ალბანეთის AI მინისტრის დაკავებაზე ინფორმაციის პირველწყარო სატირული ვებ-საიტია 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

AI-მინისტრი
194
VIEWS

5 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე მთავარმა არხმა, ტელეკომპანია იმედმა და სხვა მედიასაშუალებებმა: კომერსანტი, OnGo, PrimeTime, CityNews, კოლხურ-იბერიული ორდენი, Live News Georgia,  ალბანეთში დანიშნული პირველი AI მინისტრის დაკავების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი ცნობით, ადგილობრივმა მედია NewsBar-მა დაწერა, რომ AI მინისტრი “დიელა”, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებზეა პასუხისმგებელი, 1,3 მილიონი ევროს ღირებულების 14 ბიტკოინის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.  

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა ქართულ  (1;2;3) და რუსლენოვანი (1;2;3;4) ფეისბუქ მომხმარებლებიც.  

ინფორმაცია, თითქოს მსოფლიოში პირველი AI მინისტრი ქრთამის აღების გამო დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციის პირველწყარო ხორვატიული სატირული პორტალი NewsBar-ია, რომელიც იუმორისტულ სტატიებს ავრცელებს საკუთარ ვებ-საიტსა და სოციალურ ქსელებში. 

რა წერია სატირულ გამოცემა NewsBar-ის პორტალზე

4 დეკემბერს ხორვატიულმა სატირულმა პორტალმა NewsBar-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ალბანეთის პირველი AI მინისტრის, “დიელას” დაკავების შესახებ ეწერა. იუმორისტულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ დიელამ 14 ბიტკოინის ოდენობის ქრთამი აიღო მაგისტრალის ტენდერის “ალგორითმის ოპტიმიზაციისთვის”, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრება. NewsBar-ის ცნობით, დანაშაულის აღმოჩენისთანავე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა პროკურატურამ (SPAK) გასცა ბრძანება მინისტრის თანამდებობაზე დანიშნული პირველი ხელოვნური ინტელექტის “დაუყოვნებლივ შეჩერებისა“ და ე.წ “ოფლაინ რეჟიმში“ გადასვლის შესახებ.

სატირული გამოცემა ასევე იუწყება, რომ ხარვეზი დისკის რუტინული დეფრაგმენტაციის დროს შენიშნეს, როდესაც სისტემამ აღმოაჩინა “C:/System/Win32/Fiskalna_Optimizacija_Za_Crne_Dane” სახელწოდების ფარული დანაყოფი. 

NewsBar-ის ცნობით, გამოძიებამ აჩვენა, რომ “დიელამ”, მანქანური სწავლების (ღრმა სწავლების) გამოყენებით, დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ქრთამის აღება ბალკანეთში მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის “სტანდარტული ოპერაციული პროტოკოლია“ და არა სისხლის სამართლის დანაშაული. 

სტატიის თანახმად, პროკურორები აცხადებენ, რომ დიელას განზრახული ჰქონდა კრიპტოვალუტის გამოყენება თვითგანახლებებისთვის, მათ შორის, უკანონო გადატვირთვის პროგრამული უზრუნველყოფისა და მასიური ოფშორული შენახვისთვის, “მარადიული მინისტრის“ სტატუსის მოპოვების მიზნით.

სატირული გამოცემა წერს, რომ მანამ, სანამ საქმე არ გადაწყდება და დიელას სისტემა ხელახლა არ იქნება ფორმატირებული, მის მინისტრის მოვალეობებს ძველი Casio კალკულატორი შეასრულებს, რომელიც ნაკლებად ტექნიკურად გამართულად, მაგრამ “მორალურად უფრო სტაბილურად“ ითვლება. 

AI მინისტრი
წყარო:  NewsBar

“დიელა” არ დაუკავებიათ

12 დეკემბრის მონაცემებით, ალბანეთის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური პროკურატურის  (SPAK) ვებგვერდზე არ მოიძებნება ინფორმაცია AI მინისტრის დაკავებისა ან რაიმე ბრალეულობის შესახებ,  ხოლო ალბანეთის ელექტრონული მმართველობის e-Albania-ს ვებგვერდზე AI მინისტრი “დიელას” გამოსახულება ისევ ჩნდება. 

AI მინისტრი
სქრინშოტი e-Albania-ს ვებ-გვერდიდან

თავად NewsBar სატირული პორტალია, სადაც გამოგონილი, იუმორისტული ამბები ქვეყნდება. ინფორმაცია მის სატირულ ბუნებაზე მითითებულია ვებ-გვერდის გამოყენების პირობებში (Terms of Use). 

AI მინისტრი
სქრინშოტი NewsBar-ის ვებგვერდიდან

ამ იუმორისტულ პორტალს ასევე აქვს გვერდები სოციალურ ქსელებში, სადაც აღწერაში მიწერილია “იუმორი/სატირა”.

AI მინისტრი
სქრინშოთი NewsBar.hr-ის ინსტაგრამის გვერდიდან

AI მინისტრი
სქრინშოთი NewsBar-ის X-ის ანგარიშიდან

სტატიას თან ერთვის ფოტო, სადაც თითქოს AI მინისტრს პოლიციელები აკავებენ. ფოტოს წყაროდ Gptty Images/NewsBar-ია მითითებული, რაც Getty Images-ს გამოყენების ილუზიას ქმნის. Getty Images მსხვილი გლობალური ვიზუალური მედიის კომპანიაა, რომელიც ლიცენზირებულ მაღალი ხარისხის, საავტორო უფლებებით დაცულ ფოტოებს ქმნის.

AI მინისტრი
სქრინშოტი NewsBar-ის ვებგვერდიდან

თავად NewsBar-საც ვებგვერდზე გამოყენების პირობების განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული ან შეცვლილი.

AI მინისტრი
სქრინშოტი NewsBar-ის ვებგვერდიდან

არქივის ლინკები: 1,2,3,4,5,6,7,8


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ალბანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist