14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3).
ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანა არა რუსეთში საქმიანობის განახლებას, არამედ კომპანიის სავაჭრო ნიშნების საავტორო უფლებების დაცვას უკავშირდება.
ინფორმაცია, რომ კოკა-კოლამ გასულ აპრილში როსპატენტში კოკა-კოლას, ფანტასა და სპრაიტის სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი რუსეთში საქმიანობის განახლების მიზნით შეიტანა, მანიპულაციურად გავრცელდა. Reuters-თან გაკეთებულ კომენტარში კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადების არსებობა დაადასტურა, თუმცა, განმარტა, რომ ისინი სავაჭრო ნიშნებზე საავტორო უფლებების შენარჩუნებას ემსახურებოდა.
იგივე განაცხადა “კოკა-კოლა უკრაინამ” უკრაინულ მედიასთან კომენტარშიც. კომპანიის პრესსამსახურის მიხედვით, კომპანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მის გაძლიერებას მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად ცდილობს. დამატებით, პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ კოკა-კოლას საქმიანობა რუსეთში კვლავაც შეჩერებულია.
კოკა-კოლა ერთადერთი დასავლური კომპანია არაა, რომელიც რუსეთში საკუთარი სავაჭრო ნიშნების დაცვას ცდილობს, მსგავსი განაცხადები როსპატენტში ამერიკულმა კომპანია Starbucks-მა და შვედურმა კომპანია IKEA-მაც გააკეთეს.
კოკა-კოლამ რუსეთში ბიზნესსაქმიანობა ასობით სხვა დასავლურ კომპანიასთან ერთად 2022 წლის მარტში, ამავე წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ ანგარიშები Levan Tavdishvili, ნონა შარაბიძე, სიდო სიდონია და ხატია ჯანაშია , ასევე ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრიი ტელიჟენკო, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ. “მითების დეტექტორმა” ამ ანგარიშების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.