2019 წლის 20 თებერვალს ინტერნეტ-გამოცემამ „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “შოტლანდიაში ტრანსგენდერმა კაცმა, რომელიც თავს ქალად აცხადებს, საზოგადოებრივ ტუალეტში 10 წლის გოგოს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ მოსამართლემ ის გაათავისუფლა”. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ერთი თვის წინ იგივე პირმა საზოგადოებრივ ტუალეტში 12 წლის გოგოს ფოტო გადაუღო, მაგრამ მოსამართლემ ის მაშინაც გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ ამერიკული ინტერნეტგამოცემა “Breitbart”-ია მითითებული.
“ალტ-ინფოს” სტატია მანიპულაციურია, ვინაიდან მასში არაფერია ნათქვამი იმ გარემოებების შესახებ, რომ ტრანსგენდერ ქალს აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრეს.
“ალტ-ინფოს” სტატიაში მოყვანილი ფაქტები რამდენიმე უცხოურმა მედია საშუალებამ, მათ შორის “The Courier”-მა გააშუქა.
როგორც სასამარლთო პროცესზე გაირკვა, 18 წლის ტრანსგენდერი ქალი ქეითი დოლატოვსკი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო 3 წლის ასაკიდან სოციალური მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. დოლატოვსკიმ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მართალია, შერიფმა ჯეიმს უილიამსონმა, ტრანსგენდერ ქალს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა არ შეუფარდა, მაგრამ მას შემაკავებელი ორდერით ბავშვებთან მიახლოება აეკრძალა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაეკისრა. ამასთან, სამართალდამცველები დოლატოვსკის ქცევას ელექტრონული მოწყობილობით დააკვირდებიან.
ამდენად, ალტ-ინფო შოტლანდიაში მომხდარ ფაქტს მანიპულაციურად აშუქებს, რითაც მკითხველს შთაბეჭდილებას უქნის, თითქოს ტრანსგენდერი ქალი სასჯელის გარეშე გაათავისუფლეს.
მითების დეტექტორის ლაბორატორია