12 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “Morganne C Samaya” გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: “გავრცელდა საიდუმლო კადრები ამერიკის არმიიდან. ქართველო ბიჭებო თავი შორს არმიისგან! ოჯახი დაიცავით! ოჯახია თქვენი ქვეყანა”. ვიდეოში ჩანს ჯარისკაცები, რომლებსაც რამდენიმე ნემსს უკეთებენ, ხოლო ორი მათგანი შეუძლოდ ხდება. კადრებს თან ერთვის პოსტის ავტორის ხმაც, სადაც ის აღნიშნავს რომ ეს ხდება ამერიკის არმიაში, აცრები იწვევს მათი ჯანმრთელობის დაზიანებას და იქ ჯარისკაცებს არაადამიანურად ეპყრობიან.
პოსტი, რომლის მიხედვითაც, გავრცელდა კადრები, თუ როგორ ხდებიან ამერიკელი ჯარისკაცები აცრების შედეგად ავად, ვიდეომანიპულაციას შეიცავს. ორიგინალ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალწვეული აცრის გაკეთებამდე, სისხლის ანალიზის აღების პროცედურის შემდეგ არის შეუძლოდ, მეორე კი ინიექციის მომენტშივე ცუდად ხდება, რაც შესაძლოა ნემსის ჩხვლეტის რეაქციით ყოფილიყო გამოწვეული. ასევე, აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად ამერიკის საჰაერო ძალებში ირიცხება და თავს კარგად გრძნობს.
პოსტის ავტორის მტკიცების მიუხედავად, აღნიშნული ვიდეო საიდუმლო კადრებს არ წარმოადგენს, რეალურად ის იუთუბ და ფეისბუქ გვერდებზე 2021 წლის ნოემბერში თავად ამერიკის საჰაერო ძალების რეკრუტირების სამსახურმა გამოაქვეყნა. გავრცელებული კადრები 2019 წელს არის გადაღებული და ის 8 ნაწილიან დოკუმენტურ ფილმში გხვდება, რომელიც ახალწვეულების თავდაპირველ, ძირითად სამხედრო სწავლებას ასახავს. გავრცელებული ვიდეო დოკუმენტური ფილმის მესამე ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მანიპულაციურად გავრცელებულ ვიდეო ნაწყვეტებში ზოგიერთი კადრი გადანაცვლებულია. მის საპირისპიროდ, ორიგინალ ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც თავს ვერ იკავებს და კარს ეჯახება, იმ მომენტისთვის მხოლოდ სისხლის ანალიზი ჰქონდა აღებული და ვაქცინა მოგვიანებით გაიკეთა. ვიდეოს სრულ ვერსიაში, 13:37-დან 13:48 წუთამდე ჩანს, როგორ უღებენ მას სისხლის ანალიზს ვენიდან. 13:56-დან ის უკვე კედელთან დგას, ვენაზე საფენი უდევს და იწყებს ჩივილს, რომ თავს სუსტად გრძნობს. 14:18 წუთზე ქალი თავს ვეღარ იმაგრებს და კარს ეჯახება, რის შემდეგაც მას დახმარებას უწევენ. მხოლოდ ამის შემდეგ, 15:48 წუთზე ჩანს კადრები, სადაც აღნიშნული პიროვნება აცრას იკეთებს.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ფერადკანიანი ქალი, რომლის იდენტიფიცირებაც pimeyes-ის ხელსაწყოს მეშვეობით შევძელით, ატინუკ აინიბაა, რომელიც ვიდეოში თავს შეუძლოდ იგრძნობს მაშინვე, როგორც კი ნემსს გაუკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინების გვერდითი მოვლენების განვითარებას რამდენიმე წუთი მაინც სჭირდება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღნიშნული რეაქცია ვაქცინას გამოეწვია და ქალი შესაძლოა ამგვარად ნემსის ჩხვლეტაზე რეაგირებდეს.
მას შემდეგ რაც აინიბას უბრძანეს ძირს დაჯდომა და ზურგით კედელზე მიყუდება, მას კიდევ 2 ვაქცინა გაუკეთეს და ორიგინალ ვიდეოში ისმის, როგორ პირდება ერთ-ერთი ჯარისკაცი მას, რომ ინიექციის პროცესი მალე მორჩება.
როგორც 2023 წლის მარტში გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ატინუკ აინიბა თავს კარგად გრძნობს და იგი აშშ-ის საჰაერო ძალების 144-ე სამედიცინო რაზმში ირიცხება.

ვაქცინების გაკეთება ამერიკის ჯარში მომსახურე პერსონალისათვის სავალდებულო პროცედურაა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შექმნა 17 ვაქცინის სია, რომელთაგან 9 ყველა ახალწვეულისათვის ძირითადი სამხედრო სწავლების დაწყებამდე სავალდებულოა და 8 მათგანის საჭიროება განისაზღვრება იმით, თუ რომელ ქვეყანასა თუ რეგიონში მსახურობს ჯარისკაცი. ყველასთვის სავალდებულო ვაქცინების სიაში შედის: ადენოვირუსი, ა ჰეპატიტი, ბ ჰეპატიტი, ინფლუენზა (გრიპი), წწყ(წითელა, წითურა, ყბაყურა), მენინგოკოკი; პოლიო; ტეტანუს-დიფტერია, ვარიცელა. ხოლო დანარჩენი 8 ვაქცინაა: ანტრაქსი, B ტიპის ჰემოფილუს გრიპი, იაპონური ენცეფალიტი, პნევმოკოკი, ცოფი, ყვავილი, Ტიფის ცხელება და ყვითელი ცხელება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.