4-7 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ღია წერილი, რომელშიც იგი ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ იქ ტრაგიკულად მძიმე ვითარებაა. წერილში შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში მეორე ათეული წელია “გამჭვირვალობა კორუფციამ ჩაანაცვლა, სამართლის უზენაესობა შერჩევითმა სამართალმა, ხოლო ქრისტიანული ღირებულებები თავსმოხვეულმა ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ.” ასევე, მისი თქმით, მეორე ათეული წელია ევროპის ეკონომიკა და შესაბამისად, ეკონომიკაზე მიბმული ყველა სფერო სტაგნაციას განიცდის.
შათირიშვილის წერილი მედიაშიც გავრცელდა (1, 2, 3, 4, 5).
მსგავსი განცხადება ევროკავშირის ეკონომიკის შესახებ 8 ივნისს გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. ის ამტკიცებს, რომ ნადგურდება ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ხდება ევროკავშირის წევრი.
ევროკავშირში ეკონომიკის ზრდის შესახებ ზახაროვას გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც ოფიციალურ მაჩვენებლებშიც ცხადად ისახება. რაც შეეხება შათირიშვილის განცხადებებს, მათი ნაწილი მცდარი ან მანიპულაციურია. კანონის უზენაესობის და კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისევ მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ეკონომიკური კუთხით ევროკავშირს რამდენიმე წელს მართლაც ჰქონდა ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი, თუმცა ის უმეტესად მაინც მზარდია.
-
ზახაროვა ევროკავშირის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
მარია ზახაროვამ, რუსეთის მთავრობის კონტროლირებად მედია RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისი ეკონომიკის განადგურებას ნიშნავს, რაც სიცრუეა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უარყოფითად წარმოჩენის მიზნით ყველაზე ხშირად იყენებენ ბოლო გაფართოების – რუმინეთისა და ბულგარეთის მაგალითს და ამტკიცებენ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკა 2007 წლის შემდეგ ნადგურდება. სინამდვილეში, ამ მათი ეკონომიკა გაორმაგდა. კერძოდ, რუმინეთის მშპ 2007 წლიდან 2023 წლამდე 174-დან 345 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8273-დან 18175 დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ბულგარეთს, მისი მშპ 44-დან 101 მილიარდამდე, ერთ სულ მოსახლეზე კი 5815-დან 15854 დოლარამდე გაიზარდა. ევროკავშირის წევრობას მოყვა ხელფასების ზრდაც. ბულგარეთში საშუალო ხელფასი 2006 წელს 4324 ლევი იყო, რომელიც ამ პერიოდიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2021 წელს 18733 ლევს შეადგენდა. რუმინეთში ანალოგიური მაჩვენებლები 2006 წელს 1150 ლეი იყო, 2023 წელს კი 7311 ლეის გაუტოლდა.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკების განვითარების შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ:
აღნიშნული ორი ქვეყნის გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, რომლებიც 2004 წელს შეურთდნენ ევროკავშირს. მაგალითად, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მშპ 2003-2023 წლებში გაოთხმაგდა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ლიეტუვის შემთხვევაში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ლატვიასა და ესტონეთში კი 4-ზე მეტჯერ მოიმატა. დააახლოებით მსგავსი ვითარებაა 2004 წელს გაწევრიანებულ სხვა ქვეყნებშიც:
- კვიპროსის მშპ 2003-2023 წლებში 14.55-დან 32.19 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 20.3-დან 34.9 ათას დოლარამდე
- იმავე წლებში უნგრეთის მშპ 85-დან 212 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 8.4-დან 22.1 ათას დოლარამდე
- სლოვაკეთის შემთხვევაში დაფიქსირდა მშპ-ს ზრდა 34-დან 132 მილიარ დოლარამდე, ერთ სულ მოსახლეზე კი 6.3-დან 24.3 ათას დოლარამდე
- მალტის მშპ ევროკავშირში გაწევრიანების წინა წელს 5.5 მილიარდი დოლარი იყო, 2023 წელს კი 21 მილიარდს მიაღწია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13.7-დან 38.6 ათასამდე გაიზარდა
- 2003 წელს ჩეხეთის მშპ 100 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 332 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, ის 9.8-დან 30.6 ათასამდე გაიზარდა.
- პოლონეთის ეკონომიკამ 2003-2023 წლებში ძალიან დიდი ზრდა განიცადა. კერძოდ, მშპ 217-დან 808 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე კი 5.7-დან 22 ათასამდე.
- სლოვენიის მშპ აღნიშნულ პერიოდში 30-დან 68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მა კი 14.8-დან 32.4 ათასამდე მოიმატა.
ეკონომიკური ვითარება ევროკავშირში
შათირიშვილი მანიპულირებს, როდესაც აცხადებს, რომ ევროკავშირის ეკონომიკა ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე სტაგნაციას განიცდის. 2000 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე წლის მანძილზე ორგანიზაციის ეკონომიკას მართლაც ქონდა უარყოფითი ზრდის მაჩვენებლები, რაც გარკვეული მოვლენებით იყო გამოწველი, თუმცა ძირითადად, ის მცირე ტემპებით იზრდება. ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4%-ზე მეტით შემცირდა 2009 წელს, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. უარყოფითი მაჩვენებლები დაფიქსირდა ასევე 2012 და 2013 წლებშიც, თუმცა ეს ცვლილება -0.1-დან -0.9%-მდე მერყეობდა. აღსანიშნია, რომ 2000-2007 წლებში მშპ-ის ზრდა 1%-დან 4%-მდე მერყეობდა, 2014-2019 წლებში კი საშუალოდ 2%-ს შეადგენდა.
