3 ივნისს ფეისბუქ-გვერდმა Agli Hietin გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს ფეხის სოკოს დავადებასა და ახალ პრეპარატზე “Сила Пчелы” რომელიც ადამიანებს მისგან განკურნებაში ეხმარება. რაქვიაშვილი ხალხს მოუწოდებს, გადავიდნენ ბმულზე, სადაც მარტივად შეძლებენ რეგისტრაციას და წამლის შეძენას. აღსანიშნავია, რომ გვერდს ვიდეო დარეკლამებული აქვს, პოსტის ნახვა კი მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში არის შესაძლებელი.
რეკლამაზე თანდართულ ბმულს გადავყავართ სტატიაზე, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ განიკურნენ ადამიანები აღნიშნული პრეპარატით ფრჩხილის სოკოვანი დაავადებისგან მოკლე ვადაში. სტატიაში ნათქვამია, რომ წამალმა ჩინეთსა და საქართველოში კლინიკური კვლევები წარმატებით გაიარა და მისი მიღება აშშ-შიც სურთ. ასევე, მოყვანილია ექიმის ციტატა, რომელიც, ავტორების მტკიცებით, ქართველი ექიმი, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო წიგნების ავტორი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსეი ნოვიკოვია. სტატიის მიხედვით, წამლის შეძენა აფთიაქებში არ არის შესაძლებელი და მწარმოებელი მას ქარხნიდან ყიდის, რათა თავიდან აირიდოს აფთიაქების მიერ ფასის მატება. მომხმარებელს სთავაზობენ, აირჩიონ სასურველი ფერის კარი და მიიღონ 80%-მდე ფასდაკლება, ხოლო შემდეგ საიტზე პირადი მონაცემები შეიყვანონ.
სოციალურ ქსელში ალექსანდრე რაქვიაშვილის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, აღნიშნული ვიდეოზე დართული ხმა AI ტექნოლოგიით არის დამუშავებული. ინფორმაცია, რომ ვიდეო გაყალბებულია, პარტია “გირჩშიც” დაგვიდასტურეს. ექიმი, რომლის მოსაზრებაც სტატიაშია მოყვანილი, არა ჯანდაცვის სამინისტროს ქართველი ექსპერტი, არამედ რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვია. პოსტი და თანდართული ბმული თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.
ალექსანდრე რაქვიაშვილის ვიდეო
ვიდეო, რომელშიც “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოკოს სამკურნალო პრეპარატზე საუბრობს, AI ტექნოლოგიით არის დამუშავებული. რეალურად, რაქვიაშვილს აღნიშნულ პრეპარატზე მედიასთან ან საჯაროდ არ უსაუბრია. ინფორმაცია, რომ ვიდეო გაყალბებულია, დაგვიდასტურეს პარტიაშიც. გარდა ამისა, აღასანიშნავია, რომ ვიდეოს ეტყობა დამუშავების კვალი – მაგალითად, პირის მოძრაობა არაბუნებრივია და ხმას არ ემთხვევა. ასევე, ტექსტში დაშვებულია შეცომები, რაც წინადადებების ნაწილის შინაარსს გაურკვეველს ხდის – ეს მიანიშნებს, რომ ტექსტი მექანიკურ თარგმანს წარმოადგენს.
თაღლითური პოსტი და ვებ-საიტი
პოსტი, სტატია და თანდართული ბმულები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ვებ-საიტზე გადასვლის შემდეგ ვკითხულობთ, რომ წამალს მწარმოებელი მხოლოდ ქარხნიდან ყიდის, რათა “თავიდან აირიდოს აფთიაქების მოგება”. გარდა ამისა, მომხმარებელს სთხოვენ, შეიყვანოს მისი პირადი მონაცემები – ქვეყანა, სახელი და ტელეფონის ნომერი, რათა პრეპარატი “Сила Пчелы” 70 ლარად იყიდონ, 350 ლარის ნაცვლად. მოანცემების შეყვანის შემდეგ საიტზე გამოდის შეტყობინება, რომ მათ დაუკავშირდებიან.
პრეპარატი “Сила Пчелы” რუსეთში, კომპანია “ЗДОРОВ-ის” მიერ წარმოებული წამალია. ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ მის შექმნაში ქართველმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა ან წამლის მიღება აშშ-ში სურთ. აღსანიშნავია, რომ თაღლითურ სტატიაში მოცემული მტკიცების მიუხედავად, ოფიციალურ ვებ-საიტზე აღნიშნულია მრავალი რუსული აფთიაქი, რომელშიც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება. გარდა ამისა, საიტზე მითითებულია, რომ რუსეთში ჰყავთ მრავალი პარტნიორი, რომლებიც მომხმარებელებს წამალს აწვდიან.
ვებ-საიტი, რომელსაც სტატია აქვს გამოქვეყნებული, DomainTools-ის საშუალებით გადავამოწმეთ. მონაცემების მიხედვით, ის 2023 წლის 17 ოქტომბერს არის შექმნილი.
სტატიაში ფოტოზე გამოსახული ექიმი ქართველი არ არის
სტატიაში საუბარია ქართველ ექიმ ალექსეი ნოვიკოვზე, რომელიც წამლის შესახებ საუბრობს. თუმცა, ფოტოზე გამოსახული პირი ქართველი ექიმი ან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი ექსპერტი არ არის. რეალურად, ფოტოზე ვხედავთ რუს ექიმ ალექსანდრ მიასნიკოვს. მის შესახებ ინფორმაციის მოძიება რუსულენოვანი წყაროებით არის შესაძლებელი (1;2)
რუსი ექიმის, ალექსადრ მიასნიკოვის მიერ გავრცელებული დაუსაბუთებელი მტკიცებები ვაქცინების შესახებ “მითების დეტექტორმა” 2020 წელს გადაამოწმა.
ფეისბუქ-გვერდი Agli Hietin
ფეისბუქ-გვერდი Agli Hietin 2024 წლის 12 მაისს არის შექმნილი. გვერდის შესახებ ინფორმაციის განყოფილებაში მითითებულია, რომ ის ღობეების მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნის. გარდა ამისა, მონაცემების მიხედვით, ფეისბუქ-გვერდი უკრაინიდან იმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრე რაქვიაშვილის ვიდეოს ნახვა მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში გადასვლით არის შესაძლებელი.
სოციალურ ქსელში ცნობილი სახეებისა და თანამდებობის პირების ვიდეოების გამოყენებით, ასევე, გაყალბებული სტატიების საშუალებით თაღლითური პოსტები ხშირად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” მრავალი მსგავსი პოსტი გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება
- ზურაბიშვილის ვიდეოფაბრიკაციით „სოკარის“ შესახებ მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
- მედიების სახელით “სოკარის” ყალბ საინვესტიციო პლატფორმაზე თაღლითური ინფორმაციავრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სალოემ ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტივრცელდება
- ახლადშექმნილი FB გვერდი ხვიჩა კვარაცხელიასა და “სოკარის” სახელით თაღლითურ პოსტსავრცელებს
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და გიორგი გაბუნიას სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და კახა კალაძის სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და Ambebi.ge-ს სახელით მორიგი თაღლითური პოსტი
მარიამ ჯაჭვაძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.