11 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმას უკავშირებს. მასზე ვხედავთ, რომ ადამიანები ისრაელის დროშებითა და ლურჯ-ყვითელი სიმბოლიკით მღერიან, ხოლო ვიდეოზე დატანილი სიმღერის ტექსტის შინაარსი ანტიარაბულია. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეო მანამდეა გადაღებული, სანამ თელ-ავივის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხმებოდნენ და ისინი მღერიან ტექსტს: “ჩვენ თქვენს ქალებს ვიხმართ, ჩვენ თქვენს სისხლს დავლევთ!..”
ძველია ვიდეო, რომელსაც ირაკლი ზაქარეიშვილი ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმას უკავშირებს. ვიდეოს დეტალების, კერძოდ სასტუმროსა და ბარის ფასადზე დაკვირვებითა და მათი რუკაზე გადამოწმებით დგინდება, რომ ის 2016 წელს, ამსტერდამის მთავარ მოედანზეა გადაღებული. ვიდეოზე საფეხბურთო კლუბის, “მაკაბი თელ-ავივის” გულშემატკივარია ასახული. აღნიშნულ წლებში კი კლუბმა ჰოლანდიაში ერთხელ, 2016 წლის 20 აგვისტოს ითამაშა.
გავრცელებული ვიდეო სოციალურ ქსელში 8 ნოემბრამდეც, ამსტერდამში თელ-ავივის საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერებზე თავდასხმამდეც იძებნება. YouTube-ზე გავრცელებული იდენტური ვიდეო უკეთესი ხარისხისაა, კადრები სრულია და მეტი დეტალის შემჩნევაა შესაძლებელი.
-
ვინ არის ვიდეოზე ასახული და რას მღერიან ისინი?
ვიდეოზე ასახული არიან ისრაელის საფეხბურთო კლუბის, “მაკაბი თელ-ავივის” გულშემატკივრები და სიმღერაც მათ ეკუთვნით. ვიდეოზე ვხედავთ ლურჯი და ყვითელი ფერების სიმბოლიკას, რაც კლუბისთვისაა დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ჩაცმული ადამიანების ვიდეოები, რომლებიც ამსტერდამის ცენტრშია გადაღებული, ინტერნეტში იძებნება (1, 2, 3) და აღწერის მიხედვით, ისინი სწორედ “მაკაბი თელ-ავივის” გულშემატკივრები არიან.
ფანკლუბის გვერდზე სიმღერის შესახებ ინფორმაციაა გამოქვეყნებული. მისი სახელია “გაუპატიურების სიმღერა” და ტექსტი ანტიარაბულ გზავნილებს შეიცავს. თავდაპირველად, სიმღერა ფანკლუბის “მაკაბის ფანატიკოსები” წევრებმა 2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონის მიმდინარეობისას შეასრულეს.
-
როდის და სად არის ვიდეო გადაღებული?
ისრაელელი ფანების ვიდეოში ჩანს სასტუმრო, რომლის ფასადზეც სახელი Grand Hotel Krasnapolsky იკითხება. დასახელების გვერდით კი სასტუმროს წითელი ლოგო ჩანს. სასტუმროს ძიებით გაირკვა, რომ ის ამსტერდამში, კერძოდ, კაშხლის მოედანზე მდებარეობს, თუმცა ახლა განსხვავებულად გამოიყურება.
Google Maps-ით კაშხლის მოედნის დათვალიერებისას ჩანს, რომ სასტუმრო Krasnapolsky-ს ფასადი მცირედითაა შეცვლილი. ბოლო სატელიტური სურათი, რომელიც კაშხლის მოედანზეა გადაღებული და სასტუმრო Krasnapolsky ჩანს, 2022 წლის აგვისტოთი თარიღდება. მასზე ვხედავთ, რომ სასტუმროს ფასადზე სრული დასახელება Grand Hotel Krasnapolsky უცვლელადაა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, მის გვერდით წითელი ფერის ლოგო აღარ არის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე კი სასტუმროს დასახელების გვერდით ლოგოც შეიმჩნევა. ამასთანავე, სასტუმროს ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე, 2023 წელს გამოქვეყნებული იდენტური ფოტოებიც ადასტურებს, რომ ბოლო წლებში სასტუმროს ფასადზე მხოლოდ სახელი წერია და მის გვერდით ლოგო აღარაა.