ევროკავშირის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა კოვიდპანდემიამ, რის შედეგადაც 2020 წელს მშპ 5.6 პროცენტით შემცირდა, რასაც 2021 წელს 6%-იანი ზრდა მოყვა. დადებითი ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდა, რა დროშიც მშპ-ის წლიურმა ზდამ 3.4% შეადგინა, თუმცა 2023 წელს ამ რიცხვმა მხოლოდ 0.4%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასის, გაძვირებული კრედიტის და გერმანიაში შემცირებული წარმოების გამო მოხდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, 2024-2029 წლებში ევროკავშირის რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 1%-დან 2%-მდე შუალედში იქნება.

-
გამჭვირვალობის და კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგებში ევროკავშირის ქვეყნები მოწინავე პოზიციებს იკავებენ
World Justice Project-ის (WJP) 2023 წლის კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლიდერობენ კანონის უზენაესობის რეიტიგში. პირველ და მესამე ადგილს დანია და ფინეთი იკავებენ, პირველ ათეულში 8 ხოლო ოცეულში 12 სახელმწიფო სწორედ ევროკავშირის წევრია. ამ მხრივ ყველაზე დაბალი პოზიცია უკავია უნგრეთს, რომელმაც მაქსიმალური 1 ქულიდან, მხოლოდ 0.51 მიიღო და მსოფლიოში 73-ე პოზიციას იკავებს. აღსანიშნია, რომ საქართველოს რეიტინგში 0.60 ქულით 48-ე ადგილი უკავია და რეიტინგში უსწრებს ბულგარეთსა და უნგრეთს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (მონტენეგრო; კოსოვო; ყაზახეთი; ჩრდილოეთ მაკედონია; მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა; უზბეკეთი, უკრაინა; ალბანეთი; სერბეთი; ყირგიზეთი; ბელარუსი; რუსეთი; თურქეთი) პირველ ადგილზეა.
WJP-ის მონაცემები დაახლოებით ემთხვევა The Varieties of Democracy-ს (V-Dem) კვლევის შედეგებსაც, რომელშიც დანია პირველ ადგილს იკავებს მაქსიმალური 1 ქულიანი შეფასებით, მეორე-მეექვსე ადგილებს კი 0.99 ქულით ფინეთი, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია ინაწილებენ. ყველაზე დაბალი შედეგი ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან ამ შემთხვევაშიც უნგრეთს უკავია, რომელსაც საქართველოზე უარესი შედეგი აქვს.
კანონის უზენაესობის რეიტინგებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საქართველოს შეფასებებზე “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ:
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონის უზენაესობა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს. 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტი ითვალისწინებს წევრი ქვეყნისათვის წევრების უფლების ჩამორთმევას იმ შემთხვევაში თუ ის რეგულარულად არღვევს იმ პრინციპებს, რომლებზეც ორგანიზაციაა დაფუძნებული. ეს პრინციპები ხელშეკრულების მეორე პუნქტში არის გაწერილი და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ კანონის უზენაესობაა. უნგრეთის წინააღმდეგ ამ პუნქტის ამოქმედება რამდენჯერმე სცადეს წევრმა სახელმწიფოებმა, თუმცა პოლონეთის მთავრობა არ შეუერთდა პროცესს და მხარი დაუჭირა უნგრეთს, რის გამოც ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა.
კანონის უზენაესობის მსგავსად, კორუფციის აღქმის რეიტინგებშიც მოწინავე პოზიციებს ევროკავშირის წევრები იკავებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის თანახმად, 2023 წელს ლიდერი ამ სფეროშიც დანიაა, ხოლო მეორე ადგილს ფინეთი იკავებს. პირველ ათეულში 6 ადგილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დამატებით 2 კი ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრ სახელმწიფოებს უკავია. ყველაზე დაბალი შეფასება ამ შემთხვევაშიც უნგრეთმა მიიღო (42 ქულა 100-დან). მას მცირედით უსწრებს ბულგარეთი (45) და რუმინეთი (46).

ზემოაღნიშნული შედეგების მიუხედავად, 2023 წლის კვლევამ დააფიქსირა, რომ წინა წლებთან შედარებით ევროპის ბევრ ქვეყანაში კორუფციის დონე მცირედით გაზრდილია. 2012 წელთან შედარებით კი მნიშვნელოვანი წინსვლა 6-მა სახელმწიფომ – ჩეხეთმა, ესტონეთმა, საბერძნეთმა, ლატვიამ, იტალიამ და ირლანდიამ განიცადა. აღსანიშნია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი იმ კომპანიების პასუხის გებაში მიცემით, რომლებიც მოსყიდვის გზებით ახერხებენ ახალ ბაზრებზე გასვლას. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ სათანადო დონეზე არ ხდება ბანკების მონიტორინგი, რაც ზრდის ფულის გათეთრების შესაძლებლობებს. დამატებით, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ევროპულ ქვეყნებში დარეგისტრირებული კომპანიების ნამდვილი მფლობელების ვინაობა ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის.
2023 წლის მაისში ევროკომისიამ წარადგინა კორუფციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მოახდენს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ჰარმონიზებას ყველა წევრ სახელმწიფოში და ევროკავშირის კანონმდებლობაში სავალდებულოდ გახდის იმ ტიპის დარღვევების კრიმინალიზაციას, რომელიც “გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციაში” არის გაწერილი. 2024 წლის თებერვალში კი, ევროპარლამენტმა გამოაცხადა საკუთარი გეგმა, რომელზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ანგარიშში აღნიშნავს, რომ ის კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირისთვის ახალ კანონიერი გზების მიცემას ითვალისწინებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.