22 სექტემბერს ანონიმურმა ანგარიშმა “მიხეილ განუბაჟებელი”, ასევე სხვა ფეისბუქ მომხმარებელმა და ფეისბუქ გვერდმა “ძალა სიმართლეშია” გამოაქვეყნეს “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას ვიდეო, რომელშიც ის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” სტუდიაშია და სანქციების შესახებ საუბრობს. გავრცელებულ ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს: “ამ განკარგულების მიხედვით, მარტივად რომ ავუხსნათ მაყურებელს, შავ სიაში ხვდებიან ხუთი კატეგორიის პირები. პირველი: ეს არის ხალხი ან ორგანიზაციები, რომლებიც კიბერაქტივობებში არიან ჩართული ან დეზინფორმაციას ავრცელებენ, დეზინფორმაციულ კამპანიას ავრცელებენ. ჩვენც ვხვდებით, სხვათა შორის…” ვიდეოდან აღიქმება, თითქოს ნატა ქაჯაია ამბობს, რომ მათი ტელევიზია დეზინფორმაციულ კამპანიაშია ჩართული.
“ტვ პირველის” ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეოებში აღარ ჩანს ნატა ქაჯაიას საუბრის გაგრძელება და სრული კონტექსტი. სრულ ეპიზოდში ჟურნალისტი ამბობს, რომ სანქციების დასაწესებლად შემუშავებული ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთში, ამერიკის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და მავნე კიბერაქტივობებში საქართველოს ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტებიც არიან ჩართული და მათაც ეხებათ. შესაბამისად, ციტატის ნაწილი “ჩვენც ვხვდებით, სხვათა შორის” მიემართებოდა საქართველოს შემთხვევას, კონკრეტულად კი საქართველოს ხელისუფლებას.
21 სექტემბერს გადაცემა (დრო: 1:28:00) “ნოდარ მელაძის შაბათში” ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ და წამყვანმა, ნოდარ მელაძემ, სიუჟეტის გასვლამდე, სტუდიაში ისაუბრეს ამერიკის მიერ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების ცნობაზე. შესავალში ნოდარ მელაძე “ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახსენებს და ამბობს, რომ ბაიდენის გუნდმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
სტუდიაში ნატა ქაჯაიას შემოსვლისთანავე ნოდარ მელაძე ჟურნალისტს ეკითხება: “რის საფუძველზე გადაწყვიტა აშშ-მა ივანიშვილის სანქცირება, ანუ რა დაედება ამ ყველაფერს საფუძვლად? ფაქტია, რომ დოკუმენტი უკვე მზად არის და ერთი ხელის მოწერაა საკმარისი ყველაფერი ამოქმედდება.” საუბარს ნატა ქაჯაიაც “ამერიკის ხმის” სტატიით იწყებს (1:30:00) და განმარტავს, რომ ივანიშვილი, შესაძლოა, ჯო ბაიდენის N14024 განკარგულების საფუძველზე დასანქცირდეს. აღნიშნული განკარგულება კი განსაზღვრავს ხუთ პრინციპს, რომელთა დარღვევის შემდეგაც პირი ან ორგანიზაცია შეიძლება დასანქცირდეს. ჟურნალისტი ამ პუნქტებს ჩამოთვლის და განიხილავს რომელი მათგანის დარღვევას შეიძლება ედავებოდეს შტატები ბიძინა ივანიშვილს.
ნატა ქაჯაია პირველ პუნქტად ასახელებს შტატების საზიანოდ კიბერაქტივობებში და დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობას და ამბობს, რომ ამ პუნქტში “ჩვენც ვხვდებით”, ფრაზას კი აგრძელებს: “ჩვენი ხელისუფლება და მათი პროპაგანდისტები ნამდვილად ხვდებიან ამ სიაში, პირველ პუნქტში”. ჟურნალისტის საუბრის პარალელურად, ნოდარ მელაძე ამბობს: “ქართული ხელისუფლების ნარატივი არის ტყუილი, ტყუილი, ტყუილი…” ეპიზოდის სრულად მოსმენით ჩანს, რომ ნატა ქაჯაია არ ამბობს, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში თავად მონაწილეობენ, ამის საპირისპიროდ, ის განიხილავდა სანქციის დაწესების წინაპირობად განსაზღვრული ხუთი პუნქტიდან რომლის დარღვევას დაუდასტურებენ ბიძინა ივანიშვილს. აღნიშნულს ისიც ამტკიცებს, რომ როდესაც ჟურნალისტი შემდგომ პუნქტებზე, კერძოდ, რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ მოქმედებასა და რუსეთის ოკუპაციის ანდა უკრაინაში აგრესიის მხარდაჭერის შესახებ საუბრობს, ამბობს: “ეს პუნქტიც ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ერგება”.
ამდენად, ნატა ქაჯაია არ აღიარებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაშია ჩართული. ის ნოდარ მელაძესთან ერთად განიხილავს, ჯო ბაიდენის განკარგულება N14024-ის მიხედვით, პოტენციურად სანქციების გამომწვევ რომელ პუნქტებს არღვევს ბიძინა ივანიშვილი. სრული ვიდეოს ნახვით ჩანს, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრისას ფრაზაში “ჩვენც ვხვდებით, სხვათა შორის…” ჟურნალისტი გულისხმობს, რომ ეს სწორედ ის პუნქტია, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტები არღვევენ.
რა ვიცით შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე?
ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა, რასაც ხელი შეუწყო “ამერიკის ხმის” მიერ 20 სექტემბერს გამოქვეყნებულმა სტატიამ – “შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა”. სტატიაზე მუშაობისას ჟურნალისტ ანი ჩხიკვაძეს ოთხი რესპონდენტი ანონიმურობის პირობის დაცვით ესაუბრა. ჩხიკვაძის თქმით, მისი ორი წყარო ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირია, ხოლო დანარჩენი ორი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი. ანონიმური წყარო “ამერიკის ხმასთან” ამბობს: “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის.” ბიძინა ივანიშვილის სანქციების პაკეტი ჯო ბაიდენის განკარგულება N14024-ის საფუძველზეა შემუშავებული. წყაროს თქმით, სანქციების დასაწესებლად, ადმინისტრაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ სანქციების ობიექტის ქმედებებმა “კანონიერი ბარიერი გადალახა”. აღნიშნული განკარგულება საქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის, ვინც:
- ჩართულია მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში;
- ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში;
- მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა;
- პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.
პოლიტიკოსებთან ერთად, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების ჟურნალისტებზეც ხშირად ვრცელდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თუ ვიზუალური მასალა. მათ “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
წყაროს შესახებ:
ანგარიში “მიხეილ განუბაჟებელი” ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტებისა შესახებ ცნუ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.