30 სექტემბრიდან დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-ანგარიშები მამუკა ქარჩხაძე და Elena West, ასევე სხვა რუსულენოვანი ანგარიშები (1;2;3;4) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის საჯარო სკოლებში მუსიკის გაკვეთილები აიკრძალა, რადგან მუსიკა ისლამში “ჰარამად”, ცოდვად ითვლება და მისი იძულებით სწავლება ისლამოფობიად მიიჩნევა. პოსტებს დართული აქვს გერმანულენოვანი საინფორმაციო რეპორტაჟი სათაურით – “მუსლიმები თანაკლასელებს ემუქრებიან”.


გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰამბურგის სკოლებში მუსიკის გაკვეთილები ისლამური ნორმების საფუძველზე აიკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, გამოქვეყნებული სიუჟეტი ეხებოდა ჰამბურგის სკოლებში რელიგიური მოტივით წარმოშობილ დაპირისპირებას, თუმცა მასში საჯარო სკოლებში მუსიკის გაკვეთილების აკრძალვის შესახებ საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული მტკიცება არც სხვა ღია და საჯარო წყაროებით არ დასტურდება.
მუსიკის გაკვეთილების აკრძალვასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული მტკიცება 2025 წლის 29 სექტემბერს, სოციალურ ქსელ X-ზე ვირუსულად გავრცელდა, შემდეგ კი ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს. პოსტის ავტორის მტკიცებით, ჰამბურგის საჯარო სკოლებში მუსიკის გაკვეთილები აიკრძალა, რადგან ის “ჰარამად” ითვლება და იძულებით სწავლება ისლამოფობიად მიიჩნევა.

სქრინშოტი X-ზე გავრცელებული დეზინფორმაციიდან
სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები სიუჟეტი მედიასაშუალება WELT-ს ეკუთვნის და ის ივნისში გავრცელდა. სიუჟეტი შეეხებოდა რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებას ჰამბურგის სკოლებში. რეპორტაჟის მიხედვით, მუსლიმი მოსწავლეები თანაკლასელებს მუსიკის გაკვეთილებზე დასწრებას უკრძალავდნენ, რადგან ეს “ჰარამად”, აკრძალულად მიიჩნეოდა, თანაკლასელ გოგონებს კი ეუბნებოდნენ, რომ სკოლაში მათი ადგილი არ იყო. ამავდროულად, ადგილობრივმა გაზეთმა Hamburger Abendblatt-მა გაავრცელა ინფორმაცია მუსლიმის სტუდენტების მიერ თანაკლასელების მიმართ არსებულ მუქარაზე და შეურაცხყოფაზე – მათი ცნობით, არსებობს გარკვეული “რელიგიური ზეწოლა” ჩაცმულობასა და ქცევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტს ჰამბურგის კათოლიკური სკოლებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ჰამბურგი კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქია და მსგავსი კონფლიქტების კონსტრუქციულად და მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.

ჰამბურგის კათოლიკური სკოლების ერთობლივი განცხადება
ამგვარად, ჰამბურგში მუსიკის გაკვეთილები არ აუკრძალავთ, გავრცელებულ სიუჟეტში ამ საკითხზე საუბარი არ არის. აღნიშნული ფაქტი უარყო ჰამბურგის განათლების ადმინისტრაციამ და EuroVerify-სთან კომენტარში განაცხადა, რომ “მუსიკა ჰამბურგის ყველა სკოლაში ისწავლება, ეს ასე იყო და მისი შეცვლის გეგმები არ არსებობს”. ამავდროულად, ჰამბურგის განათლების საბჭოს ვებ-გვერდზე მუსიკა სკოლებში შესასწავლ საგნად კვლავ მითითებულია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