გარდა სასტუმროსა, ვიდეოში შესამჩნევია კიდევ ერთი შენობა, რომლის სახელის წაკითხვაც დაბალი გარჩევადობის გამო, შეუძლებელია. თუმცა, ასევე Google Maps-ის გამოყენებით ვადგენთ, რომ სასტუმრო Krasnapolsky-ის გვერდით მდებარე ობიექტი პაბია, სახელწოდებით Euro Pub. 2022 წლის პანორამული ფოტოს მიხედვით, პაბის გარეთა ფასადზე მისი სახელი შავი ფერის ასოებითაა დატანილი, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ პაბის სახელი წითლად წერია. დასახელება 2017 წლამდე წითელი ფერის ასოებით ეწერა, უფრო ადრე კი სახელი Bavaria Euro Pub ოქროსფერი და წითელი ფერით იყო გამოსახული. ისრაელელი გულშემატკივრის ვიდეოზე ჩანს, რომ პაბის ფასადზე სიტყვები სწორედ ამ ორი ფერითაა გამოსახული.

წყარო: Google Maps
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვიდეო 2024 წელს არ არის გადაღებული პაბის წინ გაშლილი ყვითელი ქოლგებია. ისინი პაბის წინ, Google Maps-ის პანორამული სურათისა და მომხმარებლების მიერ გადაღებული ფოტოების (1, 2, 3) მიხედვით, მხოლოდ 2015-2016 წელს იყო. ყვითელი ქოლგები შეიმჩნევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რაც მიანიშნებს, რომ ის წლების წინაა გადაღებული.


წყარო: Google Maps
აღსანიშნავია, რომ ამ წლებში “მაკაბი თელ-ავივის” საფეხბურთო კლუბი ორჯერ შეხვდა ჰოლანდიის კლუბს “ალკმაარი.” “მაკაბისა” და “ალკმაარს” შორის, ევროპის ლიგის ფარგლებში, ერთ-ერთი მატჩი ჰოლანდიაში, ალკმაარში გაიმართა. მატჩი 2016 წლის 20 აგვისტოს შედგა და სავარაუდოა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც სწორედ ამ დღესაა გადაღებული.
-
რა ვიცით ამსტერდამში მომხდარ თავდასხმაზე?
8 ნოემბერს ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ “აიაქსსა” და ისრაელის “მაკაბი თელ-ავივს” შორის ევროპის ლიგის მატჩი გაიმართა. მატჩის მასპინძელი ჰოლანდია იყო. მატჩის შემდგომ ამსტერდამის ქუჩებში ძალადობის შემთხვევები დაიწყო. ამსტერდამის ხელმძღვანელობის განმარტებით, მატჩის ღამეს პოლიციელებმა ვერ მოახერხეს “მაკაბის” გულშემატკივრების თავდასხმისაგან დაცვა, თუმცა ისიც განმარტებულია, რომ გულშემატკივრებმა თავადაც ჩაიდინეს ვანდალური ქმედებები. შემთხვევების შედეგად 62 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ათი ადამიანი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და 4 ჰოლანდიელი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის დაწყებამდე “მაკაბის” გულშემატკივრებმა ისრაელის მხარდამჭერი დემონსტრაცია მოაწყვეს, სტადიონისკენ მსვლელობისას სკანდირებდნენ ანტიარაბულ გზავნილებს.
ჰოლანდიის პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელის პრესკონფერენციით ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივი ქმედების სამიზნე, დაახლოებით, 2600 ისრაელელი იყო. დაზიანებების შედეგად მათგან 5 ადამიანი კლინიკაში მოხვდა, 20-30 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. პრესკონფერენციაზე ისიც აღინიშნა, რომ ინციდენტები როგორც ისრაელელების, ისე პრო-პალესტინელი აქტივისტების მხარეს მოხდა, მათ შორის, ისრაელელმა გულშემატკივარმა ადგილობრივი ტაქსის მანქანა დააზიანეს, ჩამოაგდეს პალესტინის დროშა და პალესტინელების შეურაცხმყოფელ გზავნილებს სკანდირებდნენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.