარტს რადიო “სივრცის” გადაცემაში: “შუადღის პოლიტიკა” ხელისუფლების მხარდამჭერმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარ – ანდრიუს კუბილისუზე თქვა, რომ ის გორბაჩოვის პარტიის წევრი იყო. 

გოგა ხაინდრავა: “კუბილიუსი რომ ევროპის უსაფრთხოების დამცველი იქნება, გორბაჩოვის პარტიის წევრი, მექრთამე…”.  

ანდრიუს კუბილიუსი

მტკიცება, თითქოს ევროკომისარი – ანდრიუს კუბილიუსი კომუნისტური პარტიის წევრი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. კუბილიუსი არც გორბაჩოვის პრეზიდენტობის პერიოდში და არც იქამდე, კომუნისტური პარტიის წევრი არ ყოფილა. კუბილიუსი აქტიურად იყო ჩართული ლიეტუვის დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობაში და იყო რეფორმისტული მოძრაობის Sąjūdis-ის წევრი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ლიეტუვის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდელობის აღდგენაში. ინფორმაცია “მითების დეტექტორს” კუბილიუსის კომუნიკაციების გუნდმაც დაუდასტურა.

  • ანდრიუს კუბილიუსის პოლიტიკური ბიოგრაფია

ანდრიუს კუბილიუსი – ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, კომუნისტური პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. მან პოლიტიკური კარიერა 

Sąjūdis – ის წევრობიდან დაიწყო. აღნიშნული რეფორმისტული მოძრაობა აქტიურად იყო ჩართული საბჭოთა კავშირიდან ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. 

ინფორმაცია ანდრიუს კუბილიუსის პოლიტიკურ კარიერაზე ხელმისაწვდომია ლიეტუვის პარლამენტის, ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისევროპარლამენტის, ევროპის სახალხო პარტიის და ასევე ანდრიუს კუბილიუსის საიტზე:

1988 წელს შეუერთდა ლიეტუვის რეფორმისტულ მოძრაობას (Sąjūdis)

1990–1992 წლებში იყო Sąjūdis-ის პასუხისმგებელი მდივანი

1992–2000 წლებში იყო მე-6 და მე-7 მოწვევის სეიმის წევრი, Sąjūdis-ის კოალიციის სიით

1996–1999 – იყო სეიმის სპიკერის პირველი მოადგილე

1999–2000 – ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

2000–2004 – სეიმის მე-8 მოწვევის წევრი (საბიუჯეტო, საფინანსო და ევროპულ საქმეთა კომიტეტები) ლიეტუველი კონსერვატორების სიით

2003-2015: ხელმძღვანელობდა პარტია “სამშობლოს კავშირს” – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია.

2004-2008 წლებში იყო ოპოზიციის ლიდერი და  სეიმის სპიკერის მოადგილე

2008-2012 – ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

2012-2016  – ოპოზიციონერი ლიდერი

2016 – 2019 – სეიმის წევრი

2019-2024 – ევროპარლამენტის წევრი (MEP) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში.

2024 წლის დეკემბრიდან-დღემდე: ევროკომისარი უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის მიმართულებით. 

ლიეტუვის საზოგადეობრივმა მაუწყებელმა  2023 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა მედიის 15min -ის მომზადებული სტატია, პარლამენტის იმ ლიეტუველ წევრებზე, რომლებიც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. კუბილიუსის კომუნისტური პარტიის წევრობაზე არც ამ სტატიაშია რაიმე ნახსენები. 

ონლაინ ძიების შემდეგ, ერთადერთი კუბილიუსი, რომელიც ლიეტუვის ხელოვნებისა და მეცნიერების ჟურნალის მიხედვით, კომუნისტურ პარტიასთან იყო დაკავშირებული, იონას კუბილიუსია, ვილნიუსის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი. იმის გადასამოწმებლად, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ანდრიუს კუბილიუსთან, თავად ევროკომისარს მივმართეთ.

ანდრიუს კუბილიუსის კაბინეტის კომუნიკაციის გუნდმა დაგვიდასტურა, რომ ის არასდროს ყოფილა არც საბჭოთა კავშირის ან რომელიმე სხვა კომუნისტური პარტიის წევრი. ამასთანავე, მას კავშირი არ აქვს იონას კუბილიუსთან. 

“მითების დეტექტორი” ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Delfi – ის ლიეტუვურ სამსახურსაც დაუკავშირდა. მათი კვლევითაც არ დასტურდება, რომ კუბილიუსი კომუნისტური პარტიის წევრი იყო. 

  • რეფორმისტული მოძრაობა Sąjūdis და მისი როლი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში

რეფორმისტული მოძრაობა Sąjūdis, საიდანაც ანდრიუს კუბილიუსის პოლიტიკური კარიერა დაიწყო, 1988 წლის 3 ივნისს დაარსდა და მას ვიტაუტას ლანდსბერგისი ხელმძღვანელობდა.  თავდაპირველად, ორგანიზაციას 35 წევრი ჰყავდა, მათ შორის 17 კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა ბრძოლას ლიეტუვის დამოუკიდებლობისთვის 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში. აღნიშნული გაერთიანების მიზანი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო და ამისთვის მოძრაობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა. 

აღნიშნული მოძრაობა ხელმძღვანელობდა 1989 წლის 23 აგვისტოს  “ბალტიის გზის”  სახელით ცნობილ 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალ ჯაჭვს, რომელშიც მონაწილეობა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლიეტუვაში პირველი თავისუფალი არჩევნები 1990 წლის 24 თებერვალს ჩატარდა. Sąjūdis -ის კანდიდატებმა ლიეტუვის უზენაეს საბჭოში (ახლანდელი სეიმი) უმრავლესობა მოიპოვეს. 1990 წლის 11 მარტს ახლად არჩეულმა პარლამენტმა ვიტაუტას ლანდსბერგისის ხელმძღვანელობით ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მიიღეს ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის აქტი, სადაც ნათქვამია, რომ ლიეტუვა აღარ იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი. ლიეტუვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ეს გააკეთა.

ლიეტუვის დამოუკიდებლობა მოსკოვს მაშინვე არ უღიარებია და საპასუხოდ, ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ანდრიუს კუბილიუსმაც ისაუბრა. 1991 წლის 23 იანვარს კი საბჭოთა ჯარების სამხედრო აგრესიის შედეგად ლიეტუვაში 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ლიეტუვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღიარება 1991 წლის 6 სექტემბერს მიიღო. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა
წყარო

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist