27 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ქარდი (1;2), რომელზეც მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ ამომრჩეველთა რაოდენობას არის შედარებული.
კონკრეტულად, მოსახლეობის რიცხოვნობას (საქსტატის მიხედვით) გამოკლებულია არასრულწლოვანი პირების რაოდენობა, ასევე, იმ პირების რაოდენობა, რომლებსაც პირადობის მოწმობა ან პასპორტი არ აქვს და დამატებულია საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი. ფეისბუქ-მომხმარებლები მიღებულ შედეგს, 2 749 674-ს, ადარებენ ცესკოს მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, 3 508 294-ს და სვამენ კითხვას, თუ როგორ მოხდა, რომ მონაცემებში დიდი აცდენაა.
მიდგომა, რომლითაც ცესკოს მიერ დათვლილ ამომრჩეველთა რაოდენობასა და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მოსახლეობის რიცხოვნობას ერთმანეთს ადარებენ, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, განსხვავებული დათვლის მეთოდოლოგიის გამო, აღნიშნული ორი მონაცემით ამომრჩეველთა რაოდენობის რეალური რიცხვის მიღება შეუძლებელია.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ცესკოსა და საქსტატის მონაცემების შედარება შეცდომაში შემყვანია, მოსახლეობისა და ამომრჩევლების დათვლის დროს მათ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიაა. საქსტატი ფაქტობრივ მცხოვრებლებს, მუდმივ მოსახლეობას ითვლის, მათ შორის სტატისტიკაში ხვდებიან უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც 1 წელია, საქართველოში იმყოფებიან და აქ დარჩენას აპირებენ. ამის საპირისპიროდ, ცესკო ყველა ლეგალურ ამომრჩეველს ითვლის. ცესკოს მონაცემებში შედიან ემიგრანტებიც, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, განსხვავებით საქსტატისგან. დეტალებს, თუ როგორ ითვლიან ცესკო და საქსტატი მოსახლეობის რიცხოვნობასა და ამომრჩეველთა ოდენობას, ქვემოთ თავებში განვიხილავთ:
-
როგორ ითვლის საქსტატი მოსახლეობის რიცხოვნობას?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვარს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-ს შეადგენს. სწორედ ეს რიცხვია აღებული გამოქვეყნებულ ქარდში და, სხვადასხვა მონაცემის გამოკლების შემდეგ, ცესკოს მიერ დათვლილ რიცხვთან არის შედარებული. “მითების დეტექტორი” საკითხზე დეტალების გასარკვევად პაატა შავიშვილს, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, მონაცემები ერთმანეთს არ უნდა შედარდეს, რადგან დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებულია. საქსტატი ქვეყანაში ერთ წელზე მეტხანს მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ითვლის:
“არ უნდა შედარდეს ეს ორი მონაცემი ერთმანეთს – იმას სხვა მიზანი აქვს, იქ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაზეა საუბარი, რომელიც, შეიძლება, ცხოვრობდეს ქვეყანაში და შეიძლება ცხოვრობდეს უცხოეთში. შეიძლება ცხოვრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თქვენ თუ სხვა არჩევნებს შეხედავთ, მაშინაც ამომრჩეველთა რაოდენობა, დაახლოებით, ამ რიცხვის გარშემო ტრიალებდა.
ის განსხვავება ჩვენს რიცხვებსა და მათ შორის არის დათვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე – ჩვენ ვითვლით ქვეყანაში ერთ წელზე მეტხანს მცხოვრები ადამიანების რაოდენობას, რისი საფუძველიც არის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ამას ემატება შობადობა, აკლდება გარდაცვალება, ამასთან ერთად, აკლდება ემიგრანტები და ემატება იმიგრანტები და, საერთო ჯამში, ვიღებთ ამ რიცხვს – 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, არის 3 694 000. ამათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის საერთოდ სხვა რიცხვია”.
-
როგორ ითვლის ცესკო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას?
