13-19 დეკემბერს ფეისბუქზე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორი მტკიცება გავრცელდა. 13 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სირიის მომავლის შესახებ საუბრობს. თანდართულ აღწერაში ვკითხულობთ, რომ სირიას ახლა ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდა მართავს და ის სუნიტი მუსლიმების დომინაციას მოითხოვს. 16 დეკემბერს “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთი თურქეთის შემადგენლობაში გადავა. 19 დეკემბერს ამავე თემაზე ერდოღანის გამოსვლის ნაწყვეტიც გავრცელდა. ვიდეოს დართული აქვს რუსული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, სირიული ქალაქები ალეპო, იდლიბი, ჰამა, დამასკო და რაკა თურქული პროვინციები გახდება. პოსტის ავტორის მტკიცებით, ერდოღანი სირიის მიერთებით “დიდი თურქეთის” გაფართოებას იწყებს და შესაძლოა რიგში შემდეგი საქართველოც იყოს.
ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები მანიპულაციურ მტკიცებას და გაყალბებულ ვიდეოს შეიცავს: 1. მტკიცება, რომ სირიას დღეს ალ-კაიდა მართავს, მანიპულაციურია. სირიის ტერიტორიაზე გავლენას რამდენიმე ძალა, მათ შორის, სირიელი ამბოხებულების არაერთი ჯგუფი, ქურთული შეიარაღებული ძალები და “სირიის ეროვნული არმია” ინაწილებენ. მათგან ალ-კაიდასთან წარსულში ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის წინამორბედი ორგანიზაცია თანამშრომლობდა. დღესდღეობით, რამდენად მჭიდროა კავშირი ამ ორ ორგანიზაციას შორის, უცნობია. 2. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიდეოს არასწორი თარგმანი აქვს დართული. თურქეთის პრეზიდენტი სირიის ქალაქების მიერთებაზე არ საუბრობდა, არამედ თურქეთისა და სირიის სიახლოვის საილუსტრაციოდ პირველი მსოფლიო ომის ალტერნატიული შედეგებით დასრულების მაგალითი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ზოგიერთი სირიული ქალაქი თურქეთის შემადგენლობაში მოქცეულიყო. ერდოღანს სირიის ტერიტორიის თურქეთთან მიერთების სურვილი განცხადებებში არ გამოუხატავს, თუმცა აღსანიშნავია WSJ-ის სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ თურქეთი შესაძლოა სირიაში ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდეს.
-
ვინ აკონტროლებს სირიას?
გავრცელებულ პოსტებში ვხვდებით მტკიცებას, რომ დღეს სირიას “უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-კაიდა” აკონტროლებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს დევნის და ავიწროებს. ეს მტკიცება მანიპულაციურია და სირიაში არსებულ ვითარებას ობიექტურად არ ასახავს.
27 ნოემბერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებმა სამთავრობო ძალებს ქალაქ ალეპოში შეუტიეს და მომდევნო ორი კვირის მანძილზე მიყოლებით დაიკავეს სირიის რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი, სანამ 8 დეკემბერს ასადის რეჟიმი დამარცხებულად არ გამოცხადდა.
აღნიშნული მოძრაობის სათავეში ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი ედგა. დაჯგუფების სათავეები სირიის სამოქალაქო ომის დასაწყისში უნდა ვეძებოთ. 2011 წელს შეიქმნა ალ-კაიდასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფება ჯაბჰათ ალ-ნუსრა. 2016 წელს ორგანიზაციის ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ მისი დაშლის და ახალი ორგანიზაციის – ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამის შექმნის შესახებ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ალ-ჯულანის ეს გადაწყვეტილება ალ-კაიდას ლიდერ აიმან ალ-ზავაჰირისთან არ შეუთანხმებია, რამაც ორგანიზაციებს შორის დაძაბულობა წარმოშვა. 2017 წელს დაჯგუფება სხვა რამდენიმე ჯგუფთან გაერთიანდა და თანამედროვე სახელი და სახე მიიღო. ალ-ზავაჰირიმ ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა და ორგანიზაცია რამდენიმე წევრმა დატოვა. ამის შემდეგ, დაჯგუფება პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი მოძრაობა, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ მასსა და ალ-კაიდას შორის კომუნიკაცია შენარჩუნებულია.
ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი რამდენიმე დაჯგუფებასთან ერთად დღეს სირიის დასავლეთ რეგიონებს აკონტროლებს და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავლენის ქონისაგან საკმაოდ შორსაა. სირიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი “სირიის ეროვნული არმია” აკონტროლებს, ჩრდილო-აღმოსავლეთი ქურთებს, ხოლო სამხრეთის ნაწილი აჯანყებულების კოალიცია “სამხრეთ ოპერაციების შტაბს” უჭირავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დასუსტებული ისლამური სახელმწიფოს ძალების გაძლიერებაცაა მოსალოდნელი.
შესაბამისად, მტკიცება, რომ სირიას დღეს ალ-კაიდა აკონტროლებს მანიპულაციურია და მიზნად ისახავს ქვეყანაში ასადის რეჟიმის დამხობა და რუსეთის გავლენების შემცირება უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს.
-
რა თქვა რეალურად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა?
ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების ნაწილში გვხვდება მტკიცება, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში გადავა. ერთ-ერთ პოსტს ვიდეოც აქვს დართული, რომელშიც, თარგმანის მიხედვით, ერდოღანი სირიული ქალაქების თურქულ პროვინციებად გადაქცევის პირობას აჟღერებს.
გავრცელებული ვიდეო 13 დეკემბერს თურქეთის ქალაქ საქარიაში გამართული “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” კონგრესზე პრეზიდენტი ერდოღანის გამოსვლას ასახავს. თანდართული რუსულენოვანი თარგმანი არაზუსტია და გამოსვლის შინაარსს მანიპულაციურად წარმოაჩენს.
გამოსვლაში ერდოღანი სირიის საკითხს შეეხო და თურქეთის მიერ სირიის ოპოზიციის დახმარების მოწინააღმდეგეები გააკრიტიკა. იმის საილუსტრაციოდ, რომ სირიის საკითხი თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, ერდოღანმა პირველი მსოფლიო ომის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ ომის შემდეგ სხვაგვარ პირობებზე შეთანხმებით, სირიის ზოგი ქალაქი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩენილიყო და რადგან ეს ასე არ მოხდა, არ ნიშნავს, რომ თურქეთმა ამ ტერიტორიასთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაწყვიტოს.
ამავე გამოსვლაში ერდოღანმა თურქეთის მიზნებად “ტერორისტული ორგანიზაციებისა და დამპყრობლებისგან სირიის ტერიტორიის გაწმენდა” და მშვიდობის დამყარება დაასახელა, რათა თურქეთში მცხოვრებ სირიელ ლტოლვილებს სურვილის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნება შეეძლოთ.
არც ამ გამოსვლაში და არც სხვა საჯარო განცხადებებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის ტერიტორიის თურქეთისთვის შეერთების სურვილი არ გამოუხატავს. ერთადერთი, რაც ღია წყაროებში ამ საკითხზე იძებნება, WSJ-ის სტატიაა, სადაც, აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, წერია, რომ ვაშინგტონი ღელავს, რადგან, შესაძლოა თურქეთი სირიის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიან სამხედრო შეჭრას გეგმავდეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.