29 ნოემბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ანგარიშებმა Xaxutaishvili Irma და რამაზ მარგველაშვილი, ასევე მუსიკოსმა თემურ თათარაშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ საინფორმაციო ბარათები გაავრცელეს. ხახუტაიშვილმა და თათარაშვილმა საინფორმაციო ბარათი მედია “მთავარის” ლოგოთი გამოაქვეყნეს, რომელზეც წერია: “ალეკო ელისაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.” რამაზ მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბარათზე ასევე “მთავარის” ლოგოა და ელისაშვილის ადვოკატის შემდეგი ციტატა წერია: “ალეკოს გამპრავებლებს მოგიტ@ანთ დედის ტრაკი კამასუტრას ყველა პოზაში. მე მისი ადვოკატი ვარ და მაგიტომ ვიცავ.”

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული საინფორმაციო ბარათები გაყალბებულია. ის “მთავარს” არ ეკუთვნის. გაყალბებულია ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ციტატაც. ის ღია წყაროებში არ იძებნება და არც “მთავარს” გაუვრცელებია.
“მთავარის” სოციალური მედიის გვერდებზე (1;2) არ იძებნება საინფორმაციო ბარათები, სადაც პოლიტიკოსი “პუტინის პირად პატიმრად” არის მოხსენიებული ან ადვოკატი პოლიტიკოსის შესახებ უარყოფითად საუბრობს. 29 ოქტომბრის დილას “მთავარმა” პოლიტიკოსის დაკავების შესახებ საინფორმაციო ბარათი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: “ალეკო ელისაშვილი დააკავეს.” სავარაუდოა, რომ სწორედ ეს ფოტო და პოსტი გამოიყენეს “მთავარის” საინფორმაციო ბარათის გასაყალბებლად.
აღსანიშნავია, რომ “მთავარის” ე.წ. ქარდი თავდაპირველად რამაზ მარგველაშვილმა თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა, თუმცა მიუთითა, რომ პოსტის შინაარსი სატირული იყო.

იმავე დღეს “მთავარმა” საინფორმაციო ბარათის სახით ელისაშვილის ადვოკატის ციტატაც გაავრცელა. განცხადებაში გიორგი რეხვიაშვილი საუბრობს პოლიტიკოსის მიზნებსა და მოტივზე, თუმცა ელისაშვილის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას არ აყენებს. სავარაუდოა, რომ მისი ციტატის გაყალბებისთვის “მთავარის” 29 ნოემბრის საინფორმაციო ბარათი გამოიყენეს. გარდა ციტატის გაყალბებისა, რამაზ მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირი ჩართვიდან მოჭრილ კადრსაც ვხედავთ, რეალურ საინფორმაციო ბარათზე კი ელისაშვილი პოლიციელებთან ერთად ჩანს.

რეალური და გაყალბებული საინფორმაციო ბარათების ერთმანეთისგან გარჩევა ვიზუალურ მახასიათებლებზე დაკვირვებითაც შეიძლება. მაგალითად, მათზე ინფორმაცია განსხვავებული შრიფტითაა დატანილი, რაც ადასტურებს, რომ ფოტოები “მთავარს” არ ეკუთვნის.

29 ნოემბერს ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით პოლიტიკოსის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას მუხლი შეუცვალეს და “ტერორისტული აქტის” მცდელობას ედავებიან. ადვოკატის თანახმად, პოლიტიკოსი “ქმედებას აღიარებს, თუმცა თუმცა ის არ მიიჩნევს, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შემცველი.” 1 დეკემბერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისთვის წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