“მითების დეტექტორი” იმ დეტალების გასარკვევად, თუ როგორ ანგარიშდება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და მიზანშეწონილია თუ არა რიცხვის საქსტატის მონაცემებთან შედარება, ცესკოს პრესსპიკერს, ნათია იოსელიანს დაუკავშირდა. იოსელიანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქსტატი საქართველოში აღწერას ახორციელებს, ცესკო მონაცემებს ათამდე უწყებიდან იღებს და ამუშავებს. მისივე თქმით, ცესკოს, კანონმდებლობის მიხედვით, საქსტატი მონაცემებს არ აწვდის:
ცესკოს მონაცემებს იღებს:
- სერვისების განვითარების სააგენტოსგან მონაცემთა ბაზაში იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან კონკრეტულ მისამართზე და არჩევნების დღეს ან არჩევნების დღემდე უსრულდებათ 18 წელი.
- მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისგან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რათა გარდაცვლილი ამომრჩეველი სიაში აღარ იყოს.
- ჯანდაცვის სამინისტროსგან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ.
- საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არიან საკონსულო აღრიცხვაზე.
- იუსტიციის სამინისტროსგან იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სასჯელს მძმე დანაშაულის გამო იხდიან – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
- შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცესკო იღებს ინფორმაციას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქვთ საზღვრის კვეთა და ასეთ ამომრჩევლებს ერთიანი სიის ფაქტობრივ მდგომარეობაში ეწერებათ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ.
ნათია იოსელიანი განმარტავს, რომ ეს უწყებების სრული ჩამონათვალი არ არის. ხაზგასასმელია, რომ ცესკოს სიაში ხვდებიან ის ემიგრანტები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არიან – 2024 წელს საზღვარგარეთ ასეთი 95 910 ადამიანი იყო, თუმცა, ემიგრანტების რაოდენობა ამაზე ბევრად მეტია.
“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი რომ აღინიშნოს – მაგალითად, ჩვენ ამ არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ 95 910 არის ასეთი ამომრჩეველი. თუმცა, რა თქმა უნდა ამაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეიძლება იმყოფებოდეს საზღვარგარეთ. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საკონსულო აღრიცხვა, თუ აღრიცხვა არ აქვთ, მიუხედავად ამისა, ვაძლევთ შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ ჩვენ მიერ გახსნილ უბნებზე გაიარონ მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის რეგისტრაცია. შეიძლება, ჰქონდეთ საკონსულო აღრიცხვა და რეგისტრაცია საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, მაგრამ მონაცემები არ გადმოგვიგზავნოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ – კანონდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ შესაბამის სახელმწიფოში არ არის 50-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე, იქ ვერ ვხსნით საარჩევნო უბანს. ასევე, თუ მოქალაქეს საერთოდ არ აქვს საკონსულო აღრიცხვა და არც საარჩევნო რეგისტრაციას არ გაივლიან, იქ შეიძლება შეიქმნას კიდეც უბანი, მაგრამ თუ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, სიაში არ მოხვდება. უამრავი ასეთი კრიტერიუმი არსებობს.
საქსტატისა და ცესკო-ს მიერ შედგენილი მონაცემები აბსოლუტურად სხვადასხვაა – საქსტატი აღწერს მოსახლეობას საქართველოში, ცესკო კი ამომრჩეველთა ერთიან სიას ადგენს საარჩევნო მიზნებისთვის შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის შედეგად”. – გვეუბნება ნათია იოსელიანი.
შესაბამისად, საქსტატი ითვლის ქვეყანაში იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც საქართველოში ერთ წელზე მეტია, ცხოვრობენ. ამ მონაცემებში ემიგრანტები არ იგულისხმებიან, მაშინ, როცესაც ემიგრაცია ცესკოს მიერ შედგენილ ამომრჩეველთა რაოდენობაში შედის. ცესკოს მონაცემებში, დათვლის მიდგომის მიხედვით, მოხვდებიან ემიგრაციაში მყოფი ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული, თუმცა ისინი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვში (მოსახლეობის რიცხოვნობა) არ შედიან, რადგან ბოლო 1 წელია, ქვეყანაში არ იმყოფებიან.