31 ივლისსა და 1 აგვისტოს რუსულ მედიაში (tsargrad.tv, MK.RU, KP.RU, GAZETA.RU, 5-tv.ru) გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის აფრიკაში ვიზიტისას ესკორტის მომსახურებით სარგებლობდა.
მედიები ნიგერიულ Daily Post-სა და გერმანულენოვან გამოცემა zeitgeschenen-ს ეყრდნობიან.
Daily Post Kingsley-ის სახელით წარდგენილი მამაკაცის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ყვება, რომ გერმანელ მინისტრს ნიგერიაში გაუწია მომსახურება, შემდეგ კი მისი თქმით, ბერბოკმა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში გაყოლა სთხოვა. Kingsley -ის მიხედვით, ის ამ მომსახურეობაში 2500-დან 3500 ევროს იღებდა. zeitgeschenen-მა კი ანალენა ბერბოკის ვიზიტების ქრონოლოგია შეადგინა და აღნიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში ის ნამდვილად აბუჯაში იმყოფებოდა.
ინფორმაცია ანალენა ბერბოკის შესახებ გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის AFD -ს ჰანოვერის გვერდმაც გააზიარა. ასევე ტელეგრამზე გაავრცელა რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ოლგა სკაბეევამ.
გავრცელებული ინფორმაცია ანალენა ბერბოკის დისკრედიტიაციას ისახავს მიზნად. იუთუბ-არხის Adeya – ს ვიდეო, რომელსაც Daily Post ეყრდნობა, ამ არხზე გამოქვეყნებული ერთადერთი ვიდეოა, უშუალოდ არხი კი 23 ივნისს არის შექმნილი. გარდა ამისა, გერმანულენოვანი გამოცემა zeitgeschenen 24 ივლისს შეიქმნა და ყველაზე ძველი სტატია 26 ივლისს აქვს გამოქვეყნებული.
-
ანალენა ბერბოკის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ინფორმაციის ქრონოლოგია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ ესკორტის მომსახურებით სარგებლობაზე მედიები არგუმენტად იუთუბ-არხიs Adeya -ს ვიდეოს იყენებენ. ეს არხი 2024 წლის 23 ივნისს შეიქმნა და ერთადერთი გამოქვეყნებული ვიდეო ანალენა ბერბოკის შესახებაა, რომელიც 29 ივლისით თარიღდება. ვიდეოში Kingsley-ის სახელით წარდგენილი მამაკაცი ბერბოკთან გამოცდილებაზე საუბრობს. 2 აგვისტოს მდგომარეობით არხს 3 გამომწერი ჰყავს. ამის შემდეგ, 31 ივლისს ნიგერიულმა მედიამ Daily Post Kingsley-ის ინტერვიუს წერილობითი ვერსია გამოაქვეყნა. ამავე დღეს გერმანულენოვანმა, ახლადშექმნილმა მედიამ zeitgeschenen ამ წყაროზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია გაავრცელა. რუსული საიტები ინფორმაციას ძირითადად 1 აგვისტოს ავრცელებდნენ.
Daily Post-ს-ზე დაყდნობით ინფორმაცია გემანულენოვანმა zeitgeschenen 31 ივლისს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საიტი 24 ივლისს შეიქმნა და ყველაზე ძველი სტატია 26 ივლისით თარიღდება. აღნიშნული ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ საიტი უშუალოდ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით შეიქმნა.
ფოტოს ძიების ხელსაწყოებით ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცზე დამატებითი ინფორმაცია არ იძებნება. ვიდეოში ის Kingsley – ის სახელით არის წარდგენილი, თუმცა ღია წყაროებში მასზე დამატებითი ინფორმაცია არ გვხვდება.
დეზინფორმაციის გავრცელების ტექნიკა ახლადშექმნილ გვერდებზე
მსგავსი მეთოდი, როდესაც საიტი დეზინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე იქმნება კრემლის ნაცადი პრაქტიკაა და ზელენსკების ოჯახზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად არაერთხელ გამოყენებულა.
ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” Maldita.es -სთან, StopFake-თან, Delfi -ისთან, Chequeado-ს La Silla Vacía-ს, Animal Político -სა და EsPaja -სთან ერთად უკვე ორი კვლევა მოამზადა.
- ზელენსკის ცოლის „პიცაგეიტი“ და სხვა ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაცია, რომელიც ქალებსა და ბავშვებს უკრაინის დელეგიტიმიზაციის საშუალებად იყენებს
- ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება
მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისას ყველა საიტი ერთსა და იმავე გზას გადის. თავდაპირველად ვიდეო ქვეყნდება იუთუბზე ან სხვა სოციალური მედიის არხზე და მასში ფონდის ან ორგანიზაციის სავარაუდო თანამშრომლის აღიარებითი ჩვენებაა. არხი, ძირითადად, ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე იქმნება და, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ვიდეოს აქვეყნებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი არხი 23 ივნისს შეიქმნა და სხვა მაგალითების მსგავსად, აქაც მხოლოდ ერთი ვიდეოა, რომელშიც Kingsley -ის სახელით წარმოდგენილი მამაკაცი ყვება, რომ “მომსახურეობა გაუწია” გერმანელ მინისტრს და ამაში თანხა აიღო. იდენტური სქემით გავრცელდა სიცრუე ზელენსკის მიერ
მეფე ჩარლზ III-ის სასახლის შეძენის შესახებ, როდესაც უძრავი ქონების აგენტის სავარაუდო აღიარებითი ჩვენება პირველად იუთუბზე გამოქვეყნდა.
ამის შემდეგ, ინფორმაცია ვრცელდება ძირითადად ახლადშექმნილ საიტზე, რომლებიც თავს მედიაორგანიზაციად წარმოაჩენს და წყაროდ ვიდეოს უთითებს. ამ შემთხვევაში გერმანულენოვანი ახლადშექმინილი საიტი zeitgeschenen ეყრდნობა ნიგერიულ Daily Post-ს, ეს უკანასკნელი კი იუთუბ-არხ – Adeya-ს, რომელსაც მხოლოდ ეს ერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული და სამი გამომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია პირველად ფრანგულენოვან საიტებზე ქვეყნდება, რომელთა სამიზნეც ისეთი აფრიკული ქვეყნების აუდიტორიაა, როგორებიცაა ბურკინა-ფასო ან ნიგერია.
წარსულში ანალენა ბერბოკზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ის პროსტიტუციით იყო დაკავებული. ამის მტკიცებულებად მასთან მიმსგავსებული ახალგაზრდა შიშველი ქალის ფოტოები გამოქვეყნდა, რომელიც რეალურად რუსი პორნო მოდელი აღმოჩნდა.
არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.