10 მაისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Fa Ntina გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, ანანურის ციხესთან “არაბების ნაყიდ მიწებზე გაშენებულ კომპლექსს” ასახავს. ავტორი ამტკიცებს, რომ კომპლექსში “არაბებს ეპატიჟებიან და რეკლამებია ყველგან”.
ვიდეო ანანურის ციხესთან არაბების მიერ ნაყიდ მიწაზე გაშენებულ კომპლექსს არ ასახავს. კადრები, რომელიც Tik Tok მომხმარებელმა გამოაქვეყნა, რეკრეაციულ ზონაშია გადაღებული და მასში სკვერი ჩანს. მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა, პლატფორმა Tik-Tok-იდან არის აღებული და მასზე ავტორის სახელი – “🪬جورج” ჩანს. მომხმარებლის არაბული სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გიორგი. ტიკ-ტოკ ანგარიშს მითითებული აქვს, რომ ის გიორგი აფციაურს ეკუთვნის, ასევე, დართული აქვს ამავე სახლითა და გვარით შექმნილი Instagram ანგარიში. “ოდესმე აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს” – ასე ითარგმნება არაბულიდან ვიდეოზე ავტორის მიერ დატანილი წარწერა.
ვიდეოში ანანურის ციხის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია ჩანს. რეალურად, ტერიტორია, რომელსაც ფეისბუქ-პოსტის ავტორი არაბების მიერ გაშენებულ კომპლექსს უწოდებს, რეკრეაციული ზონაა. ადგილზე მოწყობილია სკვერი, ასევე, გადახურული სივრცეები, მოვაჭრეთა ჯიხურები და ა.შ.

ტერიტორია, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, Google Maps-სა და Google Earth-ზეც გადავამოწმეთ. რუკაზე ადგილი “ანანურის პლაჟის” სახელით არის მონიშნული. ფოტოზე, რომელიც 2021 წელს არის ატვირთული, ჩანს იგივე მწვანე გადახურული სივრცეები, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოშია ასახული.

Google earth-ზე ასევე შესაძლებელია იგივე ტერიტორიის დათვალიერება. 2021 წელს ატვირთულ ფოტოში სკვერი სრულად ჩანს.

რეკრეაციული ზონის პროექტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეა 2020 წელს არის გამოქვეყნებული, როდესაც ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა.
2021 წელს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სამუშაოების მეორე ეტაპის დასკვნით ნაწილს ასახავს. დართული ტექსტის მიხედვით, ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ. მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება.

მიწის აღნიშნული ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-საიტზე მოვიძიეთ. არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 71.55.07.077, რომლის ფართობი 10001კვ. მეტრია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ვებ-საიტზე ატვირთულია საკადასტრო გეგმა და საჯარო რეესტრის ამონაწერი.

ამრიგად, ფეისბუ-პოსტის ავტორის მტკიცების მიუხედავად, ვიდეო, რომელიც Tik-Tok მომხმარებელმა, გიორგი აფციაურმა გამოაქვეყნა, არა ანანურის ციხის კომპლექსთან არაბების მიერ გაშენებულ კომპლექსს, არამედ ადგილზე მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს ასახავს. გარდა ამისა, მიწა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი მფლობელი რომელიმე კერძო პირი ან კომპანია არ არის.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.